პარალელური ცხოვრება: ამრიტა შერ-გილი და ფრიდა კალო

ჩვენ, ადამიანები, უფრო ვგავართ, ვიდრე განვსხვავდებით. გამჭირვალე, მაგრამ მყარი ცხოვრების ქსელებით კი ერთმანეთს გადავეყრებით. საინტერესოა, როდესაც ვფიქრობთ, რატომ მაინცდამაინც ეს ადამიანი გავიცანით და არა სხვა. ისიც საინტერესო იქნებოდა, ამრიტა შერ-გილი და ფრიდა კალო მოქცეულიყვნენ ამ ზემოხსენებული ქსელის ქვეშ, რადგან ორივე დიდმა არტისტმა ფაქტობრივად ერთი ცხოვრების გზა განვლო.

ამრიტა შერ-გილი უნგრელ-ინდოელი მხატვარია, ფრიდასთან შედარებით მისი სახელი ნაკლებად ჟღერს ჩვენ ირგვლივ, მაგრამ თავის სამშობლოში, ინდოეთში, ამრიტა ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ქალი ხელოვანია. ის მოხსენიებულია, როგორც თანამედროვე ინდური ხელოვნების “პიონერი” და

” მე-20 საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი უდიდესი ავანგარდი ქალი მხატვარი. “

ამრიტა დაიბადა 1913 წელს, ბუდაპეშტში, ხელოვანების შეძლებულ, არისტოკრატულ ოჯახში: დედა – ოპერის მომღერალი, მამა – ფოტოგრაფი. მშობლები მას უზრუნველყოფდნენ ყველაფრით, ის ფორმალურ განათლებას იღებდა ხელოვნების სფეროში 8 წლიდან, თუმცაღა კი 5 წლიდან ხატავდა. თავიდანვე გამოირჩეოდა მკაფიო შეხედულებებით, 9 წლის ასაკში სკოლიდან გარიცხეს, რადგან მან განაცხადა, რომ ათეისტი იყო.

 ფრიდა კალო 1907 წელს მოევლინა მსოფლიოს კოიოაკანაში, რომელიც იმ დროს მცირე ქალაქად ითვლებოდა მეხიკოს შემოგარენში. მამამისი, გილერმო კალოც, გერმანულ- ებრაული წარმოშობის ფოტოგრაფი და მხატვარი იყო.

მექსიკელ მხატვარს ბავშვობიდანვე უწევდა არაერთ ჯანმრთელობის პრობლემასთან გამკლავება, თუმცა საკუთარი ძლიერი ნების ხარჯზე, ის არასდროს დანებებულა. დაავადებათა გამო ბავშვებისგან იზოლირებული იყო. მამის თხოვნით, სკოლაში შევიდა, თუმცაღა მალევე გარიცხეს დაუმორჩილებლობისთვის.

18 წლის ასაკში ფრიდა ტრაგიკულად მიეჯაჭვა ლოგინს: ავტობუსს, რომელშიც იმყოფებოდა, ტროლეიბუსი დაეჯახა, რის შედეგადაც ამოვარდნილმა რკინის ხელსაჭიდმა მილმა ხერხემალი გაუტეხა. სწორედ, ამ საბედისწერო მოვლენამ დააწყებინა ფრიდას ხატვა ლოგინში ყოფნის დროს.

მაგრამ სანამ ფრიდა ფუნჯამდე მივიდოდა, 16 წლის ამრიტა პარიზში გაემგზავრა, რათა აქ უკეთ დაუფლებოდა ხატვის ტექნიკებს. საფრანგეთში გატარებულმა დრომ მის ნახატებს, მართლაც, თანამედროვეობისა და ბოჰემური სუბკულტურის კვალი დაატყო.

ორივე ქალისთვის მხატვრობა ხდება თვითგამოხატვის, საკუთარი იდენტობის შემსწავლელი საშუალება. ფრიდას ავარიის შემდეგ 3 თვის მწოლიარე მდგომარეობაში გატარება მოუწია, ოთახში სპეციალური მოლბერტი ჰქონდა, რომელზეც სარკე იყო მიმაგრებული. ფრიდა ამბობდა

” მე ვხატავ ჩემს თავს, რადგან უმეტესად მარტო ვარ. მე ვარ ის საგანი, რომელსაც ყველაზე კარგად ვიცნობ “.

ამრიტა შერ-გილის შემოქმედებაშიც არა ერთ ავტოპორტრეტს შევხვდებით. ჩანს, რომ მათ სურდათ საკუთარი თვალით დანახული სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ემოციებით აღსავსე ” მე “-ს აღბეჭვა.

თავის მხრივ, ვნებით აღსავსე ცხოვრებასაც ორივე ქალთან ვხვდებით, მთელი ცხოვრების განმავლობაში მათ არაერთხელ აღბეჭდეს საყვარელ მეგობართა, ნათესავთა თუ სასიყვარულო პარტნიორთა სახეები.
პარიზში სწავლისას შერ-გილმა ბორის ტასლიცკი გაიცნო, ფრანგი ფერმწერი და გრაფიკოსი. ” Portrait of a young man/ ახალგაზრდა კაცის პორტრეტზეც ” სწორედ ბორისი, მისი თაყვანისმცემელია გამოსახული. გარდა ამისა, იქ ყოფნისას 3 სხვადასხვა ტილო მერი-ლუის ჩესანის მიუძღვნა, რომელიც, ცნობათა თანახმად, ასევე მისი სასიყვარულო პარტნიორი იყო. აშკარაა, რომ ამრიტა ორივე სქესის მიმართ გამოხატვდა ინტერეს, მსგავსად კალოსა. მაინც ფრიდა საკუთარი ქმრისთვის, დიეგო რივერასთვის, მიძღვნილი სერიებით გამოირჩევა.
“ჩემს ცხოვრებაში ორი დიდი ჯახი მოხდა. ერთი ტროლეიბუსი იყო, ხოლო, მეორე – დიეგო. “

პარიზული დღეების ჟამს შერ-გილს ერთ-ერთმა მასწავლებელმა, იმ ფერადი სამყაროს წყალობით, რომელსაც ქმნიდა, საკუთარი ვარაუდი გააცნო: ამრიტას შემოქმედება აღმოსავლეთისთვის უფრო გასაგები იქნებოდა, ვიდრე მონოტონური დასავლეთისთვის. ეს თითქოს გადამწყვეტი მომენტი იყო, ის გრძნობდა ინდოეთში დაბრუნების მძაფრ ლტოლვას:

“რაღაც უცნაურად, აუხსნელად ვგრძნობ, რომ იქ არის ჩემი, როგორც მხატვრის ბედი ” .

მან მალევე დატოვა საფრანგეთი და ინდოეთს გაეშურა. ერთ-ერთ წერილში იგი წერდა:

“ევროპა ეკუთვნის პიკასოს, მატისს, ჟორჟ ბრაკს… ინდოეთი კი – მე .”

ამრიტა ქმრის, ვიქტორ ეგანის ობიექტივში.

სამშობლოში 1934 წლის მიწურულს დაბრუნდა. სწორედ აქიდან მოყოლებული ამრიტა იწყებს ისეთი ინდოეთის ხატვას, როგორსაც ხედავდა მაშინ: კოლონიზებულის, დაღლილის, მაგრამ მაინც სპეციფიკური, ლამაზი დეტალებით აღსავსისას.

კალოც პარალელურად ამისა ამერიკაში მოგზაურობდა დიეგოსთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ კაპიტალისტური გარემო მას დიდ სიამოვნებას არ ჰგვრიდა, ის მაინც ახერხებს და მის შემოქმედებაში უამრავ მნიშვნელოვან კომპოზიციას ქმნის. ფრიდას ნამუშევრებშიც კარგად ჩანს მექსიკური სულისკვეთება, ტანსაცმლისა თუ გარემოს მეშვეობით.

ყველაფერთან ერთად, მსგავსი პოლიტიკური შეხედულებებითაც გამოირჩეოდნენ: კომუნისტურ და სოციალისტურ იდეებს იზიარებდნენ და იმედოვნებდნენ, რომ წარმოადგენდნენ ადგილობრივ ცისფერსაყელოანებსა თუ მუშათა კლასს საკუთარ მხატვრულ შემოქმედებაში. პოლიტიკოსებთან რომანებითაც აქვთ გათქმული სახელები: შერ-გილი ინდოეთის პირველ პრემიერ-მინისტრს, ჯავაჰარლალ ნერუს ხვდებოდა, ხოლო ფრიდა საბჭოთა მარქსისტ რევოლუციონერს – ლევ ტროცკის.

ფემინისტები, საკუთარ ქვეყნებში მოდერნიზმის ფანჯრის გამჭრელნი, სტერეოტიპების დამსხვრევის დიდთავები წარუშლელი კალმით არიან შეტანილი ხელოვნების ისტორიაში. და მართლაც, რა საინტერესოა, რომ ერთიდაიმავე დროს მოღვაწე ორი ქალი ასოდენ ჰგავდა ერთმანეთს, მაგრამ კიდევ უფრო ამაღელვებელი ის ფაქტია, რომ შერ-გილს “ინდოელ ფრიდა კალოდ მოიხსენიებენ “. მე კი ვიტყოდი, ფრიდაც შეიძლება იყოს “მექსიკელ ამრიტა შერ – გილად ” წოდებული, რადგან ამ ორმა ქალმა ერთნაირი ძალისხმევით გაუსწრო დროს.