“ალბათ ესთერი”- მეოცე სუკუნის ტრაგიზმი პოეტურად

Katja Petrowskaja: „Die deutsche Sprache kam einer Befreiung gleich“ - WELT
Credits to Puch Johannes

საკუთარი გვარის წარმოშობასთან დაკავშირებით, ცხოვრებაში ერთხელ მაინც, ალბათ ყველას გასჩენია ცნობისმოყვარეობა. ზოგიერთს გვარის შემადგენელი სიტყვები გაუშიფრავს, დაუმარცვლია და შემდეგ ამ ცნების წარმოქნასთან დაკავშირებით რამდენიმე ინტერპრეტაციაც შეუთხზავს, ან სადმე წაუკითხავს: „ას-ათი-ანი“, „ბერ-ია“, „გოგი-შვილი“ და ა.შ. ზოგიერთ იღბლიანს საგვარეულო წიგნიც აღმოუჩენია, სადაც ბევრად უფრო ვრცელი, ქრონოლოგიურად დალაგებული და ზედმიწევნით გაწერილი ისტორია წაუკითხავს საკუთარი წარმოშობის შესახებ. თუ ვინმე უფრო შორს წასულა, საპატრიარქოს მიერ ნაბოძებ დროშასა და გერბს  აღმოაჩენდა, საუკეთესო შემთხვევაში კი საგვარეულო ჰიმნსაც მოისმენდა. თუმცა, ყველაზე კარგ ვარიანტშიც კი, რაც არ უნდა დიდი დრო დაუთმო საკუთრი წარმოშობის შესწავლას, თუნდაც, ეს ყოველდღიურ საქმიანობად აქციო, კვალი ყოველთვის ქრება, იკარგება და მძებნელიც საკუთარი, ან წინაპართა მიერ შექმნილი, რეალური და წარმოსახვითი ფაქტებით შეკოწიწებული ინტერპრეტაციების ამარა რჩება. ძიების ბოლოს ჩიხი ელოდება წინაპართა ცხოვრება-მოღვაწეობით დაინტერესებულ ყველა ადამიანს. თუმცა, უსამართლობა იქნება ამ ჩიხს გაუვალი ვუწოდოთ და ამოუხსნელ ამოცანად მივიჩნიოთ, მსგავსი პატარ-პატარა, ან უფრო დიდი დაბრკოლებები ძიების შუაში ან დასაწყისშიც გამოჩნდება ხოლმე. ამ დაბრკოლებების გადალახვა და ამოხსნა კი ზოგჯერ ფაქტებისა და რეალობის ხარჯზე ხდება, ზოგჯერ კი წარმოსახვაა გასაღები. ეს პროცესი შეიძლება ძალიან დიდხანს  გაგრძელდეს, არც ისაა გამორიცხული დასაწყისშივე დასრულდეს ან შუა გზაზე მიტოვებული აღმოჩნდეს. ყველაფერი რომ დავივიწყოთ, ამ ამბავში ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი სწორედ ის ადამიანები არიან, რომლებმაც საკუთარი გვარი შექმნეს ან შეინარჩუნეს. ჩვენი წინაპრების ამბები სწორედ ის ძარღვებია, რომლებიც მთლიანობაში ისტორიას ქმნიან. ამიტომ, მიუხედავად იმისა, როდის და რა წარმატებით დასრულდება ძიება, მას ყოველთვის აქვს აზრი.

„კატია პეტროვსკაიას ისტორიების თითოეული თავიდან მოზრდილი რომანი დაიწერებოდა“ – ლაშა ბაქრაძე

კატია პეტროვსკაიას საკუთარი წინაპრების კვალის გაყოლა ყველა მძებნელზე უკეთ გამოუვიდა. მან იმოგზაურა პოლონეთში, ავსტრიაში, მშობლიურ უკრაინაში, რუსეთში, მისი ძიება ინგლისსა და ამერიკასაც კი მისწვდა და დაგროვილი ემპირიული თუ თეორიული ცოდნა, ამდენი ერთმანეთში ათქვეფილი ისტორია, ფაქტი, მოვლენა, ტარგედია, სიკვდილი, სიცოხლე თანმიმდვრულად დაალაგა და რამდენიმე ასეულ გვერდში მოუყარა თავი. პეტროვსაკიას წინაპრების ისტორიები მთელს მეოცე საუკუნეს მოიცავს, იტევს ისეთ მაშტაბურ მოვლენებს, როგორიცაა პირელი და მეორე მსოფლიო ომები, ჰოლოკოსტი, საბჭოთა ეპოქის დასაწისი და დასასრული და ყველა იმ ფაქტსა და ადამიანს, რომლებმაც  მთელი XX საუკუნე შექმნეს.

„ალბათ ესთერი“ დოკუმენტურ ნაწარმოებებს შორის ყველაზე პოეტურია. ავტორი ადამიანურ, სევდიან, საინტერესო, სულისშემძვრელ, ზოგჯერ ღიმილისმომგვრელ ეპოქის შემოქმედ ჭრელ-ჭრელ ამბებს გვიყვება გამოკვეთილად მხატვრული, პოეტური ენით. სხვა დოკუმენტური პროზის წარმომედგენელი ავტორებისგან განსხვავებით პეტროვსკაიამ გადაწყვიტა ეპოქის ყველაზე საშინელი და მძიმე ნაწილი ერთ თავში მოქეცია. ამ თავს კი „ბაბი-იარი“ უწოდა, მარტივად და გასაგებად. სწორედ „ბაბი-იარი“ აღმოჩნდა წიგნის დასკვნითი ნაწილი.

ბაბი-იარი – ხრამი კიევთან

„ბაბი-იართან არ დაუდაგმთ არც ერთი ძეგლი,

ციცაბო ხრამი დამსგავსებია ტლანქ ქვას საფლავზე.

შემზარავია.

იმდენივე წლისა შევსრულდი,

ებრაელები რომ ითვლიან დასაბამიდან“. – (ევგენი ევტუშენკო)

ბაბი-იარი ჭეშმარიტად, უდაოდ დაწყევლილი ადგილია. მის ამოვსებას, გაქრობას და განადგურებას საბჭოთა კავშირი გაუჩერებლად ცდილობდა. აგურის ქარხნის ნარჩენებით, წყლით, თიხით, ქვიშით. თუმცა მეორე მსოფლიო ომის დროს მოკლული ასეულობით ათასი ადამიანის კვალი არასდროს გაქრება, ვერც საბჭოთა იმპერიამ გააქრო, ვერც წყალდიდობამ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ ტრაგედიას ვერც ადამიანური ძალა მოერია და ვერც ბუნება. პირიქით, 1961 წელს, როცა ბაბი-იარის ჯებირი შლამმა გაანგრია და 1500 ადამიანი მოიყოლა ქვეშ, იქ დამარხული ისტორიები გაიფანტა, მთელს ქვეყანას მოედო. სსრკ-ში ამ თემაზე ლაპარაკი დაიწყეს, ყველა გაზეთი ბაბი-იარზე წერდა. ოცი წლის შემდეგ, საბჭოთა მოქლაქეებმა გაითავისეს ებრაული ტრაგედია, ებრაელი მკვდრები კი საკუთარ დანაკარგად  მიიღეს. ისინი უკვე აღარ იყვნენ ვიღაცის მკვდრები.

„ყველა დახვრეტილი მოხუცი/მე. ყველა დახვრეტილი ბავშვი/მე“. (ევტუშენკო)

ბაბი-აირის ტრაგედიამ უამრავი ებრაელი იმსხვერპლა, წარმოშობით ებრაელი კატია პეტროვსკაისთვის და მისი ოჯახისთვის იქ დაღუპული ყოველი ადამიანი ახლობელი და მნიშვნელოვანი იყო. ჯებირის დანგრევის შემდეგ, როცა მათი პერსპექტივა ყველა საბჭოთა მოქლქემ გაიაზრა, მათი ტვირთი ბევრად უფრო მსუბუქი გახდა. ერთმანეთს ურეკავდნენ და სიხარულისგან ტიროდნენ, რომ ამ უბედურებაზე ბოლოს და ბოლოს საჯაროდ დაიწყეს ლაპარაკი.

ებრაელი მოღალატე – იუდა

იუდა შტერნი ავტორის ბაბუის ძმა იყო. 1932 წლის 5 მაისს მან მოსკოვში გერმანიის ელჩი ფრიც ფონ ტვარდოვსკი სასიკვდილოდ დაჭრა. ეს გერმანიის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოხდა. ჰიტლერის ხელისუფლებში მოსვლამდე სულ ცოტა ხნით ადრე. „როცა ორი ქვეყანა შეთანხმებულად მიექნებოდა სიგიჟისკენ“.

სწორედ ამ დროს დუპირისპირდა ნაციონალ-სოციალიზმი ებრაულ ბოლშევიზმს. ეს დამთხვევა იყო, თუ ფრანც ფერდინანდის მკვლელობის მსგავსი ეფექტი ჰქონდა, ჯერ კიდევ საკითხავია. თუმცა იმ დროს ყველა გრემანული და საბჭოთა გაზეთი გერმანელი ელჩის მკვლელობაზე წერდა. თითქოს ებრაელებს მეოცე სუკუნის ყველაზე დიდ უბედურებაში პასუხისმგებლობა დაეკისრათ. იუდა შტერნზე დღეს არავინ ლაპარაკობს. მაშინ პასუხისმგებლობა პოლონელებს დაეკისრათ, თითქოს მათ გერმანიასა და სსრკ-ს შორის დაძაბულობის შექმნა სურდათ. მთელს ამ გაურკვევლობაში, ყველაზე საინტერესო მკვლელის სახელია. მას იუდა ერქვა. თითქოს იუდა შტერნი სიცოცხლის პირველსავე წამებში მოღალატედ მონათლეს, ან იქმდე, სანამ დაიბადებოდა. 1932 წელს მოღალატე შტერნი ყველამ გიჟად შერაცხა. მაგრამ ის გიჟი არ ყოფილა, ამ როლის შესრულება სხვების შიშმა აიძულა. დღემდე გაურკვევლია მისი მოტივი, თუმცა სასამართლოზე წარმოთქმული სიტყვები მის შეურაცხადობას ეჭვქვეშ აყენებს. მან თქვა, ყველაფერი უკან მიმაქვს, რადგან სასამართლო არაევროპული მეთოდებით წარიმართაო. აშკარაა, რომ „არაევროპულ მეთოდებში“ წამება იგულისხმება. ამას მაშინვე მიხვდა მთელი საზოგადოება, თუმცა ამ სიტყვის გამოყენების ევროპულ გზეთებსაც ეშინოდათ. იუდა მაისის იმ საბედისწერო დღის შემდეგ განწირული იყო, ამიტომ მორჩილებასა და დამცირებას ღირსების შენარჩუნება ამჯობინა.

როგორ იბადება ენიდან მეტყველება

პეტროვსკაიას დედა და მისი წინაპრები მასწავლებლები იყვნენ, ყრუ-მუნჯ ბავშვებს ასწავლიდნენ. მისი ბებია როზა რომ მოხუცდა, მასწავლებლობას თავი დაანება, მაგრამ ლაპარაკისას ხელებით სიცოცხლის ბოლომდე ასრულებდა საცეკვაო ილეთებს. აცეკვებული ხელები არასდროს უჩერდებოდა, არც მაშინ, როცა ხელში დანა-ჩანგალი ან სიგარეტი ეჭირა. მან მეორე მსოფლიო ომის დროს სამხრეთ ურალის ერთ დასახლებში შვილებთან ერთად 200-მდე ობოლი ბავშვი ჩაიბარა, ცეკვა და სიმღრა ასწავლა. ყრუ-მუნჯი ბავშვებისთვის  წერისა და ჟესტების ენით საუბრის სწავლების ყველაზე შთამბეჭდვი მეთოდი კატიას დიდ ბაბუას, სიმონს ეკუთვნის. მოსწავლეებს პირში კალამი ედოთ და ისე სწავლობდნენ. წვერი მასწავლებელს ედო პირში, ბოლო კი – ბავშვს. კალამი ვიბრირებდა და ბავშვები მეტყველებას შეიგრძნობდნენ.

ამ ისტორიების გარდა, კატია პეტროვსკაიას წინაპრები უამრავ შთამბეჭდავ და ეპოქალურ ამბებში იყვნენ გახვეულნი. კატიამ კი თავის წიგნში „ალბათ ესთერი“ ამ სიუჟეტებით ალტერნატიული, ებრაელი უკრაინელების თვალით დანახული მეოცე საუკუნე აღგვიწერა.