მოკვდი, სიყვარულო

“ტოტებდახრილი ხეების ქვეშ, ბალახზე ვიწექი. მზის სხივი ხელისგულს მიხურებდა, რაც უცნაური შეგრძნებით მავსებდა: თითქოს ბასრი დანით ჭრილობა მომაყენეს და სისხლისგან ვიცლებოდი. ძველი, მყუდრო სახლის უკანა ეზოდან ქმარ-შვილის ხმები მესმოდა. ორივე დედიშობილა ჭყუმპალაობდა პატარა, ცისფერ აუზში, რომელშიც წყალი ოცდათხუთმეტ გრადუსამდე იყო გამთბარი. კვირადღე იდგა და საღამოს დღესასწაულიც გველოდა.

მათგან რამდენიმე ნაბიჯით დაშორებული, ბუჩქებში ჩამალული ვუთვალთვალებდი და ვფიქრობდი: როგორ შეიძლებოდა, ასეთი სუსტი და ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ქალი, რომელსაც ხელში გამუდმებით დანა ელანდებოდა, ყოფილიყო დედა და ცოლი ამ ორი არსებისა. რას ვაპირებდი? მთელი ტანით სიცხისგან დახეთქილ მიწაზე გავერთხი. ნაპრალში ჩაძრომა და სხეულის დამალვა მომინდა. მათ დახოცვას ნამდვილად არ ვაპირებდი. დანაც დავაგდე. სარეცხის გაფენა გავაგრძელე. თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს…”

ხელში “მოკვდი, სიყვარულო” მიჭირავს, სვეტებს თვალს ვავლებ და ვხვდები, ამ წიგნიდან დიდ სიამოვნებას საერთოდ ვერ ვიღებ. როდესაც ბოლო გვერდი ჩავიკითხე, რომანი გადავდე და დროის შემდეგ მივხვდი: არიანა ჰარვიცი ადამიანური ჭუჭყის გადმოცემის დიდოსტატია.

“მოკვდი, სიყვარულო” ყველაფერია, გარდა რომანისა სიყვარულზე. უპირველსად, ჩემთვის ის შედგა, როგორც ადამინათა შემსწავლელ ფართომასშტაბიან რუკად. ხოლო, ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ რომანში გადმოცემული თითოეული სიტყვა სილამაზისგან შიშვლდება და თავისი წრფელი მნიშვნელობით გვევლინება: ცხადად გადმოგვცემს ყველა იმ მუქ აზრს, რომელიც გვიჩნდება გონებაში, მაგრამ არასდროს ვაჟღერებთ.

არიანა თამამი არგენტინელი მწერალია, რომელიც ხმამაღლა ალაპარაკდა იმაზე, რომ დიახ, შეიძლება დედას საკუთარი შვილი არ უყვარდეს, შეიძლება თქვენ გვერდით მწოლიარე ქმარი ერთ დღეს სრულიად უცხო ადამიანად იქცეს, შეიძლება ჩვენს თავს ყოველდღე ვკარგავდეთ და ვპოულობდეთ და ეს ყველაფერი, გვინდა თუ არ გვინდა, რეალობაა. [წიგნიც ხომ ნაწილობრივ ავტობიოგრაფიულია]

“მე ყოველთვის ვამბობ, რომ დავიბადე, მას შემდეგ, რაც ეს რომანი დავწერე.”

რა ხდება მაშინ, როდესაც შვებას მხოლოდ ხელში დანის ჭერა ან დაოჯახებული მეზობელი განიჭებს? უსახელო გმირის ფიქრები უკიდეგანოა, ხანდახან ვერ ვხვდებით, ის, მართლაც, ასე იქცევა, თუ ეს ყველაფერი მის გონებაში ხდება. თავს სუსტს და გაუწონასწორებელ ქალს უწოდებს, მაგრამ ავტორი სვამს კითხვებს: დანამდვილებით ასეა ეს ყოველივე თუ გარემოა, რომელიც მას ამგვარად აგრძნობინებს თავს.

შესაბამისად რომანი მთლიანად მოგვითხრობს საკუთარი იდენტობის დაკარგვაზე [შემთხვევითიც არაა, რომ რომანში არასდროს ჟღერდება მთავარი გმირის სახელი], საკუთარ “მე”-სთან გაუცხოებაზე.  ჰარვიცის უსახელო პერსონაჟმაც მხოლოდ ის იცის, რომ ეს ყველაფერი მას სიამოვნებას არ ჰგვრის. პერსონაჟის უსახელობა და პირველ პირში თხრობა, რა თქმა უნდა, ერთი დიდი პაზლის ნაწილია – ავტორს სურდა ყველას ჩვენივე პერსპექტივიდან აღგვექვა ეს ყოველივე. მოგვწონს თუ არა, ჩვენ ყველანი შეიძლება ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ.

ხაზგასასმელია ისიც, რომ არგენტინელმა მწერალმა კარგად დაგვანახა, რომ ყოველი ქალისთვის ბედნიერების ფორმულას უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ოჯახის შექმნა არ წარმოადგენს. პროტაგონისტიც გაცილებით ღრმად იძირება ეგზისტენციალიზმში და ფიქრობს, რომ ცხოვრება ქალისთვის მხოლოდ თეთრეულის რეცხვა არაა. და როდესაც შენი ქმრისა და შვილის დანახვაც ამდენ ტანჯვას განიჭებს და სიგიჟემდე მიჰყავხარ იმ გრძნობას, რომ ამ ოჯახურ იდილიაში ზედმეტი ხარ, მართლაც, უნდა იყვირო: მოკვდი, სიყვარულო!

” სახლში დაბრუნებულს ისევ რაღაც წივილი შემომესმა. საწოლის ქვეშ კიდევ ერთი პატარა ჩიტი ვნახე. არ ვიცი, რას ვუშვრებით ჩვენს შვილს, რომელიც ჩვენი სხეულის ნაწილია. მიშვებული გვყავდა ველურ სამყაროში და არ ვარიდებდით არაფერს – არც დაკაწვრას, არც რაიმეს ტკენას ან გაფუჭებას. მძინარეს როგორ დამიტოვეო, მითხრა და ისევ გააგრძელა ძილი. მათ შორის ჩავწექი. ვაკვირდებოდი, ღრმა ძილში მყოფნი როგორ სუნთქავდნენ. შუაში მწოლი ხან შვილს დავქცეროდი, ხანაც ქმარს. ბოლოს მათი სახეების ყურება მომბეზრდა და მივხვდი, რაც უფრო  მეტს ვაკვირდებოდი, მით უფრო ვეღარ ვცნობდი… “