ავანგარდული ფოტოგრაფია – ფუტურიზმი და ბრაგალია

XX საუკუნის 10-იან წლებში ეროპული ხელოვნების რადიკალურმა ცვლილებამ გარკვეული მიმდინარეობების გაჩენა გამოიწვია, განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდებოდა ავანგარდისტული მიმდინარეობები, რომლებიც ხელოვნების ყველა დარგს მოიცავდნენ. ავანგარდიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა იტალიელი ფუტურისტი მხატვარი, კინორეჟისორი და ფოტოგრაფი ანტონ ჯულიო ბრაგალია, რომელიც 1890 წლის 11 თებერვალს დაიბადა. იგი იტალიური კინოს ერთ-ერთი პიონერის ფრანჩესკო ბრაგალიას შვილი იყო. 16 წლიდან ჩაერთო მამამისის კინოს საზოგადოებაში. ადრეულ ასაკში, კინოში მიღებული გამოცდილების გამო, მას ფოტოგრფიაში უკვე ჰქონდა გარკვეული საბაზისო პრაქტიკული ცოდნა. იგი გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. როგორც მის თანადროულ ხელოვანებს, განსაკუთრებით აინტერესებდა მოძრაობა და ამ პროცესის ფოტოზე აღბეჭდვას ცდილობდა. სწორედ ამიტომ, ფუტურისტი ხელოვანი უამრავ ფოტოგრაფიულ ექსპერიმენტს ატარებდა, იყენებდა სხვადასხვა ტექნიკასა და არა მარტო მხატვრულობის, არამედ მექანიკური პროცესის განვითარებაზეც მუშაობდა.

ფუტურისტი მხატვრები ფოტოგრაფიას, როგორც ხელოვნების დარგს, არ აღიარებდნენ, თუმცა ბრაგალია, მის მხარდამჭერებთან ჯუზეპე მარინეტთან და ჯაკომო ბალასთან ერთად, ფოტოგრაფიას აღიქვამდა, როგორც მრავალი შემოქმედებითი ასპექტის მქონე ხელოვნებას. „ჩვენ გვსურს ფოტოგრაფიის რევოლუციის გამოწვევა: ის უნდა გასუფთავდეს, გაკეთილშობილდეს და ნამდვილ ხელოვნებამდე ამაღლდეს.“ ბრაგალია თავისი გამოსვლებითა და მოხსენებებით ფოტოგრაფიის მხატვრობამდე აყვანას ცდილობდა.

ბრაგალიამ სიმულტანური ხილვების გადმოცემისთვის, ფოტოდინამიკური ფოტოების შექმნა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მათში იგი არა მარტო გამომსახველობით თეორიულ მომენტებზე მუშაობდა. 1911 წელს თავის ძმასთან, არტუროსთან ერთად ახალი ფუტურისტული მიმართულება „fotodinamismo futurista„ დააარსა.

სინათლის სხივის ხანგრძლივად არსებობა, რაც ნეგატივის დიდი ხნით გამჟღავნების გამო ხდებოდა, ფოტოსურათს ბუნდოვანს ხდიდა, სწორედ ამით აიხსნება ნაკლებად ფოკუსირებული, თითქოს, გადადღაბნილი ნამუშევრები. ერთ ზედაპირზე სხვადასხვა სტატიკურ პოზაში არსებული გამოასახულებები, მთლიანობაში დინამიურად აღიქმება, მოძრაობის ყველა მომენტი ერთდროულად არის ასახული. ბრაგილია მოძრაობის პროცესს ხანგრძლივად იღებს და გამოსახულების კვალს, როგორც ერთ მთლიანობას, ისე წარმოაჩენს. მარინეტის ცნობილ მანიფესტში ფუტურიზმის მთავარი პრინციპის შესახებ წერია, კარგად ჩანს ფუტურისტული, რევოლუციური განწყობა და მოძრაობის მნიშვნელობა მათ შემოქმედებაში: „მოძრაობაში მყოფი საგნები გამუდმებით მრავალფეროვნდებიან, დეფორმაციას განიცდიან, როგორც სივრცეში ვიბრირებადი საგნები, რომლებიც წინ მიიწევენ.“

ავანგარდი რენესანსული ხედვის რადიკალურად ამოტრიალებას გულისხმობს. ამ პერიოდში იცვლება კომპოზიციის აგების წესები, რადგან მნიშვნელოვანი ხდება არა რეალისტური, არსებულის ზუსტი ასახვა, არამედ ის, რაც ხილული სამყაროს მიღმაა. ხელოვანებს მხოლოდ რეალურის ასახვა არ აკმაყოფილებდათ. მათ სურდათ მოცემული რეალობის მიღმა არსებულ სამყაროსთან მიღწევა და მისი თვალხილულად ქცევა. სწორედ ამიტომ, იტალიელ ფუტურისტ ხელოვან ბრაგალიას არ აკმაყოფილებს მხოლოდ რეალურად არსებული კადრის აღბეჭდვა, მას სურს სტატიკური საგნის მოძრაობის ასახვა ერთ სურათზე.

1916 წელს ბრაგალიამ კინო სტუდია “Novissima” დააარსა, საიდანაც 3 პროექტის განხორციელების შემდეგ, მხოლოდ უკანასკნელი “Thais” შემორჩა, როგორც ერთადერთი ფუტურისტული ფილმი. ავანგარდისტმა ხელოვანმა, რომელმაც ფოტოგრაფიის ისტორიაში, ფუტურისტული მოძრაობის დამკვიდრებასა და აღბეჭდვაში დიდი როლი შეასრულა, მოგვიანებით კინოდან თეატრში გადაინაცვლა. იგი 1960 წლის 15 ივლისს გარდაიცვალა.

photo credits to bragaglia
photo credits to bragaglia
photo credits to bragaglia