ობიექტივს მიღმა: ერნსტ ჰაასი

 

„არსებული რეალობისგან მოწყენილი, ხიბლს მის სუბიექტურად აღქმაში ვპოულობ.“ – ერნსტ ჰაასი ფერადი ფოტოგრაფიის პიონერად და XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფოტოგრაფად მიიჩნევა. მას სურდა, რომ ყოველდღიური რეალობა დაენახა ახალი, განსხვავებული პერსპექტივით. მისი ფოტოებისთვის დამახასიათებელია ფერთან შეზავებული მოძრაობისა და დინამიურობის უნიკალური განცდა.

ფერადი ფოტოგრაფიის პიონერი 1921 წელს ავსტრიაში დაიბადა. ის სამედიცინო სკოლაში სწავლობდა, თუმცა მისი არტისტული მისწრაფება იმდენად ძლიერი იყო, რომ საბოლოოდ ფოტოგრაფიას მიჰყო ხელი.  26 წლის იყო, როდესაც პროფესიული მომზადების გარეშე ცნობილი გახდა საკუთარი ფოტო-ესეთი – ,,ავსტრიელი ტყვეების დაბრუნება ომიდან.“ ჰაასმა ამ ფოტო-პროექტით შექმნა განცდისა და თანაგრძნობის დელიკატური განცდის ახალი სტანდარტი ფოტოჟურნალისტიკაში.

ამის შემდეგ ერნსტ ჰაასს ორი შემოთავაზება ჰქონდა – ერთი მათგანი იყო რობერტ კაპასგან, გაწევრიანებულიყო მაგნუმის ფოტო სააგენტოში, ხოლო მეორე ჟურნალ LIFE-სგან, იმ პერიოდში ფოტოგრაფიის პოპულარიზაციაში ყველაზე ცნობილი ბეჭდური მედიისგან. მან LIFE-ის გუნდის წევრობის შემოთავაზება უარყო, რათა პროფესიული დამოუკიდებლობა სრულად შეენარჩუნებინა და  1949 წელს მაგნუმის ფოტო სააგენტოს შეუერთდა.

1950 წელს ჰაასი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. ორი წლის განმავლობაში იგი შტატებში მუშაობდა. ნიუ-მექსიკოს უდაბნოში შავ-თეთრი ფოტოების გადაღების დროს, მან ფერების მიმართ დიდი ლტოლვა იგრძნო. სწორედ ასე დაიწყო მისი ცხოვრების მთავარი ძიება – ფერის გამოყენებისა და შესწავლის ისტორია. ფოტოგრაფმა მალევე კოდაკის ფერადი ფილმის კამერით დაიწყო ექსპერიმენტები.

ჰაასი 1950-იან წლებში, შავ-თეთრი ფოტოგრაფიის ეპოქაში, ფერადი ფოტოების გადაღებით გახდა ცნობილი. 1953 წელს ჟურნალ LIFE-ში დაიბეჭდა მისი ახალი 24 გვერდიანი ფერადი ფოტო-ესე ნიუ-იორკზე – ,,Images of a Magic City.’’ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ამ ჟურნალმა მსგავსი მასშტაბის ფერადი ფოტოგრაფიის ნიმუშები გამოაქვეყნა. გარდა ამისა, სწორედ მისი ფერადი ფოტოგრაფიის ნამუშევრები იყო პირველი, რომელთა გამოფენაც 1962 წელს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში გაიმართა.

ტექნოლოგიების შეზღუდულობისგან გამოწვეულმა იმედგაცრუებამ, ჰაასს ბიძგი მისცა, ერთი ნაბიჯით წინ ყოფილიყო თავის ეპოქაზე. როგორც მას უწოდებენ, ის იყო მხატვრის თვალისა და პოეტის სულის მქონე ტექნოლოგიური პიონერი. ამბობენ, რომ ჰაასამდე არსებობდა მხოლოდ ფერადი ფოტოები და არა ფერადი ფოტოგრაფია.

ჰაასს ჰქონდა საკუთარი ენა, რომლითაც სამყაროს აღწერდა საკუთარ ფოტოებში. მას ჰქონდა რაღაც, რაც, როგორც ამბობენ, არ ისწავლება უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში. „მე ვარ კომპოზიტორი, მე ვქმნი სურათებს“, აღნიშნა მან ერთხელ და დაამატა – „მე ვიღებ ფიქციას, რადგან თქვენ ვერ იპოვით იმას, რაც მე ვიპოვე.“ ჰაასი ასევე ამბობდა: ,,ფოტოგრაფია გახდა ენა, რომლითაც ვისწავლე როგორც პროზის, ისე პოეზიის წერა.“

მისი თქმით, „სურათი არის შთაბეჭდილების გამოხატულება. მშვენიერება რომ არ ყოფილიყო ჩვენში, როგორ ამოვიცნობდით ჩვენ მას ოდესმე?“ ჰაასი ასევე წერდა ფოტოგრაფიის, ფერების თეორიის, კომპოზიციის, არტისტულობის, ხედვისა და გემოვნების საკითხებზე. ერთ-ერთ ჩანაწერში ის ამბობს, რომ ფოტოგრაფია არის ხიდი მეცნიერებასა და ხელოვნებას შორის. მისი თქმით, ფოტოგრაფიას მეცნიერებაში შეაქვს შემოქმედობითობის გრძნობა – ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება. ხელოვნებაში კი ის ამტკიცებს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ რაიმე ისეთი, რაც ბუნებასთან სინთეზს ვერ შეძლებს. ჰაასი თვლის, რომ ფოტოგრაფიით, ხელოვანსა და მეცნიერს, თანამედროვე ხედვის ძიებისას, შეუძლიათ იპოვონ საერთო გადაკვეთის წერტილი დროში, სივრცესა და სტრუქტურაში. მისი თქმით, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ ახალი თავები ვიზუალური ენით, რომლის პროზა და პოეზიაც გადათარგმნას არ მოითხოვს.

ჰაასის აზრით, ფოტოგრაფმა უნდა გასცეს, დათმოს რაიმე, რათა გარდაქმნას ჩვეული რეალობა. დაბრკოლება კი დეფორმაციის გარეშე ტრანსფორმირებაში მდგომარეობს. მისი თქმით, ეპოქაში, სადაც ბრძოლა მიდის ადამიანის გარკვეულ მექანიზმში მოსაქცევად, ფოტოგრაფია გახდა ახალი მაგალითი იმ პარადოქსული პრობლემის, თუ როგორ უნდა მოხდეს ადამიანის ჰუმანურობის წინ წამოწევა, როგორ უნდა მოხდეს იმ მექანიკური მანქანის კამერისგან განცალკევება, რომელზეც მთლიანად ვართ დამოკიდებული. კამერის ობიექტივში რთულია ასახო ადამიანური განცდები, გამოხატო ხასიათი, რომელიც მნახველზე ემოციურ შთაბეჭდილებას მოახდენს, სწორედ ამაში მდგომარეობს ფოტოგრაფის უნიკალურობა.

ჰაასის აზრით, ყველა არტისტში არის პოეტურობა, ყველა ადამიანში არის პოეტური ელემენტი. ,,ჩვენ ვიცით, ჩვენ ვგრძნობთ, ჩვენ გვჯერა. როგორც მცოდნეები, ჩვენ ვგავართ მეცნიერს, რომელიც ურთიერთობს ლოგიკური განსაზღვრებით. როგორც  მგრძნობელები, ჩვენ ვგავართ პოეტებს, რომლებიც დაუკავშირებელ რაღაცებს, ინტუიციის მეშვეობით, ერთმანეთს უკავშირებენ. როგორც მორწმუნეები, ჩვენ მხოლოდ ვეგუებით ჩვენს ადამიანურ შეზღუდვებს. ხელოვანმა კი თავისი განცდის, ცოდნისა და რწმენის სინთეზი უნდა გამოხატოს საკუთარი ცხოვრებითა და შემოქმედებით.“ ჰაასი ამბობს, რომ ადამიანს არ შეუძლია გადაიღოს ხელოვნება, მას შეუძლია იცხოვროს საკუთარ ხედვასთან შერწყმით. მისი თქმით, არ არსებობს ფორმულა, უბრალოდ, ადამიანი თავისი სინდისით ლაპარაკობს, წერს და მღერის სინათლისა და დროის ახალ იეროგლიფურ ენაზე.

ფერების თეორიებზე საუბრისას, ჰაასი ამბობს, რომ არც მას აქვს მზა ფორმულა, ისევე როგორც ფოტოგრაფიას. მისი აზრით, თეორიების უმეტესობა არის იმის მცდელობის შედეგი, რომ ადამიანის პრაქტიკული გამოცდილება ფორმულად აქციო. ამის მიუხედავად, როგორც ის ამბობს, არსებობს საიდუმლო გასაღები. ეს არის პიროვნულობის გაღრმავება. გრძნობების, ცოდნისა და გამოცდილების – ამ განუსაზღვრელი ჯაჭვის გაგრძელება. მისი თქმით, ინსპირაციას კლავს გაჩერება. გაჩერება კი შთაგონების ჩახშობას ნიშნავს. ის გვირჩევს, რომ ვცადოთ არაპირდაპირი შთაგონების გზები – მუსიკა, ფერწერა, პოეზია – და პროცესში ყველაფერი თავისთავად მოვა.

ერნსტ ჰაასის 40-წლიანი კარიერის განმავლობაში, მან ერთგვარი ხიდი გადო ფოტოჟურნალისტიკასა და ფოტოგრაფიას, როგორც გამოხატვისა და შემოქმედების მედიუმს, შორის. მისი შემოქმედება დასაწყისიდანვე დროს უსწრებდა. ის ამბობს ახალ სიტყვას ფოტოგრაფიის ისტორიაში და ქმნის შთაბეჭდილებას, რომელიც წარუშლელ ადგილს იკავებს ადამიანების გონებაში.

All photo credits to  Ernst Haas