მიაზაკის ანიმეებში გაერთიანებული აღმოსავლური კულტურა და ევროპული რომანტიზმი

იდეალიზაცია, ამაღლება, როგორც ესთეტიკური და ფილოსოფიური ცნება, ევროპული რომანტიზმის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ასპექტია. იდეოლოგია, რომელიც საბოლოოდ რომანტიზმმა დაამკვიდრა, ვითარდება ჯერ კიდევ გრეკო-რომანული ტრადიციების პირობებში და საუკუნეების განმავლობაში იცვლება, იძენს ადამიანურ, ემოციურ გამოცდილებას და საბოლოოდ ექცევა ექსპრესიული რომანტიზმის ჩარჩოში. მართალია, ეს რომანტიკული იდეები რეინკარნირდებოდა უამრავ ეპოქასა და მიმდინარეობაში, მაგრამ მხოლოდ რომანტიკოსი ხელოვანების ხელში მიაღწია იდეოლოგიამ ექსპრესიის ფენომენალურ სიმაღლეს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ევროპული რომანტიზმის იდეები თანამედროვეობაში ნათლად შეგვიძლია განვიხილოთ აღმოსავლური ხელოვნების პერსპექტივიდან.

დასავლური რომანტიზმისთვის დამახასიათებელი პეიზაჟი, სიუჟეტი, პერსონაჟი, ემოციები და იდეები ხორცშესხმულია მიაზაკის ანიმეებში. მისი შემოქმედება ხასიათდება მკაფიო შემოქმედებითი ფილოსოფიით, რომელიც გამოიხატება არა მხოლოდ პერსონაჟების ან თხრობის ნარატივით, არამედ სტუდია გიბლის უნიკალური ანიმაციის სტილითაც. ამ შემოქმედებითი ფილოსოფიისა და კრეატივის ცენტრშია მიაზაკის რომანტიკული იდეების ინტერპრეტაცია უამრავ დეტალში. მიაზაკის მომხიბვლელი ფილოსოფია, რა უხეშადაც არ უნდა ჟღერდეს, არ არის ორიგინალი, ის ღრმად შთაგონებულია ევროპული რომანტიზმის იდეებით. მიაზაკის მხატვრული და შემოქმედებითი გამოხატულება დახუნძლულია იმ მოტივებით, რაც მის ფილმოგრაფიას რომანტიზმის აპოლოგეტად აქცევს, ამრიგად ანიმატორი განასახიერებს რომანტიზმის სულისკვეთებას, ვიდრე ამ კონცეფციის რომელიმე ინტერპრეტაციას. შეუძლებელია რომანტიზმისთვის დამახასიათებელი ნებისმიერი დოგმატური დეტალი ვერ იპოვო მიაზაკის რომანტიკული, ესთეტიკური, მხატვრული და ფილოსოფიური ტრადიციებით ინსპირირებულ ფილმოგრაფიაში, იქნება ეს რომანტიკული გმირის ტრაგიკული, მარტოსული ცხოვრება, არარეალური პერსონაჟების პერსონიფიცირება და სიმბოლური დატვირთვა თუ ბუნების (სულიერი მდგომარეობის გამომხატველი) პეიზაჟები. მიაზაკის შემოქმედება წარმოადგენს რომანტიკული იდეალიზაციის და ამაღლების უნიკალურ ინტერპრეტაციას და აერთიანებს ინგლისურ და გერმანულ რომანტიზმს. მიაზაკის ამ კონცეფციის წარმოდგენა ძალიან თანამედროვეა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრად აღწერს რომანტიკული გმირის რჩეულობის ჯილდოსა თუ სასჯელს, ნატურალიზმს, ასევე ხაზგასასმელია ის სენტიმენტები, რომლებიც მიაზაკიმ შემოიტანა თავის ანიმეებში – ეს არის ფემინიზმი , რომელიც რეალურად ეწინააღმდეგება ბევრ რომანტიკულ იდეალს. უამრავ რომანტიკულ მწერალს , მაგალითად ბურკეს , იდეალიზაციისა და ამაღლების ღირსად მამაკაცები მიაჩნდა, მიაზაკისთვის კი სქესს მნიშვნელობა არ აქვს . ანიმეში რომანტიკული გმირის ცხოვრების ეტაპები, ერთი მხრივ, სრულიად მოქცეულია რომანტიზმის იდეოლოგიის ქვეშ, მაგრამ, მეორე მხრივ, ამსხვრევს წმინდა სტერეოტიპებს და განსაზღვრულია მიაზაკის შემოქმედებითი ფილოსოფიის ფარგლებში.

 

მიაზაკის კრეატიულ შემოქმედებას, ამდენად მიმზიდველს და საინტერესოს კიდევ ერთი რომანტიკული დეტალი ხდის. რა იქნებოდა ეს, თუ არა რომანტიზმისთვის დამახასიათებელი “ჯადოსნობა”, ლირიკული პერსონაჟისთვის მაგიური შესაძლებლობებისა და ძალაუფლების მინიჭება. ( მაგიური პასაჟები განსაკუთრებით დამახასიათებელია ინგლისური რომანტიზმისთვის).

Photo from the movie “Hawl’s moving castle”

მიაზაკის შემოქმედებაში უკვე ნახსენები ორი კონცეფცია სინონიმებს წარმოადგენს. მის მხატვრულ ფილოსოფიაში , როგორც ჩანს , ფართო წარმოსახვის უნარი უნდა იყოს მაგიის და შემდგომ სულიერი ამაღლების წინაპირობა , მიაზაკის პერსონაჟები ორ სამყაროში ცხოვრობენ, რეალობის ზედაპირის ქვეშ შეუძლიათ ალტერნატიული მაგიური სამყარო იპოვონ, მაგრამ სიმშვიდის მომტანი მიაზაკის პერსონაჟებისთვის არც ერთი არ არის, ისევე როგორც ხდება ფაუსტთან, მანფრედთან . ცხადია, ამგვარი სიუჟეტი ნაცნობია რომანტიზმის იდეების შემდეგ, რომანტიზმის მწერლებში ხომ ასეთი პოპულარული იყო განდიდების მანიით შეპყრობილი ადამიანის მიუწვდომლისკენ სწრაფვა და ალტერნატიული რეალობის ძიება . ნუთუ ფრანკენშტეინი და მისი საბრალო დემონის ცხოვრებაც ამგვარი ტრაგიზმითა და დრამით სავსე არ იყო?! მიაზაკიმ შეძლო ამგვარი არარეალური და შეიძლება ითქვას საშიში სიუჟეტის ესთეტიკურ სანახაობად ქცევა, ამის ნათელი მაგალითია ანიმე -“ჰოულის მოძრავი სასახლე”.

როგორც ფილმში ვხედავთ, არაადამიანური (შეიძლება ითქვას ღვთიური) , ჯადოსნური შესაძლებლობები არის სინონიმი პერსონაჟის შემოქმედებითი ენერგიისა და კრეატივისა. ხაზგასასმელია ჰოულის ურთიერთობა გარესამყაროსთან და რეალობასთან, მისი შემოქმედებითი, ემოციური და სულიერი თვითგამოხატვა ალტერნატიულ მაგიურ რეალობაში ჯადოქრობით შემოიფარგლება. ანიმეში ჯადოქრობა წარმოადგენს მეტაფორას რომანტიკული გმირის შესაძლებლობისა, რომელსაც შეუძლია ამაღლებული, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის მიუწვდომელი იმ რეალობის წარმოდგენა და პოვნა, რომელიც მატერიალური სივრცის მიღმა არსებობს. ბაირონის მანფრედის მსგავსად, ჰოული ორ სამყაროს შორის არის გაჭედილი, ორივეში იტანჯება და იბრძვის ნამდვილი სახის მოსაპოვებლად, მსგავსად მანფრედისა, ერთადერთი, რამაც მას ძალა მიანიჭა და ადამიანად ყოფნის იდეა მოაწონა მხოლოდ სიყვარულია. მიაზაკის ჰოული ბაირონის გმირად გვესახება.

მინდა გავიხსენო კიდევ ერთი ანიმე, ოსკაროსანი “spirited away”, რომლის მთავარი პერსონაჟი, გოგონა სახელად ჩიჰირო, თავდაპირველად წარმოდგენილია, როგორც უბრალო, მორცხვი ბავშვი, მაგრამ მას შემდეგ რაც იგი სულიერ სამყაროში მოხვდება, იბადება ახალი ადამიანი, ყველაზე ადამიანური – მძაფრი შეგრძნებებით და ცოცხალი ფიქრებით . ისევე, როგორც ანიმეში “ჩემი მეზობელი ტოტორო”, ფანტასტიკური, მოკვდავთა რეალობისგან განსხვავებული სამყარო გმირებს საკუთარ თავში ახალი ძალების აღმოჩენისა და პიროვნული ამაღლების საშუალებას აძლევს . “spirited away” მიაზაკის მხატვრულ ფილოსოფიას ნათელს ჰფენს, რეჟისორის მთავარი მესიჯი მაყურებლის მიმართ მდგომარეობს შემდეგში: შეუძლებელია თანამედროვე საზოგადოებამ წარმოსახვის გარეშე ამ რეალობით დაღლილმა და დაბეჩავებულმა მიაღწიოს ადამიანური განვითარების მწვერვალს, ის ქადაგებს რომანტიკულ იდეებს – რეალობიდან გაქცევა, საკუთარი ძალების რწმენა და რევოლუციური წინააღმდეგობის გაწევა მდორე რუტინაზე. მიაზაკის დახატული ჯადოსნობა და მაგიური სამყარო აშკარა მეტაფორაა რომანტიკული იდეოლოგიისა ლიტერატურულ ტრადიცებსა და ალტერნატიული სამყაროს შექმნის ან ძიების კონცეფციებზე დაყრდნობით.

Photo from the movie “Spirited Away”
Photo from the movie “Spirited Away”

და ბოლოს, შეუძლებელია არ აღვნიშნო მიაზაკის ანიმეების გრაფიკული ესთეტიკა. უსაზღვრო ჰორიზონტებით ან ტყეებისა და წყალმცენარეების მშფოთვარე მშვენიერების წყალობით, რეჟისორი შუამდგომლობს მაყურებელსა და ბუნების საშუალებით ამაღლებულ პერსონაჟებს შორის . მიაზაკის “ეკოლოგიური” ფილოსოფია გვიჩვენებს მჭიდრო კავშირს ძველ ევროპელ ფილოსოფოსებთან, რომელთა იდეალები აშკარად შთაგონების წყაროა ანიმეს პეიზაჟების შექმნისას რეჟისორისთვის, ტრადიციული რომანტიკული დისკურსით ბუნების როლი და გაგება საკმაოდ ფართო მასშტაბიანია, მაგრამ მიაზაკის ყურადღებას განსაკუთრებით იპყრობს სულიერების გამოხატვა და ნოსტალგიური მოტივები. მიაზაკი ბუნებას წარმოადგენს, როგორც ღვთიური შთაგონების წყაროს, რომელიც დაკავშირებულია კაცობრიობის სულიერ საწყისებთან და უჩინარი კარია რეალობასა და ჯადოსნურ სამყაროს შორის.

Wanderer above the Sea of Fog (c. 1818) by Caspar David Friedrich
Photo from the movie “Howl’s moving castle”