მარი კიური: სექსიზმი ნობელის პრემიის წინააღმდეგ

პირველი ქალი, ვისაც ნობელის პრემია გადაეცა, პირველი ადამიანი, ვინც 2-ჯერ მიიღო ნობელის პრემია და ერთადერთი, ვისაც აქვს ნობელის პრემია ორ სხვადასხვა სამეცნიერო დარგში.

მარი სკლოდოვსკა-კიური 1867 წლის 7 ნოემბერს პოლონეთში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამა ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებელი იყო. 70-იანები წლები, როდესაც პოლონეთი დაყოფილი იყო და ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამოუკიდებლობა, რთულად შესაგუებელი იყო მოსახლეობისთვის. სწორედ ამ პერიოდში რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა ლაბორატორიული სწავლება პოლონეთის სკოლებში, რის გამოც ვლადისლავ სკლოდოვსკის, მარის მამას, სახლში მოუწია ლაბორატორიული დანადგარების განთავსება. სწორედ ასე დაიწყო მარისა და სამეცნიერო სფეროს სამომავლოდ მჭიდრო კავშირი: მამა მას ყველაფრის გამოყენებას ასწავლიდა.

რეჟიმის გამო ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ამასთანავე, 10 წლის ასაკში კიურის ტუბერკულოზით გარდაეცვალა დედა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ის 1883 წელს ოქროს მედალზე ასრულებს სკოლას, თუმცაღა, იმის გამო, რომ ის ქალია, არ შეუძლია უმაღლესი განათლების მიღება. ერთადერთი რამ, რაზეც მას ხელი მიუწვდებოდა, ეს “მფრინავი უნივერსიტეტი” (Flying University) იყო. ის წარმოადგენდა პოლონურ მიწისქვეშა პატრიოტულ უმაღლეს საგანმანათლებო გაერთიანებას, რომელსაც სურდა სათანადო ცოდნა მიეწოდებინა პოლონელი ახალგაზრდებისთვის, განურჩევლად სქესისა.

პიერი და მარი ქორწინებამდე

მოგვიანებით, 1891 წელს კიური პარიზში, საკუთარ დასთან ჩადის. ის იწყებს სწავლას პარიზის უნივერსიტეტში ფიზიკის, ქიმიისა და მათემატიკის მიმართულებით. სკლოდოვსკამ დაიწყო თავისი სამეცნიერო კარიერა პარიზში სხვადასხვა ფოლადის მაგნიტური თვისებების გამოკვლევით, “ეროვნული მრეწველობის წახალისების საზოგადოების” დაკვეთით. იმავე პერიოდში მის ცხოვრებაში პიერ კიური შემოდის, რომელიც ამ დროს “პარიზის ფიზიკისა და ქიმიის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების”  (ESPCI Paris) ინსტრუქტორია. მარი ამ პერიოდში უფრო დიდ ლაბორატორიას ეძებდა სამუშაოდ, მათი საერთო ნაცნობის რჩევით, პიერ კიური იყო ის ადამიანი, ვისაც დახმარება შეეძლო. სწორედ ასე გადაიკვეთნენ პირველად.

მეცნიერებისადმი საერთო ურთიერთგატაცებამ ისინი დააახლოვა და გარკვეული დროის შემდეგ მათ ერთმანეთის მიმართ გრძნობებიც გაუჩნდათ. თუმცაღა, როდესაც პიერმა ქორწინება შესთავაზა, სკლოდოვსკამ წინადადება უარყო – მას სურდა სამშობლოში დაბრუნება და კარიერის გაგრძელება. მართლაც, 1894 წლის ზაფხულს სკლოდოვსკა დაბრუნდა ვარშავაში და ოჯახი მოინახულა. გულსატკენია ის რეალობა, რომ მარის სწამდა საკუთარ ქვეყანაში არჩეული პროფესიით მოღვაწეობის იდეისა. სექსისტურმა რეალობამ მას ეს ილუზია მალევე დაუმსხვრია: მისი კანდიდატურა სქესის გამო უარყო კრაკოვის უნივერსიტეტმა.

პიერის წერილმა დაარწმუნა მარი, რომ დაბრუნებოდა პარიზსს. 1895 წლის 26 ივლისს ისინი საბოლოოდ დაქორწინდნენ.  ნაცვლად ქათქათა საპატარძლო კაბისა, კიურის მუქი ტანსაცმელი ეცვა, რომელიც მოგვიანებით მას მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა, როგორც ლაბორატორიული სამოსი. დროის შემდეგ აშკარა გახდა, რომ პიერში მარიმ,  გარდა მოსიყვარულე პარტნიორისა, თანამოაზრე დაინახა, რომელთანაც საკუთარი იდეების განხორციელებას შეძლებდა.

პიერი და მარი

1896 წელს ანრი ბეკერელმა რადიოაქტიურობა აღმოჩინა. სწორედ ამ მოვლენამ მალევე  შთააგონა კიურიები მათ ბრწყინვალე გამოკვლევებსა და ანალიზებში. კიურიმ შეიმუშავა რადიუმის რადიოაქტიური ნარჩენებისგან მცირე დოზით გამოყოფის მეთოდები, რათა ამგვარად შესაძლებელი ყოფილიყო მისი დახასიათება და მისი თვისებების, განსაკუთრებით კი თერაპიულის, ფრთხილად შესწავლა.

1903 წლის ივნისში, გაბრიელ ლიპმანის ხელმძღვანელობით, მარი კიურის მიენიჭა დოქტორის წოდება პარიზის უნივერსიტეტისგან. იმ თვეში წყვილი მიიწვიეს ლონდონის სამეფო ინსტიტუტში, რათა გამოსულიყვნენ რადიოაქტიურობის შესახებ მოხსენებით. ამ მოხსენებაზე მარის, როგორც ქალს, აეკრძალა საუბარი, მხოლოდ პიერ კიურის მიეცა წარდგენის უფლება. მიუხედავად მსგავსი უსამართლობებისა, კიური თავს იკავებდა რაიმე სახის პროტესტისგან, რადგან ის, რაც მას აინტერესებდა, მხოლოდ მეცნიერება იყო.

“მე მათ შორის ვარ, ვინც ფიქრობს, რომ მეცნიერებას დიდი სილამაზე აქვს. მეცნიერი თავის ლაბორატორიაში მხოლოდ ტექნიკოსი არ არის: ის ბავშვიცაა, რომელიც თითქოს ბუნებრივი ფენომენის წიაღშია მოთავსებული.”

თავდაუზოგავი შრომის შემდეგ, 1898 წლის ივლისში ცოლ-ქმარმა აღმოაჩინა ახალი ქიმიური ელემენტი პოლონიუმი, ხოლო ამავე წლის დეკემბერში — რადიუმი. საინტერესოა ისიც, რომ მარიმ პირველმა მოამზადა რადიუმის ეტალონი, რომელიც 24 წლის განმავლობაში მსოფლიოში ერთადერთი იყო.

1903 წლის დეკემბერში შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ პიერ კიურის, მარი კიურისა და ანრი ბეკერელს ნობელის პრემია მიანიჭა ფიზიკაში.

„იმ არაჩვეულებრივი მომსახურებისთვის, რომელიც მათ გაწიეს პროფესორ ანრი ბეკერელის მიერ აღმოჩენილი რადიაციული ფენომენების ერთობლივი გამოკვლევებით“.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად კომიტეტი აპირებდა მხოლოდ პიერ კიურისა და ანრი ბეკერელის ნომინირებას, მაგრამ კომიტეტის წევრმა და მეცნიერ ქალთა ადვოკატმა, შვედმა მათემატიკოსმა, გააფრთხილა პიერი სიტუაციის შესახებ. პიერმა საჩივარი შეიტანა, რის შედეგადაც მარი კიურის სახელი ნომინაციას დაემატა. სწორედ ამგვარი უამრავლი დაბრკოლებით აღსავსე გზა განვლო მარი კიურიმ, მაგრამ ცხადია, ამ ყველაფერს იგი არ შეუჩერებია –  მან მოახერხა და გახდა პირველი ქალი, რომელსაც ნობელის პრემია მიენიჭა.

3 წლის შემდეგ პიერი ტრაგიკულმა ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა. ქმრის გარდაცვალებით განადგურებული კიური ნელ-ნელა უფრო სცილდებოდა რეალურს, მაგრამ უახლოვდებოდა სამეცნიერო სამყაროს.

1911 წელს კიურის კარიერას “ლაქა დაეტყო” : საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ მარის 1 წლის განმავლობაში რომანი ჰქონდა გარდაცვლილი ქმრის მოსწავლე – ფიზიკოს პოლ ლანჟევინთან. ეს სკანდალი იყო, რომლის გამოიყენებასაც მისი აკადემიური ოპონენტები გაცხარებით ცდილობნენ.

ამ სკანდალით გამოწვეული წინააღმდეგობების დასაძლევად შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ მეორედ დააჯილდოვა კიური ნობელის პრემიით, ამჯერად ქიმიის დარგში.

რომანის გამოსაჯაროობა მოქმედებდა ნობელის კომიტეტის ერთ-ერთ თავმჯდომარეზე, რომელიც შედეგად ცდილობდა ხელი შეეშალა კიურისთვის მისი ქიმიის ნობელის პრემიის ოფიციალურ ცერემონიაზე დასწრებააში, კიურის საეჭვო მორალური მდგომარეობის მოტივით. მარიმ უპასუხა, რომ დაესწრებოდა ცერემონიას, რადგან პრიზი მას მიენიჭა პოლონიუმისა და რადიუმის აღმოჩენისთვის” და რომ “არანაირი კავშირი არ არის მის სამეცნიერო მუშაობასა და მისი პირადი ცხოვრების ფაქტებს შორის”.

“იყავი ნაკლებად ცნობისმოყვარე ადამიანების მიმართ და უფრო მეტად დაინტერესდი იდეებით.”

ფაქტია, რომ ნობელამდე მისვლა მარი კიურის ბევრ რამედ დაუჯდა, მაგრამ  უფრო მეტი იმ დროისთვის ქალად ყოფნისთვის გადაიხადა.

უამრავი სტერეოტიპის მსხვერპლი ქალი მაინც თავის ეპოქაში ყველა სხვა მამაკაც მეცნიერზე მეტ წარმატებას აღწევს. დღესაც ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც პირველ ქალ პროფესორს პარიზის (სორბონის) უნივერსიტეტში, პირველ ნობელიანტ ქალს, პირველ ადამიანს, რომელმაც შეძლო და ორ სხვადასხვა სფეროში მიიღო ნობელის პრემია, ვიცნობთ ადამიანად, რომელმაც აღმოაჩინა პოლონიუმი და რადიუმი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა კიბოს სამკურნალო საშუალებების ძიებაში. და რა არის უფრო მნიშვნელოვანი, ეს ყველა დამსახურება თუ უბრალოდ ქალად დაბადება?!… ცხადია, მარი სკლოდოვსკა-კიურიმ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ისტორიაში.

“ცხოვრება არც ერთი ჩვენგანისთვის არ არის ადვილი. მაგრამ აქიდან რა? მთავარია, ჩვენ გვქონდეს გამძლეობა და უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის რწმენა. უნდა გვჯეროდეს, რომ რაღაცისთვის ვართ მოვლენილები და რომ, ამ რაღაცას უნდა მივაღწიოთ.”

Solvay Conference (1911) – კიური (მჯდომარე, მეორე მარჯვნიდან) ესაუბრება ანრი პუანკარეს; იქვე დგანან რეზერფორდი (მარჯვნიდან მეოთხე), აინშტაინი (მარჯვნიდან მეორე) და პოლ ლანჟევინი.