“წლები”: წიგნი პერსონალურ და კოლექტიურ გამოცდილებაზე.

იქამდე, სანამ ანი ერნოს შვედური აკადემია ლიტერატურის ჟანრში ნობელით დააჯილდოებდა, ბევრს მიაჩნდა, რომ მისი მაგნუმ ოპუსი – „წლები“, ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ იმსახურებდა საერთაშორისო აღიარებას. წიგნი მოგვითხრობს ისტორიას, რომელიც 1940 წელს, ავტორის დაბადებიდან, 2006 წლამდე პერიოდში ვითარდება.

„წლები“  შედგენილია მწერლის 12 ფოტოსურათის მიხედვით და გვიზიარებს იმ მოგონებებსა თუ განცდებს, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ავტორის ცხოვრებაში.  გარდა პერსონალური ნოტისა, ის ეხება ეპოქისთვის დამახასიათებელ მოვლენებს, ავტორებსა და კადრებს, რომლებმაც გამოძერწა თანამედროვე სამყარო.

რადგან ერნო პირად გამოცდილებას ეყრდობა, ჩვენც შეგვიძლია თვალი ვადევნოთ ავტორის ზრდასა და განვითარებას – ნორმანდიულ მუშათა კლასის ოჯახში დაბადებას, ფრანგული ლიტერატურის მასწავლებლად ყოფნის წლებს, პარიზის გარეუბან სერჟიში ცხოვრებას, ორი ვაჟის აღზრდასა და, რა თქმა უნდა, განქორწინებით დაგვირგვინებას.

ამის მიუხედავად, წიგნი მკაფიოდ ავტობიოგრაფიული არ არის,  ავტორი მოხერხებულად აბუნდოვნებს რეალობასა და ფიქციას შორის ზღვარს, თხრობის მესამე პირში გადაყვანით. მაგრამ, მთავარი მახასიათებელი ისაა, რომ ხშირად ერნო მრავლობით ფორმაშიც იწყებს საუბარს და იყენებს ნაცვალსახელს – “ჩვენ”. ამიტომ ავტორი გვიჩვენებს, რომ წერა შესაძლოა, არა მხოლოდ  პერსონალური, არამედ კოლექტიური თვალსაწიერიდანაც. ეს გულისხმობს, რომ ერნოს ამბავი მხოლოდ მას არ ეკუთვნის და ყვება მთელი თავისი თაობის ისტორიას, თან ამას ისე ახერხებს, რომ უკანასკნელ ორს ერთმანეთში არ ურევს.

წიგნი მოიცავს ყველაფერს – ავტორის მემუარებს, ისტორიულ მოვლენებს, პოპულარული კულტურის ასპექტებს, სლენგს, კულტურის ტრანსფორმაციას. ჩვენ გამოვცდით ალჟირის ომს, შევხვდებით სარტს, დე ბოვუარს, ედით პიაფს, გავეცნობით პირველ 1968 წლის Pro-choice მოძრაობას,  ბირთვულ საფრთხეს, კონსუმერიზმის აფეთქებას, უმუშევრობას, იმიგრაციას, ტექნოლოგიურ პროგრესს. ერნო ახერხებს ეს მოვლენები თანდათან, პასაჟ-პასაჟ მოგვითხროს და მთლიანი სურათი შეგვიქმნას იმის, თუ როგორ ვითარდებოდა ფრანგული საზოგადოება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

ცალკე უნდა შევეხოთ წიგნს ფემინისტური იდეოლოგიის კუთხითაც. ნაცვალსახელ „ჩვენს“ ერნო პირველ რიგში იმიტომ იყენებს, რომ გვაზიაროს ქალების გამოცდილებას და გაგვაცნოს ის ცვლილებები, რომელიც მათ ცხოვრებაში ქალთა მოძრაობამ შეიტანა. პირველ რიგში, ეს ეხება აბორტის უფლებებს. 1980-იან წლებში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ის დოგმები, რომლებიც ქალებს კარნახობდა თუ რა ასაკი იყო ოპტიმალური შვილის გასაჩენად, ან უნდოდათ თუ არა საერთოდ კი შვილების გაჩენა, იქნებ სულაც ქორწინების გარეშე სურდათ ყოლოდათ შვილი.  ერნო სწორედ ამ ფემინისტური ტალღის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც იბრძოდა ქალური ღირსებისა და არჩევნის ავტონომიისათვის.

წიგნში ავტორი უნივერსიტეტის დასრულების შემგდეგ მალევე გადაწყვეტს დაქორწინებას, შვილების გაჩენასა და მალევე მიადგება განქორწინების საკითხსაც. მაგრამ სწორედ ეს აძლევს ავტორს იმის საშუალებას, რომ პირველად გამოსცადოს დამოუკიდებლობა და გადაეშვას რამდენიმე ამაღელვებელ სასიყვარულო ურთიერთობაში, რისი გამოცდის საშუალებაც, როგორც ახალგაზრდას, არ ჰქონდა. აქვე ვხვდებით, რომ „წლები“ არ არის მხოლოდ წიგნის, სათაური, რომელიც გავლილ დროზე მოგვითხრობს, არამედ „წლები“ არის ის რასაც მოაქვს სიახლე, ცვლილება და ეს უკანასკნელი ორი უმნიშვნელოვანესი იყო ქალებისათვის, რადგან შესაძლებლობა მიეცათ ინდიფერენტული გამხდარიყვნენ იმის მიმართ, თუ რას მოითხოვდა მათგან სოციალურად კონსტრუირებული საზოგადოებრივი მორალი და უფლება მიეცათ საკუთარი თავისათვის დაეწყოთ ახალი თავგადასავლები.

იქამდე სანამ ნობელის პრიზს გადასცემდნენ, ანი ერნოს მადლობა გადაუხადეს „გამბედაობისა და მიუკერძოებელი სიცხადისათვის“. მართლაც, ავტორი გამბედავია, რადგან მის წიგნებში ასახული თემატიკა უკიდურესად ადამიანურია – იქნება ეს ჩვენი სხეული, სექსუალობა, უთანასწორობა, სოციალური სტატუსი, ადამიანური სირცხვილი, დაავადებასთან თანმდევი სევდა, გარდაცვალება და სხვა. ერნო ეხება იმ საზოგადოებას, რომელიც მიდრეკილია გაყოს ყოველივე გენდერული და კლასობრივი ნიშნით და გვაჩვენებს, თუ როგორ ვლიდნება ჩამოთვლილი თემები მსგავს საზოგადოებაში.

ავტორის ოსტატობა სწორედ იმაშია, რომ თავადაც ისევე ადევნებს საკუთარი ცხოვრების განვლილ წლებს თვალს, როგორც ჩვენ – მესამე პირები. სწორედ ამიტომ, ძლიერია ნოსტალგიური ფონი და შეიმჩნევა ემპათია საკუთარი თავის მიმართ. ალბათ, ეს ემპათია სიმშვიდის მომტანი იქნება წლების შემდეგ თითოეული ჩვენგანისათვის, მაშინ როდესაც, საკუთარ წარსულ გზას თვალს შევავლებთ, ისევე, როგორც ეს ანი ერნომ გააკეთა.