ობიექტივის მიღმა: ბრიუს დევიდსონი

,,It’s not about what it looks like, it’s about what it feels like.“

ბრიუს დევიდსონი ამერიკელი ფოტოგრაფია, რომლის შემოქმედება ადრეული პერიოდიდანვე დოკუმენტურად ასახავდა შეერთებული შტატების სოციალურ კლიმატს. მისი ფოტოები გამორჩეულია საზოგადოებისგან გარიყული ადამიანებისა და მიჩქმალული თემების ზედაპირზე ამოწევით, მათ ცხოვრებაში შეღწევითა და იქ განცდილი რეალური ემოციების აღბეჭდვით. თავისი მოღვაწეობის ადრეულ პერიოდში ის ირჩევდა ადამიანებს, რომლებიც იყვნენ უჩვეულო და საზოგადოებისგან იზოლირებულნი. სწორედ ასე გადაიღო მან თავისი შემოქმედების ყველაზე ცნობილი ფოტო-ესეების: ჯუჯა კლოუნის, ნიუ-იორკის მეტროს, ჰარლემის, ბრუკლინის თინეიჯერთა ბანდისა და სხვა დივერსიული და კონტრკულტურული ჯგუფების – დოკუმენტური კადრები. დევიდსონი თავისი შემოქმედებით გამოხატავს სურვილს – დააკვირდეს, გაიგოს და გამოავლინოს ადამიანებისა და მათი გარემოცვის ურთიერთკავშირი.

დევიდსონმა კარიერის დასაწყისშივე უარყო ფოტოგრაფიისადმი ტრადიციული, ობიექტური მიდგომა. მან ჩამოაყალიბა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ის იმ კონკრეტული ჯგუფისა და საზოგადოების ნაწილი ხდებოდა, რომელსაც ობიექტივში აქცევდა. ფოტოგრაფი ღრმა ურთიერთობაში შედიოდა ადამიანებთან, რომლებიც, როგორც წესი, მტრულად არიან განწყობილნი უცხო პირების მიმართ. ბრიუსი თვეებსა და წლებს ანდომებდა ამ ადამიანებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებას, მათი ნდობის მოპოვებას. შემდეგ კი მათთან ერთად ცხოვრობდა, იზიარებდა მათ ემოციებს, მათსავით უხაროდა და განიცდიდა.  სწორედ იქ განცდილისა და დანახულის ორგანულად გადმოცემა არის ის, რაც დევიდსონის ფოტოებს უნიკალურობას ანიჭებს და ძლიერ ემოციურ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ბევრად მარტივია ამ სამყაროში შეღწევა, ვიდრე მისი დატოვება.

ბრიუსი ფოტოგრაფიით 10 წლიდან დაინტერესდა. ამ სფეროსთან პირველ კავშირს ის თავის მეგობარს, სემ ნიკოლსს, უკავშირებს. როგორც თავად ყვება, მან ბრიუსი ლილისფერი შუქით განათებულ სარდაფში ჩაიყვანა და ქაღალდის ნაჭერი ,,წყლით“ სავსე ნიჟარაში ჩააგდო, რის შემდეგაც სურათი გამოჩნდა. დევიდსონი ამბობს, რომ არაფრისგან შექმნილი გამოსახულების შედეგად მიღებული ემოცია წარუშლელი აღმოჩნდა და დღესაც კი, თავის ნამუშევრებზე მუშაობისას, იგივე ,,მაგიურობის“ განცდა ეუფლება.

როჩესტერის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტსა და იელის უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ ფოტოგრაფი აშშ-ს ჯარში გაიწვიეს. არმია იმ დროს საფრანგეთში, პარიზთან იყო დაბანაკებული. სწორედ აქ შეხვდა დევიდსონი მაგნუმის ფოტო სააგენტოს ერთ-ერთ დამფუძნებელს, ,,კომპოზიციის მამად“ წოდებულ ჰენრი კარტიე ბრესონს, რომელმაც ახალბედა ფოტოგრაფი სააგენტოში მიიწვია. როგორც ამბობენ, მისმა მენტორობამ ხანგრძლივი გავლენა იქონია დევიდსონის შემოქმედებაზე.

 

Circus

ბრიუს დევიდსონი 1958 წელს კლაის ბიტის ცირკს ესტუმრა, სადაც ის მაგნუმის სურათების ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა, სემ ჰოლმსმა, მიიწვია. ფოტოები, რომლებიც ამ პერიოდში გადაიღო მისი შემოქმედების ერთ-ერთ ყველაზე მნშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. მან შავ-თეთრი ქრონიკით აღბეჭდა ცირკი, ამერიკული კულტურის ფენომენი, რომელიც იმ დროს უკვე სიკვდილის პირას იყო.

როგორც ჰოლმსი ყვება, იმ პერიოდში ბრიუს დევიდსონს არ ჰქონდა მედიის აკრედიტაცია, თუმცა მისი ტაქტი და ურთიერთობის მანერა იმდენად დახვეწილი იყო, რომ ადამინების ნდობისა და შესვლის თანხმობის მოპოვება თავად შეძლო.

Credits to Magnum Photos

დევიდსონი მოხვდა ცირკის უკანა ეზოში, იმ ადგილას, სადაც მსახიობები ცხოვრობდნენ. მისი ყურადღება მაშინვე მიიპყრო სცენის უკან არსებულმა ყოველდღიური ცხოვრების სცენებმა, თუ როგორ რეცხავდნენ მსახიობები სარეცხს, მიირთმევდნენ, იკეთებდნენ მაკიაჟს და შემდეგ ელოდებოდნენ თავიანთი გასვლის რიგს. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსი ძირითადად ამერიკული ცირკის ყველაზე ცნობილ ფიგურებს იღებდა, სწორედ ეს ყოველდღიური, ადამიანური მომენტები იყო ის, რამაც მისი ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია.

Credits to Magnum Photos

როგორც თავად ამბობს, იქ ყოფნის პერიოდში დევიდსონზე არავის მოუხდენია ისეთი ღრმა გავლენა, როგორც ჯიმი არმსტრონგს, ჯუჯა კლოუნს, კლაიდ ბიტის ცირკიდან. ,,ის მარტო იდგა კარვის გარეთ და სიგარეტს ეწეოდა“ – აღწერს დევიდსონი არმსტრონგის პირველად ნახვის ეპიზოდს. ბრიუსი ყვება, რომ სმოკინგში გამოწყობილს, ქაღალდის ყვავილების პატარა თაიგული ეჭირა და ფიქრებში ჩაფლული იდგა. დევიდსონი მას მიუახლოვდა და სურათების გადაღება დაიწყო. თავიდანვე, როგორც ფოტოგრაფი ამბობს, ჯიმმა თითქოს იცოდა, რომ ის, რაც მას იზიდავდა, იყო მისი შინაგანი მდგომარეობა და არა კლოუნის სახე, ან მისი გარეგნობა. დევიდსონის თქმით, თითოეულ შემთხვევაში, მთავარი არის ის ადამიანობა, რომელიც აღემატება სხეულებრივ სტიგმას.

Credits to Magnum Photos

ჯიმი იყო ის ადამიანი, რომელმაც ბრუსს მეგზურობა გაუწია ცირკის სამყაროში და ასევე, ნება მისცა, მის პირად ცხოვრებაშიც შეეღწია, მისი თვალიდან დაენახა სამყარო. ,,ჩვენ დავმეგობრდით, თუმცა იშვიათად ველაპარაკებოდით ერთმანეთს“, იხსენებს დევიდსონი. როგორც ამბობენ, მათ შორის იყო გამოუთქმელი კავშირი – ერთმანეთთან ყოფნისა და ურთიერთობის კმაყოფილება, რომელსაც ზედმეტი სიტყვები არ სჭირდებოდა. სწორედ ამ უნიკალური ურთიერთობის შედეგია ის განსაკუთრებული კადრები, რომლებზეც აღბეჭდილია ჯიმის ემოციური მდგომარეობა, განცდები, განსხვავებული გარეგნობის გამო სხვა ადამიანების დამოკიდებულებისგან გამოწვეული უხერხულობა.

,,ჯიმში ვიპოვე რაღაც, რაც მარტოობაზე მეტი იყო. ეს იყო გადარჩენის ამბავი“ – ამბობს დევიდსონი.

Credits to Magnum Photos

 

Brooklyn Gang

1959 წელს 25 წლის ბრიუს დევიდსონმა შეიტყო ნიუ-იორკის თინეიჯერთა დაჯგუფებების შესახებ და შეუდგა ამ საკითხის კვლევას. მას სურდა შეეღწია ამ დაჯგუფებაში და გადმოეცა იქ დანახული რეალური სურათი და განცდილი ემოცია. ბრიუსი ამ გაუცხოებული ახალგაზრდული კულტურის ყოველდღიური დამკვირვებელი და გადამღები გახდა – ,,I’m an outsider on the inside.”

როგორც დევიდსონი ყვება, იმ პერიოდში ნიუ-იორკში ახალგაზრდული დაჯგუფებების ბრძოლა მიმდინარეობდა. ვინაიდან თვითონაც ახალგაზრდა იყო, თინეიჯერები მისგან საფრთხეს არ გრძნობდნენ, პირიქით, ენდობოდნენ კიდეც.  ფოტოგრაფი ამბობს, რომ ის ყოველდღე დადიოდა ბრუკლინში. დევიდსონი თინეიჯერებს იმდენად დაუახლოვდა, რომ ისინი მას მათთან ერთად ყოფნის უფლებას აძლევდნენ. მისი თქმით, თინეიჯერები იყვნენ ღარიბი, მოწყენილი, დეპრესიული, მაგრამ სიცოცხლით სავსე ახალგაზრდები. მათ განსაკუთრებით მოსწონდათ ის ფაქტი, რომ დევიდსონი მათ მის მიერ გადაღებულ ფოტოებს უზიარებდა – ,,მათ სჭირდებოდათ ფოტოები, რომ დაენახათ საკუთარი თავი და აღექვათ ის არსებულ რეალობაში.“

Credits to Magnum Photos

დევიდსონი თინეიჯერებში ხედავდა უნიკალურობას. როგორც ის ამბობს, ეს არის უნივერსალური იდეა და ყველა თინეიჯერში არის რაღაც, რაც თითოეულ ადამიანს შეუძლია, იგრძნოს – იქნება ეს იზოლაციის, დეპრესიის თუ სიცოცხლის განცდა.

 

East 100th Street

როგორც ამბობენ, ჰარლემი იყო ადგილი, სადაც ერთმანეთს ერწყმოდა ნიუ-იორკის არაპრივილეგირებული ჯგუფების ტანჯვა და დიდი მიღწევები. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბემ და ჩაგვრამ ჰარლემის ქუჩები დაიპყრო, სწორედ აქ ჩამოყალიბდა სამოქალაქო უფლებების მოძრაობა და დაიწყო აფრო-ამერიკული კულტურის რენესანსი. აქ აღმოცენდა პატარა ისტორიები და დიდი იდეები, რომლებმაც შეარყია და ჩამოაყალიბა ამერიკული იდენტობა. ბრუს დევიდსონმა ამ სამყაროს პირველად თვალი 1950-იან წლებში მოჰკრა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ათ წელზე მეტი გავიდა, სანამ ფარულ სამყაროში თავისი კამერით შევიდოდა.

Credits to Magnum Photos

ადამიანების მიმართ ბრიუს დევიდსონის დახვეწილი მიდგომები მის სასარგებლოდ მუშაობდა. New York Times-თან ინტერვიუში ის ამბობს, რომ ის, როგორც ფოტოგრაფი, ერთი შეხედვით, უხილავი იყო – ,,მე ვიყავი ჩრდილი.“

East 100th Street (1966-68) იყო შოკისმომგვრელი კვლევა სიღარიბისა და დისკრიმინაციის შესახებ, რომელსაც მოჰყვა ნიუ-იორკის მეტროს გამოძიება  (1980-85), მორიგი დელიკატური ფოტო სერია ამერიკულ სუბკულტურაზე.

1970 წელს East 100th Street-ის გამოქვეყნების შემდეგ, კრიტიკოსებს შორის აზრები ორად გაიყო. ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ დევიდსონის მიერ გადაღებული ჰარლემი ,,ძალიან ცუდად“ გამოიყურებოდა, სხვები კი ამტკიცებდნენ, რომ მან ის საკმარისად ცუდად არ აჩვენა. თუმცა, მილდრედ ფელიციანოს, აქტივისტისა და ჰარლემის მკვიდრის, თქმით, ბრიუს დევიდსონის ფოტოებმა მათი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა. როგორც ფელიციანო აღნიშნავს, ეს ფოტოები არა მხოლოდ ისტორიული ხასიათისაა, არამედ მათი საზოგადოების აღდგენასა და ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა, რადგან ამ ფოტოებმა ასახა ის რეალობა, თუ როგორ უჭირდა ხალხს.

Credits to Magnum Photos

 

 

Subway

1980-იან წლებში ბრიუს დევიდსონის მიერ გადაღებული ნიუ-იორკის მეტროს ფოტოები ეპოქის განმსაზღვრელი სერიაა, რომელიც ასევე ასახავს ფოტოგრაფის გადასვლას შავ-თეთრი ქრონიკებიდან ფერად ფოტოებზე.

იმ პერიოდის ნიუ-იორკის მეტროს სისტემა, როგორც აღწერენ, იყო საზიზღარი, ჭუჭყიანი, საშიში. მეტრო სავსე იყო მოძალადე ბანდებით, რომელთა მსხვერპლიც თვითონ ფოტოგრაფიც გახდა. თუმცა დევიდსონმა ამ მტრულ ლანდშაფტში აღმოაჩინა ფერის მომხიბვლელი ესთეტიკურობა. ეს ფოტოები ასახავენ ნიუ-იორკის მეტროს უნიკალურ ატმოსფეროს, არსებულ სიტუაციებს და იქ მყოფი ადამიანების პორტრეტებს. ,,ამან [იქ არსებულმა სიტუაციამ] მომცა მიმართულება, რომ დოკუმენტურად გადამეღო მეტრო და ის სხვანაირად, ლამაზად დამენახა. ამან მომცა ინსპირაცია. ვამბობდი, რომ ეს ყველაფერი იაპონურ ნახატს ჰგავდა.“

დევიდსონი ამბობს, რომ მას სურდა მეტროს ბნელ და უპიროვნო რეალობაში დაენახა და გამოესახა ადამიანების ინდივიდუალიზმი, მათი შიგანაგნი სამყარო.

როგორც დევიდსონი აღნიშნავს, ის ერთგვარი მკვლევარია, რომელიც სხვადასხვა სამყაროში შედის და ეს პროცესი დროს მოითხოვს. “Look, I’m kind of an explorer, I’m entering a world and it takes time.”

USA. New York City. 1980. Subway.

 

ფოტოგრაფია დაუსრულებელი ძიების პროცესია – ,,დიდ დროს მართმევს ძიების პროცესი, რომ ვიპოვო ის, რასაც კონკრეტულად ვეძებ.“ ბრიუსის თქმით, მისთვის ფოტოგრაფია ყოველთვის იყო ცხოვრების გამოსაცდელი გზა. დევიდსონი თავის შემოქმედებას აღწერს, როგორც მცდელობას, იპოვოს საკუთარი ადგილი სამყაროში. სხვა სიტყვებით, როგორც თავად ამბობს, ფოტოგრაფია ერთგვარი სარკეა.