ობიექტივს მიღმა: ისუი ენომოტო

გარკვეული მოგონებები ჩვენს გონებაში დროთა განმავლობაში სუბიექტურად გარდაქმნილ სახეს იღებს.

დაგსიზმრებიათ ერთმანეთში გადახლართული მომენტები? გიგრძვნიათ კონკრეტული მოგონებების გაელვება? ნოსტალგია?

გიფიქრიათ, როგორები იქნებოდნენ ისინი ჩვენი ქვეცნობიერიდან ფიზიკურ სამყაროში რომ გადმოგვეტანა?

ალბათ სწორედ ისეთი, როგორიც ისუი ენომოტოს ნამუშევრებია – ქაოტური, გარდამავალი, ღრმა.

ისუი ენომოტო არის იაპონელი ფოტოგრაფი და ტაქსის მძღოლი, რომელიც მუშაობის პროცესში იღებს ფოტოებს. მისი შემოქმედება აერთიანებს იაპონიაში, საპორტო ქალაქ იოკოჰამაში, ყოველდღიური მუშაობის პროცესში გადაღებული ქალაქისა და იქ მომხდარი ამბების კადრებს.

ისუი ათ წელიწადზე მეტია, რაც ტაქსის მძღოლია და მუშაობის დროს ფოტოაპარატი, როგორც თავად ამბობს, სულ თან დააქვს. უცხო მგზავრები, ქალაქში მოსიარულე ადამიანები, სხვადასხვა ფრად განათებული შენობები, ქარში მოშრიალე ხეები, განუწყვეტლივ მოძრავი მანქანები, ჩქაროსნული მაგისტრალები – ცხოვრების ეს ყოველდღიური კადრები არის ის, რაც ხელოვანში ინტერესს იწვევს.

Credit: NOWNESS

ენომოტო ფოტოებს ღამით იღებს. შემდეგ სხვადასხვა კადრს აერთიანებს და ქმნის სიზმრის მსგავს ეფექტს, რომელიც ტოვებს განცდას თითქოს გაელვების შემდეგ ადამიანთა სილუეტები ღამის სიღრმეში იკარგებიან. ენომოტოს ნამუშევრები შთაგონებულია ვინსენტ ვან გოგისა და ფრანსისკო გოიას შემოქმედებით.

ფოტოგრაფის მიერ გადაღებული სურათები ტაქსის მძღოლების მარტოობაზეც მიანიშნებს, რომლებიც უცხო ადამიანებთან ერთად მგზავრობენ ქუჩებში. იაპონიაში, როგორც წესი, მძღოლები არ ლაპარაკობენ, სანამ თავად მგზავრი არ გამოთქვამს საუბრის სურვილს.

ენომოტოს ნამუშევრები აღწერს ამ გარდამავალ, გამოუთქმელ შეხვედრებს მგზავრებთან თუ უბრალო გამვლელებთან. ის, როგორც წესი, ფოტოებს ფანჯრის ანარეკლიდან იღებს: ,,მე მომწონს მგზავრების ან გამვლელების გადაღება – ადამიანების, ვისაც არ ვიცნობ. მე აღვბეჭდავ მათ, როდესაც ჩემი მანქანის გვერდით ჩაივლიან. ისინი ჩემი ანარეკლებივით არიან, რადგან მე შემიძლია დავინახო საკუთრი თავი მათში.“

ენომოტოს ფოტოებში მთავარი ის მოულოდნელობის განცდაა, რომელიც, მისი ფოტოების ნახვისას გეუფლება. ისუი ყვება, რომ ყოფილა დღეები, როდესაც კონკრეტულ ადგილას სპეციალურად წასულა, რომ რამე გადაეღო, თუმცა ისეთი მაინც არ გამოსულა, როგორიც მუშაობის პროცესში, სიჩქარეში, მოულოდნელად გადაღებული გამოდის ხოლმე. ის განსაკუთრებულად უსვამს ხაზს სიჩქარის ასპექტს, რომელიც ამ შემთხვევითობის განცდას ქმნის. მისი თქმით, არასდროს იცის, თუ რა გამოვა საბოლოოდ.

ენომოტო გადაღების პროცესის კიდევ ერთ ასპექტზე საუბრობს. ამ უკიდეგანო სივრცეში, როგორც ის ამბობს, შეიძლება ითქვას, რომ ტაქსი პატარა წყალქვეშა ნავივითაა, რომელიც სხვადასხვა კომპონენტით სავსე უსაზღვრო ოკეანეში მიიწევს წინ. მისი თქმით, როდესაც იღებს, ის თითქოს ზღვაში მიცურავს, ამიტომ კონკრეტულ ობიექტს ვერ აღიქვამს, უბრალოდ იღებს იმას, რაც მის გარშემოა. ფოტოებზე ასახულ ადამიანებსა და ობიექტებს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ფოტოების დათვალიერების პროცესში აღმოაჩენს ხოლმე. ფოტოების ნახვის შემდეგ, როგორც ის ყვება, მათში გარკვეულ მისტიურობას ხედავს. ფიქრობს, რაზე იყო ეს მომენტი? რის შესახებ? ან ვინ იყო ეს ადამიანი? –

,,მე ვგრძნობ, რომ არის რაღაც მისტიური თითოეულ ფოტოში.“

არტისტი ამბობს, რომ მას აინტერესებს ის რაღაცები, რასაც გადაღების მომენტში ვერ ხედავს და შემდეგ აღმოაჩენს ხოლმე.

,,ტაქსს გულმოდგინედ ვატარებ და არ ვიცი ამ ზღვის მთლიანი სურათი.“

ისუი ენომოტო საუბრობს იმაზე, თუ როგორ შთაბეჭდილებას ახდენს მუშაობის პროცესი მასზე – ,,როგორც ზღვის სიღრმეებში ჩაძირულ ნივთებზე მოქმედებს ძლიერი წნევა ფიზიკის კანონით,“ – ამბობს ის – ,,ასეთივე ძლიერი ზეწოლით მოქმედებს ზღვა ჩემს ხუთ გრძნობაზე.“

ისუი ენომოტოსთვის საკუთარი ნამუშევრები არის მოგონებები, რომლებშიც კონკრეტული გამოცდილებებია არეკლილი. ამ ფოტოებით მას სურს გამოხატოს თავისი სუბიექტური ხედვა, თუ როგორ აღიქვამს ის ამ გამოცდილებებს მოგონებებში. სწორედ ეს არის ასახული მის ფოტოებზე – სამყაროს სუბიექტური აღქმა. ამისთვის ის სხვადასხვაგვარ ექსპოზიციას იყენებს. მისი ნამუშევრები ნამდვილად აღძრავენ ნოსტალგიის, მოგონების, მონატრების განცდას.

ენომოტო ყვება, რომ მრავალი რამის ნახვისა და გამოცდის შემდეგ, მას ისეთი გრძნობა ეუფლება, თითქოს ამ ყველაფერს შორის იძირება. ,,შეგრძნება მაქვს ისეთი, თითქოს ამ ფოტოგრაფიული კადრების ზღვაში ვმოძრაობ.“

ისუი ენომოტოს ნამუშევრის ,,ტაქსი ზღვაში“-ს პირველი სერია 2013 წელს ,,Fraction Magazine Japan”-ში გამოქვეყნდა.

,,ტაქსი ზღვაში“-ს მეორე სერია 2016 წელს ციფრულმა ვიდეო არხმა – NOWNESS – მა საკუთარ პლატფორმაზე გამოაქვეყნა. ეს იყო მეთიუ ბეითის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ისუი ენომოტოზე, რომელიც შექმნილია ფოტოგრაფის მიერ გადაღებული კადრებითა და ფოტოებით.

,,ტაქსი ზღვაში“-ს საბოლოო მესამე სერია კი იყო 2018-2019 წლების ზამთარში გადაღებული ფოტოები.

სამყაროს ინდივიდუალურ აღქმათა გაზიარება საინტერესო გამოცდილებას ქმნის, სწორედ ერთ-ერთი მათგანია ისუი ენომოტო და მისი მაგიური ნამუშევრები. ენომოტო კითხვაზე, თუ რას ეძებს ის, პასუხობს, რომ მას უბრალოდ სურს, თავის ფოტოებზე ზუსტად აღბეჭდოს რას ხედავს და რას გრძნობს. ,,ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის.“ – ამბობს ფოტოგრაფი.