კლოდ დებიუსის ნოტების პალიტრა

მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების პარალელური განვითარების იმპრესიონისტული პერიოდის საფეხურზე, მხატვრობა და მუსიკა ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს. მაშინ, როცა იმპრესიონისტი მხატვრების ფუნჯი ტილოზე განსხვავებულ, არასრულ რეალობას ხატავს, კომპოზიტორები მხოლოდ ატმოსფეროსა და განწყობის შექმნას იღებენ საკუთარ თავზე. მუსიკა არ იქმნება იმისთვის, რომ მკაფიოდ გამოხატოს რამე. ამ უნიკალურ სტილს ხელოვანები მელოდიის, ჰარმონიის, ფერის, რიტმისა და ფორმის საშუალებით ამკვიდრებენ. მელოდიები ხანმოკლე და სხვადასხვა კონტექსტში სხვადასხვა ხასიათის შესაქმნელად განმეორებადია. ფერების ვოკალიზებისთვის ვხვდებით სხვადასხვა ვარიაციული ტონის მაჟორულ და მინორულ ბგერებს. მოკლედ რომ ვთქვათ, კომპოზიტორებმა დაიწყეს მუსიკის ახალ ფერებში შექმნა და ინსპირაციად გაიხადეს იმპრესიონისტული ვიზუალური ხელოვნება. მათთვის უკვე ჟღერადობა ჰქონდა ფერებს.
კლოდ დებიუსი, რომლის შემოქმედების რომელიმე “იზმში” მოქცევა რთული და საყოყმანოა, მაინც მინდა განვიხილო იმპრესიონისტ კომპოზიტორად. დებიუსის კრეატიულ მუსიკაში იქმნება მელოდიის განვითარების წრიული და ტალღისებური მოძრაობები. ანალოგიურად მხატვრობისა, მუსიკის მსგავსი დეტალებით დებიუსი ეხმიანება იმპრესიონისტი მხატვრების დაუსრულებლობის ასახვის მოტივს. მაგალითისთვის მახსენდება დებიუსის “L’isle Josses”. ეს მუსიკა წარმოადგენს Jean-Antoine Wattage-ს ნახატის “The Embarkation for Cetera”-ს მუსიკალურ ინტერპრეტაციას. ორივე – ნახატიც და მუსიკაც – წარმოადგენს მოგზაურობის ისტორიის აღწერას Cetera-ს ჯადოსნურ კუნძულზე, რომელიც სიყვარულისა და სილამაზის იდეალური ადგილია. მოგზაურობის თითოეული ეტაპი მუსიკაში განსხვავებული დინამიკით არის აღწერილი და კულმიმნაციური მომენტებისა და გრძნობების დეტალების ხელოვნებით ნახატის მუსიკად გადაქცევით ნაწარმოები გვევლინება სრულიად იმპრესიონისტულ ნაშრომად, რომლის მთავარი მოტივი – მსმენელს მიანდოს ნაწარმოების იდუმალების ამოხსნა, დაცულია.

La Mer / Nocturnes / Prélude À L’après-midi D’un Faune.
Credits to: The Decca Record Company Limited

ეპოქალური კონტექსტი და იდეებიც მნიშვნელოვნად აკავშირებს დებიუსს იმპრესიონიზმთან. XIX-XX საუკუნეების შიშით მოცული, ერთ მდგომაორებაში გაყინული ევროპა და ევროპული ხელოვნება შვებას მოძრაობაში პოულობს. გავიხსენოთ კლოდ მონეს შემოქმედება – ზღვის ნახატები, რომლებზეც ძირითადად საფრანგეთის ატლანტიკური სანაპიროს მღელვარე, მოძრავი ზღვაა გამოსახული. ვხედავთ, რომ ჰორიზონტზე მოუსვენრად ამღვრეული ცა და ღრუბლები ოკეანეს უერთდება, მონეს ეს პეიზაჟები იმპრესიონისტული თემატიკისა და მისწრაფებების უმთავრესი ნიმუშებია – მათში აღბეჭდილია პროცესი და არა უბრალოდ მდორე ყოველდღიურობა. მონეს ხედვებს იზიარებს დებიუსიც და მონეს მძვინვარე ოკეანეების ხილვის პარალელურად იდეალურ ჰარმონიაში მოდის დებიუსის “La Mer”. მონეს ნახატები ხასიათდება მკაფიო და თხელი ფუნჯის მოსმით, რბილი და მსუბუქი ცვალებადობით. ანალოგიურად, დებიუსიც საკუთარ კომპოზიციაში ქმნის არაერთგვაროვან მუსიკალურ ზედაპირს და ქმნის ჰარმონიას (დებიუსს მონეს მოწაფესაც უწოდებდნენ).
მიუხედავად იმპრესიონიზმთან მჭიდრო კავშირისა, შეუძლებელია არ შევამჩნიოთ დებიუსის მსგავსება ვაგნერთან, ამის გამო მას სიმბოლისტადაც განიხილავენ. მსგავსი მოტივების შემჩნევა შეიძლება ორივე კომპოზიტორის ნამუშევრებში, განსაკუთრებით “Tristan and Isolde” და “Pelléas et Mélisande”-ს შორის. ორივეს აქვს მსგავსი ნარატივი და თხრობის მეთოდები.
ბუნებაში დაბრუნების იმპულსი, რომელიც რომანტიზმთან ერთად მოკვდა, დებიუსმა საკუთარ იმპრესიონისტულ და სიმბოლისტურ მუსიკაში გააცოცხლა. მისი შემოქმედება ფერწერის აშკარა და დაფარული მოტივების ხორცშესხმას წარმოადგენს.