აღმოაჩინე არტისტი: Pale Waves

Pale waves ბრიტანული ბენდია, რომლის ისტორია 2014 წელს მანჩესტერში იწყება. სწორედ მანჩესტერში უნივერსიტეტების გამოფენაზე შეხვდნენ ერთმანეთს დრამერი კირა დორანი და ვოკალისტი ჰეზერ ბარონ-გრეისი. მათ ერთად გადაწყვიტეს შეექმნათ ბენდი, რომელსაც “Creek“ უნდა რქმეოდა, მაგრამ საბოლოოდ ბენდს “Pale Waves” დაარქვეს, ჰეზერის ბებიის მიერ დახატული ნახატის გამო.

ბენდის საწყისი წლები მარტივი არ ყოფილა. 2015 წელს თავდაპირველმა გიტარისტმა და ბასისტმა ბენდი დატოვეს და ისინი ჰიუგო სილვანმა (გიტარა) და ჩარლი ვუდმა (ბასი), ბენდის ამჟამინდელმა წევრებმა ჩაანაცვლეს. ბენდს არ ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ალბომი გამოეშვათ, მაგრამ რამდენიმე სიმღერის დემო ვერსია ჩაწერეს, რამაც ახალი სტუდიის Dirty Hit-ის ყურადღება მიიქცია. სწორედ ამ ლეიბლთან გააფორმა 2017 წელს ბენდმა კონტრაქტი.

Pale Waves Put On A Show In Glitzy 'Clean' Video | uDiscover
Photo Credits to Pip (Courtesy of Inside/Out)

კონტრაქტი გარდამტეხი აღმოჩნდა Pale Waves-ის კარიერისთვის, რადგან, გარდა იმისა, რომ მოახერხეს ორი სიმღერის: „There’s Honey“ და „Television Romance”, გამოშვება, მათ ასევე საერთო ლეიბლის გამო ურთიერთობა ჰქონდათ პოპულარულ ბენდთან The 1975 და მის მთავარ ვოკალისტთან მეთი ჰილთან. მეთი ჰილის რეჟისორობით შეიქმნა „Television Romance”-ის ვიდეო კლიპი და The 1975-მა Pale Waves ჩრდილოეთ ამერიკის გარშემო ტურშიც დაიმგზავრა.

სამი სტუდიური ალბომის: My Mind Makes Noises (2018), Who Am I? (2021) და Unwanted (2022), განმავლობაში Pale Waves-ის მუსიკალური სტილი მუდმივად იცვლებოდა და ვითარდებოდა. პირველი სტუდიური ალბომის გამოშვებამდე ბარონ-გრეისმა თქვა, რომ თუ აქამდე გამოშვებული სიმღერების უმეტესობაზე დიდი გავლენა ჰქონდა რომანტიკულ ურთიერთობებს, ახალი ალბომის სიმღერებით ის უფრო მეტად მძიმე თემებს შეეხებოდა, ილაპარაკებდა იმაზე, რაც მის გონებაში ხდებოდა და არა გულში. ეს ყველაფერი მართალიც აღმოჩნდა, რადგან My Mind Makes Noises ეხება ისეთ თემებს როგორიცაა დეპრესია, სექსუალური ორიენტაცია და საკუთარი თავის მიღება. აღსანიშნავია, რომ ბენდის მეორე ალბომი უფრო ღრმად განიხილავს სექსუალური ორიენტაციის საკითხს. ეს ბენდისთვის მნიშვნელოვანი იყო, რადგან როგორც LGBTQ+ თემის წევრებს ჰეზერ ბარონ-გრეისსაც და კირა დორანსაც სურდათ ყოფილიყვნენ ხმა LGBTQ+ ადამინებისთვის.

Pale Waves' Heather Baron-Gracie Is Music's Reigning Queer Emo Queen |  Vanity Fair
Photo Credits to JORDAN CURTIS-HUGHES

გარდა მუსიკალური სტილისა Pale Waves ვიზუალური სტილითაც გამოირჩევა. მათ გარეგნობაში მუდმივად იგრძნობა ისეთი სუბკულტურების გავლენა, როგორიცაა პოპ-პანკი, გრანჯი, გლამ-როკი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ თუ ბენდი თავდაპირველად უფრო მეტად შავი ფერის სამოსისკენ და მაკიაჟისკენ იხრებოდა, ახლა მათ სამოსში უფრო მეტი ფერია, რაც, თავის მხრივ, 90-იანების გრანჯ სტილის გავლენას უკავშირდება. ბენდის წევრები აცხადებენ, რომ ნებისმიერი შესრულების წინ საკუთარ სამოსსაც და მაკიაჟსაც თავად არჩევენ.

ალბომიდან ალბომამდე ცვლილებისა და განვითარებისდა მიუხედავად, ბენდისთვის ერთი ასპექტი მაინც მუდმივად დამახასიათებელი რჩება: მელოდიური მუსიკა, რომელზეც თავისუფლად შეგიძლია იცეკვო, მაგრამ გულში ჩამწვდომი და დამაფიქრებელი ტექსტი. გთავაზობთ რამდენიმე სიმღერას, რომელიც, ჩემი აზრით, ბენდის სტილს ყველაზე კარგად გამოხატავს:

ბენდის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი: @palewaves

ბენდის ოფიციალური სპოთიფაი: Pale Waves

ბენდის ოფიციალური იუთუბ არხი: Pale Waves