The Unbearable Lightness of Being – არსებობის პარადოქსული ირონია მილან კუნდერას რომანში

ნიკოლას ჰორნბი ერთ-ერთ რომანში წერდა: ” არ ვარ მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი კაცი, მაგრამ არც ყველაზე სულელი ვარ. წამიკითხავს წიგნები- “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” და “სიყვარული ქოლერას დროს”, წავიკითხე და გავიგე კიდეც. ეს რომანები ხომ გოგონების შესახებაა? კარგი, ვხუმრობ…” ხოდა, მე ვინ ვარ, რომ ჩემს თავს სულელი ვუწოდო, მეც ხომ წავიკითხე და შევიყვარე მილან კუნდერას “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”?! შეუძლებელია ამ რომანის გაცნობის შემდეგ სევდიანი თვითკმაყოფილება არ იგრძნო, იმ მიზეზით, რომ ეგზისტენციალური განვითარების ახალ საფეხურზე გადახვედი. ისეთი რომანია, გემრიელ, ინტელექტუალურ სევდას რომ მოგგვრის. ამიტომ, ვერ გაექცევით იმ ფაქტს, რომ “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” ფილოსოფიური წიგნია, რომელშიც მილან კუნდერა საკუთარი იდეების, საკმაოდ პრაგმატული იდეების გავლენის ქვეშ გაქცევს. მსოფლიო ლიტერატურის ნიმუშებს რომ შევადაროთ, ეს წიგნი დოსტოევსკის “დანაშაულსა და სასჯელს” ან ვოლტერის “კანდიდს” გაუწევდა კომპანიონობას.

Juliette Binoche and Daniel Day-Lewis in The Unbearable Lightness of Being (1988)

რომანის მთავარი იდეა და გზავნილი სათაურიდანვე იკითხება. აქვს თუ არა პიროვნების ცხოვრებას “წონა” და თუ აქვს, რეალურია თუ უბრალოდ სუბიექტურ პათეტიკას წარმოადგენს? ისეთი ადამიანები, როგორიც ტომასია ირჩევენ ცხოვრების მარტივ, ხორციელ გზას მეტი სიამოვნებითა და ნაკლები პასუხისმგებლობებით. მეორენი კი მისდევენ ტერეზას კვალს, ეწინააღმდეგებიან ფილოსოფიური არსებობის უწონადობას, ცხოვრებისთვის მიზნებითა და ამბიციებით აზრის მინიჭებით, რომლებიც აღმოჩნდება, რომ ტომასის ცხოვრებისეული მსოფლმხედველობის უბრალოდ გახანგრძლივებულ პერსპექტივას წარმოადგენს. ერთნიც და მეორენიც ცხოვრობენ უაზროდ და მძიმედ, იმ განსხვავებით რომ ტომასის ტიპის ადამიანები მოწყენილობით იტანჯებიან, ტერეზასნაირები კი გონებისა და ემოციების მსხვერპლნი ხდებიან. რომანის კონტრასტული პერსონაჟები, კუნდერას მიერ დახატული მძიმე განაჩენია, რომ სულიერ-ფსიქოლოგიური განვითარება ფსევდოა სამყაროს შეზიზღების გზითაც და მასთან ხორციელად შერწყმითაც. ადამიანი არსებობის პირველივე წამიდან განწირულია უბედურებისთვის, არ აქვს მნიშვნლეობა როგორ აეწყობა მისი ცხოვრების შემთხვევითობათა ჯაჭვი, ნებისმიერი გზის არჩევისას შედეგი ერთნაირად უაზროა. ეს სიმარტივე ხდის ამდენად აუტანელს ჩვენს ცარიელ არსებობას, თუმცა სწორედ ამის გაცნობიერება გვათავისუფლებს. გააზრების ტვირთის სრულიად მოხსნა და აბსოლუტური რეალობის ერთწახნაგოვანი სიმძიმის არარსებობა გვხდის ჰაერზე უფრო მსუბუქსა და გვაძლევს ფრენის საშუალებას მიწიერი არსებობის მიღმა. ეს არის კუნდერას მიერ შემოთავაზებული გამოსავალი, მიაგნო უაზრობის იმ წერტილს, რომელიც არსებობის ჯაჭვს კრავს და იქცე თავისუფალ, რეალურ, მაგრამ უმნიშვნელო არსებად აუტანლად მსუბუქ ყოფაში, ტვირთის გარეშე.

Cover of the book – The unbearable lightness of being