როგორ გაიზარდნენ “უბრალოდ ბავშვები” – პატი სმიტი და რობერტ მეპლთორპი

ნაცრისფერთმააბურდული უბრალოდ იღიმის. ხუმრობს და ენა კვიმატურად უჭრის. ეკრანზე მისი საუბრით მონუსხული აუდიტორია ჩანს და ცხადი ხდება, რამხელა კომფორტი მოაქვს მის ხმას მსმენელისთვის. თავის გამოსვლას მარტივად ასრულებს – „იყავით ბედნიერი.“ მის უბრალოებაში უზადო სიღრმე ჩანს და აი, როდესაც სიმღერას იწყებს – ამ დროსაა ყველაზე მოურიდებელი, ყველაზე არტისტული, ყველაზე მგრძნობიარე. ხელის მკვეთრი მოძრაობებით დარბაზის ემოციებს დირიჟორობს. ეს პატი სმითია.

ერთ ინტერვიუში ამბობს ცხოვრებაში სირთულეც შეგხვდებათ, საყვარელ ადამიანსაც დაკარგავთ, კბილიც გეტკინებათ, მოგშივდებათ, მაგრამ მეორე მხარეს ულამაზესი სამყაროა, რომელსაც ხან თქვენს საქმეში იპოვით, ხანაც ცის სილურჯეშიო. სწორედ ასეთი იყო მისი ცხოვრება სამოციანებში, როცა რობერტის გვერდით მოლბერტთან იჯდა და შემოქმედებითი აღმაფრენით ატანილს შიოდა.

Patti Smith and Robert Mapplethorpe - Interview Magazine
©Norman Seeff

მე მიჭირს, მისი სისადავე რობერტის ექსტრავაგანტულობასა და ქედმაღლობას დავუკავშირო. შემოქმედებითი თვითგამორკვევა, ფაქტობრივად, ერთად დაიწყეს. ერთმანეთის მუზებად იქცნენ და ერთმანეთს გვერდს უმაგრებდნენ იმ დროიდან, როცა ჯერ არცერთს ჰქონდა მიმართულება არჩეული, საკუთარი გზა ნაპოვნი. მათთვის მხოლოდ ერთი რამ იყო უეჭველი – ხელოვანის დიდებისკენ სწრაფვა და ის, ერთმანეთი რომ სჭირდებოდათ.

რობერტ მეპლთორპი დღეს თავისი შავ-თეთრი ფოტოებითაა ცნობილი, რომელიც ახლაც კი კონტროვერსიას იწვევს, მის სიცოცხლეში კი დიდი სკანდალის წყარო იყო. სანამ ფოტოაპარატს აიღებდა, ხელში ფუნჯი ეჭირა. მის ადრეულ შემოქმედებაშივე ჩანს სადო-მაზოხისტური საფუძვლები, რომელსაც შემდეგში ასე ავითარებს; ოკულტიზმითა და სხვადასხვა რელიგიებით გატაცება, რომელსაც იგი პატისთან ერთად იზიარებდა.

Copyright: Photography: Ulrich Ghezzi
Untitled (Hearts), 1969 © Robert Mapplethorpe

თავის წიგნში პატი წერს, რობერტს გამოხატვის გზა აინტერესებდა, მე კი სათქმელიო. მე მგონია, ეს გარკვეულწილად იგრძნობა მათ ნამუშევრებში. მაგრამ სათქმელი და შინაარსი არც რობერტის ფოტოებს აკლიათ. ზოგიერთი მათგანი რასიზმს ეხმიანება, ზოგი სხვა სახის ძალადობას. თითქმის ყველას სექსუალური მოტივი გასდევს, უმეტესობაში კი ეს ცენტრალური აქცენტია.

Robert Mapplethorpe: the male gaze – in pictures | Culture | The Guardian
Robert Mapplethorpe: the male gaze – in pictures | Culture | The Guardian
Robert Mapplethorpe ‘Two men dancing’ 1984
Robert Mapplethorpe ‘Two men dancing’ 1984

რობერტი ყოველთვის უბიძგებდა პატის, ნაკლებად სახიფათო, ხალხისთვის მისაღები ხელოვნება შეექმნა, მაგრამ თვითონ წამითაც არ გაუზიარებია საკუთარი რჩევა. თავისი ნამუშევრების ფასი ყოველთვის იცოდა და მოუთმენლად ელოდა გენიოსის დამსახურებულ დიდებას, რომელიც ადრეულმა სიკვდილმა გამოაცალა.

„პატი, შენ ჩემზე ადრე გაითქვი სახელი“.

მათი ცხოვრება იმ დროის უდიდესი ადამიანების გვერდით იფურჩქნებოდა. პატი იხსენებს შემთხვევით შეხვედრებს ბობ დილანთან, ჯიმი ჰენდრიქსთან, ალან გინზბერგთან, ჯენის ჯოპლინთან… ზოგი მათგანი მის მეგობრად და მენტორად იქცა. ასეთი ადამიანების გარემოცვაში პატიმ სიბრძნე და ხასიათი შეიძინა. თავი თითქმის ყველა დარგში მოსინჯა. ხატავდა, მღეროდა, წერდა, თხზავდა, თამაშობდა…

(c) Ken Regan; Snap Galleries
Bob Dylan with Patti Smith (c) Ken Regan; Snap Galleries
(C) Allenginsberg.org
Patti Smith in New York City in 1977 with Allen Ginsberg – the neck-brace the result of her falling off the stage in Tampa, Florida, and breaking her collar-bone earlier that year

რობერტისთვის კი ასეთი კერპი იყო ენდი უორჰოლი. ამ ორ თანამედროვეს შორის ცალსახად უამრავი იყო მსგავსება – სექსუალობაში, ხედვასა თუ ხასიათში. რობერტის ადრეულ წლებში ენდისთან შეხვედრა ოცნებად ჰქონდა ქცეული. პატი თავის წიგნში იხსენებს რობერტის სიტყვებს, ვიცი, რომ შევხვდე, თავის თანასწორად მცნობსო. ეს შეხვედრა შედგა და არაერთხელ. მათ ერთმანეთის პორტრეტებიც კი გადაიღეს.

Robert Mapplethorpe, 1983, by Andy Warhol
Andy Warhol, 1986, by Robert Mapplethorpe
Andy Warhol, 1986, by Robert Mapplethorpe

რობერტის ჰომოსექსუალობის აღმოჩენა კარჩაკეტილი საზოგადოებიდან ახალგამოსული პატისთვის, რომელსაც ამაზე მხოლოდ რემბოსა და ვერლენის ლექსებში წაეკითხა, დამაბნეველი აღმოჩნდა. მაგრამ ამას კიდევ რა უშავს, ნამდვილად პრობლემატური რობერტის პროსტიტუციით დაკავება იყო. ამის შემდეგ მათი ურთიერთობის დინამიკა შეიცვალა. თუმცა სიახლოვე კიდევ დიდხანს – და, ალბათ, არც არასდროს – არ მოშლილა.

პატიმ რობერტს მათი ისტორიის დაწერა სიკვდილის წინ აღუთქვა და ამ პირობის შესასრულებლად ოცი წელი დასჭირდა. „წერისას მენატრებოდა – ამბობს პატი „Interview Magazine”-თან საუბრისას – ჩვენი ახალგაზრდობის ატმოსფერო მახსენდებოდა და წერას თვეობით ვწყვეტდი.“ არცაა გასაკვირი. ის სინაზე და სიყვარული, რომელიც ტექსტიდან იღვრება, შეუძლებელია ავტორისთვის გამოუთქმელ ტკივილს არ იწვევდეს.

პატი და რობერტი ერთმანეთს ხშირად უძღვნიდნენ ნამუშევრებს. ერთმანეთს ხატავდნენ; ერთი მეორის ფოტომოდელი იყო, მეორე კი პირველის ლექსების შთაგონება. ერთად მუშაობისას თავს კომფორტულად გრძნობდნენ, თუმცა კი ბევრ რამეში სხვადასხვა ხედვა ჰქონდათ.

Sketch of Robert Mapplethorpe by Patti Smith | Patti smith, Robert mapplethorpe, Artist
Robert Mapplethorpe, painting by Patti Smith
Patti Smith', Robert Mapplethorpe, 1979 | Tate
Patti Smith’, Robert Mapplethorpe, 1979 | Tate

რობერტი 42 წლისა გარდაიცვალა. ამ დროს პატის უკვე ორი შვილი და მეუღლე ჰყავდა, მაგრამ რობერტისთვის გულში ადგილს მუდამ ინარჩუნებდა.