მიმოწერაში დაკარგულები: ვიტა სეკვილ-უესტი და ვირჯინია ვულფი

უძილო ღამის კოშმარულ საათებში მე შენთვის დავწერე წერილი, მაგრამ ის სადღაც გაქრა… ამიტომაც, მინდა უბრალოდ გითხრა: მენატრები, საკმაოდ მარტივი სასოწარკვეთილი ადამიანური გზით. შენ, მთელი შენი გამოყვანილი ასოებით, არასოდეს დაწერდი ასეთ ელემენტარულ, სულელურ ფრაზას…  შენ მას ისეთი დახვეწილი რაიმით ჩაანაცვლებდი, სხვა მნიშვნელობებს შესძენდი, რეალობის განცდასაც კი დააკარგვინებდი… მაგრამ რაღა ვქნა, როცა ჩემთვის ახლა ეს ყველაფერი საკმაოდ მკვეთრი და ნამდვილია: იმაზე მეტად მენატრები, ვიდრე წარმოვიდგენდი; არადა, მეგონა, მზად ვიყავი შენს მოსანატრებლად... ” [ 21 იანვარი, 1926 წელი, ფრაგმეტნი ვიტა სეკვილ – უესტის წერილიდან, ადრესატი: ვირჯინია ვულფი ]

1922 წლის 14 დეკემბერს ვახშამზე ცნობილმა ინგლისელმა მწერალმა ვირჯინია ვულფმა ჰაროლდ ნიკოლსონის ცოლი, ვიტა სეკვილ- უესტი გაიცნო. იმავე საღამოს, ვულფის დღიურში ვიტა მოხსენიებულია, როგორც მშვენიერი და ნიჭიერი არისტოკრატი ქალი. და სწორედ ამ პირველი ჩანაწერის შემდეგ, 1941 წლამდე, ვულფის სიკვდილამდე, ვულფის კალამს არ დაუშურებია თბილი სიტყვები ვიტას მისამართით.

Monk’s House Photo Album 3, No. 93 (Harvard University library)

ჩვენ ძალიან ხშირად გვაინტერესებს ადამიანთა მიღწევები, თუმცაღა თითქმის არასდროს ვეძიებით იმ გზებს, რითიც ისინი იქამდე მივიდნენ. შედეგად ამისა, უამრავი ადამიანი თუ მოვლენა ისტორიის სქელი, მტვრიანი საბნის ქვეშ ექცევა. ვიტა სეკვილ-უესტი სწორედ ასეთი ფიგურაა – ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან რომ არა ის და მისი წერილები, ჩვენ დღეს ვირჯინია ვულფს ვერ გავიცნობდით.

” შენი წერილი ტრიესტიდან დღეს დილით მოვიდა, რატომ გგონია, რომ იმავეს არ ვგრძნობ? … დაიჯერებ, რომ გასულ სამშაბათს – ზუსტად ერთი კვირის წინ, წასვლის შემდეგ, ბლუმსბერის მივაშურე, მაგრამ ამანაც კი არ გამახალისა?!… და მას შემდეგ არაფერი მნიშვნელოვანი არ მომხდარა – რაღაცნაირად მოსაწყენია თითქოს ყოველივე და ნესტნარევი. მომენატრე. მენატრები. მომენატრები.[ვირჯინია, 26 იანვარი, 1926]

სეკვილ-უესტი თავადაც წერდა, ცნობილი იყო მრავალფეროვანი თავგადასავლებითა და ქარიზმით. იმ დღიდან, როდესაც მან ვირჯინია გაიცნო, ამ უკანასკნელთა შორის დიდი სიმპათია გაჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ სეკვილ-უესტი მეტი პოპულარობით სარგებლობდა, ის მაინც აღტაცებული იყო ვირჯინიას ნაწერებით: “მრცხვენია, როდესაც ჩემს ნაწერს შენსას ვადარებ, ვირჯინია”. დროთა განმავლობაში, დაახლოვდნენ და მეგობრობამ სხვა იერი შეიძინა, მათ სისტემატიური მიმოწერაც დაიწყეს.

” დიახ, დიახ, დიახ, მე მომწონხართ. მეშინია ამის სხვა სიტყვებით გადმოცემა…” [-ვირჯინიასგან, 8 თებერვალი, 1927]

შედეგად ამისა, ვიტა ის ადამიანი აღმოჩნდა, ვისშიც ვულფმა აღმოაჩინა უსაფრთხო სივრცე გრძნობების გამოხატვისა თუ პრობლემების დასაძლევად. ვირჯინია პირველად ალაპარაკდა იმაზე, რომ ბავშვობაში მასზე მისმა ნახევარძმამ იძალადა და წლების მერეც კი, ის ვერ იშუშებდა ამ იარას. სეკვილ-უესტი მას უანგაროდ დაეხმარა ამაში, რის შედეგადაც მათი საფრანგეთში მოგზაურობისას ვირჯინიამ სარკე იყიდა – ამ დროს, დიდი ხნის შემდეგ, მოხდა ისე, რომ მას სარკეში ჩახედვის აღარ ეშინოდა.

Photo: literaryladiesguide.com

ამასთანავე, ვიტა დაუღალავად შრომობდა ვირჯინიას თვითშეფასების ასამაღლებლად, უმეორებდა, რომ ის არ უნდა ემალებოდეს სამყაროს, როგორც ავადმყოფობისკენ მიდრეკილი ადამიანი, როგორადაც აღწერდნენ მას. სწორედ ამიტომ, ვიტამ ეჭვი შეიტანა და მიაჩნდა, რომ ვულფს არასწორი დიაგნოზი დაუსვეს. [ ვულფს პატარა ასაკიდანვე ძლიერი შფოთვა აწუხებდა] ის დაეხმარა მას ნერვულ დაავადებებთან გამკლავებაში, ასწავლიდა თუ რა შეიძლებოდა ექნა ყურადღების გადასატანად. ერთ-ერთ ალტერნატივად სწორედ კითხვა, წერა და წიგნების მიმოხილვა შესთავაზა, რამაც თავის მხრივ, ძლიერი ზეგავლენა იქონია ვირჯინიას, როგორც მწერლის, ჩამოყალიბებაზე.

მიუხედავას იმისა, რომ ვულფები სიდუხჭირეს ვერ დაიკვეხნიდნენ, ვიტამ მათი ფინანსური მხარდაჭერაც ითავა და მათ გამომცემლობა “Hogarth Press”-სთან დაიწყო თანამშრომლობა. მართლაც, ვიტას ” The Edwardians ” დიდ წარმატებად იქცა, რადგან 30000-ზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა გამოსვლიდან პირველ 6 თვეს. მიღებულმა შემოსავალმა ვულფს მისცა შანსი მეტად ექსპერიმენტული ნაწარმოებების გამოეშვა, სწორედ ასე იხილა სინათლის სხივი მისმა “ტალღებმა”.

კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ პერიოდში ორივე ქალი პროდუქტიულობის ზენიტში იყო და ეს ერთიმეორეს ზეგავლენით იყო გამოწვეული. აღსანიშნავნია, ვულფის მაგნუმ ოპუსი “ორლანდო” [1928] სწორედ ვიტათია შთაგონებული, რის გამოც “ორლანდოს” აფასებენ, როგორც  “ყველაზე გრძელი და მომხიბვლელი სასიყვარულო წერილი ლიტერატურაში”. “ორლანდოში” ის ვიტას “იკვლევს, ქსოვს მას საუკუნეების მანძილზე, თამაშობს მასთან, აცმევს ბეწვს, მაქმანებსა თუ ზურმუხტებს, აცინებს, ეფლირტავება, ნისლის ფატას აფარებს ირგვლივ.”

სეკვილ-უესტის არყოფნა განსაკუთრებით რთული ხდებოდა მაშინ, როდესაც ის სამოგზაუროდ მიდიოდა. “გზა შუქურისკენ” [1927], რომელიც სწორედ ვინმეს არ ყოფნის თემითაა გამოკვეთილი, ნაწილობრივ შთაგონებულია ამ ფაქტით.

1935 წლისთვის მათი შეხედულებები ფემინიზმზე ვერ დაემთხვა, რაც საბოლოოდ დაშორების ერთ- ერთი მიზეზი გახდა, თუმცაღა ისინი ინარჩუნებდნენ მეგობრობრულ ურთიერთობას ვირჯინიას სიცოცხლის ბოლომდე.

” მე უბრალოდ შევწყვიტე შენთან საუბარი. ეს ისეთი უცნაურია. აქ იდეალური სიმშვიდეა, რომ შემეძლოს ახლა შენს ოთახში ყვავილებს დავდგამდი. 

რა შეიძლება ითქვას – გარდა იმისა, რომ მე შენ მიყვარხარ და უნდა ვიცხოვრო ამ უცნაური წყნარი საღამოს ფიქრით: რომ შენ შენს ოთახში მარტო უნდა იჯდე. 

ძვირფასო, მომეცი ნება, ვთქვა…

შენ მომანიჭე მე დიდი ბედნიერება.”

[ვირჯინიას წერილი ვიტას, 30 აგვისტო, 1940 წელი.]

ცხადია, რომ მათი პირველი შეხვედრის შემდეგ ვიტა სეკვილ-უესტი ის ადამიანი გახდა, ვინც ვირჯინიას დაეხმარა თვითგამოხატვაში, საკუთარი თავის პოვნასა და უბრალოდ უკეთ ყოფნაში, გახდა ის, ვინც ასეოდენ გვჭირდება ხოლმე ყველას. რომ არა იგი, იქნებოდა ვირჯინია ისეთი, როგორადაც ვიცნობთ?!…

დღეს, ნაწარმოებებში ფარულად გადმოცემული ემოციების გარდა, ჩვენ გვაქვს წერილები, სადაც ნათლად ვხედავთ, თუ როგორ ზრუნავენ ერთმანეთზე, თუ როგორ უფრთხილდებიან და იცავენ ისინი ამ უცნაურ განცდას, თუ როგორ იკარგება ორივე მწერალი ძლივსგამოთქმული სიტყვების ზვირთებში სამარადისოდ…

ვიტასნაირი ადამიანების სახელი კი დროის მძიმე ჩექმით არ უნდა იჩქმალებოდეს.