12 (შედარებით უცნობი) საშინელებათა ფილმები ჰელოუინისათვის

Halloween

მიუხედავად იმისა, რომ ჰელოუინის დღესასწაულმა უკვე ჩაიარა, გთავაზობთ 12 ფილმს, რომელიც ამ დღესასწაულის განწყობის შენარჩუნებასა და გახანგრძლივებაში დაგეხმარებათ.

12. Empty Man
„ცარიელი კაცი“ 1995 წლის მოვლენებით იწყება და გვიჩვენებს 4 მეგობარს, რომლებიდანაც ერთ-ერთი ბუტანში მთამსვლელობისას გამოქვაბულში უცნაური არსების, „ცარიელი კაცის“ – ჩონჩხს პოულობს, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ოთხივე მათგანი საეჭვოდ ასრულებს სიცოცხლეს. ამის შემდეგ ფილმი გვაბრუნებს აწმყოში და მოგვითხრობს ყოფილ პოლიციელზე, რომელიც დაკარგული გოგონას ძებნისას, საეჭვო კულტს აღმოაჩენს. კულტს, რომელიც სწორედ ამ არსებას, „ცარიელ კაცს“ სცემს თაყვანს. ფილმის მთავარი ხიბლი იმაშია, რომ ტოვებს ადგილს თავისუფალი ინტერპრეტირებისათვის, რომ მაყურებელმა თავად შეძლოს ფილმში არსებული ბოროტების დეფინიცია.

 

11. The Lodge
ფილმი გვიყვება დედინაცვალსა და და-ძმაზე, რომლებიც შობის დღესასწაულს ქალაქგარეთ სახლში ატარებენ. იმ ადამიანებისათვის, ვისაც ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრის ფილმები მოსწონს, „ქოხი“ იდეალურია, აქ ვერ შეხვდებით ე.წ „Jump Scare”-ებსა და მონსტრებს, რადგან ფილმი ორიენტირებულია ისეთ თემებზე, როგორიცაა ადამიანის ჭკუიდან შეშლა, ტრავმული გამოცდილება და გამიზნული ბოროტება, ამასთან კი, არაფრით ჩამოუვარდება ჟანრის კლასიკებს.

 

10. Metamorphosis
„მეტამორფოზა“ კორეული ფილმია და ეხება ოჯახს, რომელსაც ბოროტი ძალა შეუჩნდება. ერთი შეხედვით იდეალური ოჯახი ახალ სახლში გადადის საცხოვრებლად და სწორედ მაშინ იწყება მათ ცხოვრებაში უცნაური მოვლენები. საქმე იმაშია, რომ ბოროტ ძალას ოჯახის წევრის სახის მიღება შეუძლია და ასე ახერხებს ოჯახის თითოეული წევრი, მშობლები და ბავშვები ერთმანეთს აუმხედროს. შეშინებული ბავშვები თავის ბიძას ურეკავენ დასახმარებლად, რომელიც კათოლიკე მღვდელია და ატარებს ეგზორციზმებს. ფილმი საინტერესოა იმ თვალსაზრისით, თუ როგორ ხდება გაუცხოვება და მკვიდრდება უნდობლობა ერთმანეთისათვის ყველაზე ახლო ადამიანებს შორის.

 

9. Incident in a Ghostland
„ინციდენტი მოჩვენებათა ქვეყანაში“ განსაკუთრებით რთულად საყურებელი ფილმია, რომელიც დასასრულამდე გაურკვევლობაში ტოვებს მაყურებელს, თუ სად იშლება რეალობასა და ილუზიას შორის ზღვარი. ფილმი 2 გოგონაზე გვიყვება, რომლებიც ანტაგონისტებს ტყვედ ჩაუვარდებიან და ასახავს მოვლენებს, თუ რა ტანჯვის გამოვლა უწევთ, როგორ ცდილობენ თავის დახსნასა და გადარჩენას. ფილმში ვერ შეხვდებით მონსტრებს, მაგრამ იხილავთ ადამიანებს, რომლებიც არანაკლები ბოროტებითა და სისასტიკით გამოირჩევიან.

 

8. Candyman
“ქენდიმენი“ ამავე სახელწოდების 1992 წლის ფილმის სიქველია, რომლის სცენარიც ჯორდან პილს ეკუთვნის (პილის სცენარებია – „Get Out”, “Us”, “Nope”, სხვ.). ავტორი ხშირად ეხება ისეთ რასობრივ თემებს, რომელიც გამოიხატება შავკანიანი ადამიანის მიმართ უსამართლო და სასტიკ მოპყრობაში. ფილმის მთავარი ანტაგონისტ(ებ)იც, სწორედ შურისძიების სურვილით შეპყრობილი ქენდიმენია, რომელიც კაუჭით უსწორდება თავის მსხვერპლს. სიუჟეტი კი ახალგაზრდა ხელოვანის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც იკვლევს ურბანულ ლეგენდას „ქენდიმენზე“.

 

7. Piggy
“Piggy” 2022 წლის ესპანური ფილმია და ე.წ “slasher”-ის ტიპის საშინელებათა ჟანრს ეკუთვნის. “Piggy” გვიყვება ჭარბწონიან გოგონაზე, სარაზე, რომელიც მუდმივი დაცინვისა და დამცირების მსხვერპლია თავისი თანასოფლელი გოგონების მიერ. ერთ დღესაც სარა შეესწრება იმას, თუ როგორ გაიტაცებს უცხო მამაკაცი მის მჩაგვრელებს და დგება დილემის წინაშე, დაეხმაროს პოლიციას იპოვოს გოგონები, თუ იძიოს შური მათზე.

 

6. As the Gods Will
თუ “კალმარის თამაში” მოგეწონათ მაშინ ეს 2014 წლის იაპონური ფილმი აუცილებლად უნდა ნახოთ. მთავარი გმირი სკოლის მოსწავლე თინეიჯერია, რომელიც უცებ იძულებული გახდება მონაწილეობა მიიღოს ისეთ თამაშებში, რომლის წაგებაც სიკვდილით ისჯება. ფილმი საინტერესოა იმითაც, რომ პერსონაჟების მიერ შესასრულებელი დავალებები დაფუძნებულია ტრადიციულ იაპონურ თამაშებზე.

 

5. Suspiria
იმის მიუხედავად, რომ საშინელებათა ჟანრს მიუკუთვნება – „სუსპირია“ ესთეტიურად შთამბეჭდავი ფილმია და გვიყვება ამბავს ათასწლოვან ალქაჯთა კულტზე, მათ დაპირისპირებაზე და ამ დაპირისპირებაში მოყოლილ ადამიანებზე. აღსანიშნავია ის მსახიობებიც, რომლებსაც ფილმში შევხვდებით, მაგ: ტილდა სუინტონი, დაკოტა ჯონსონი, მია გოთი, ქლოი მორეცი და სხვ.

 

4. Crimes of the Future
“მომავლის დანაშაულები” 2022 წელს გამოვიდა და მიუკუთვნება “body horror”-ის ჟანრს. სიუჟეტის მთავარი პერსონაჟი ერთგვარი მომავლის შოუმენია, რომელიც აუდიტორიის წინაშე ატარებს გარკვეულ ოპერაციებს. ფილმი ისეთ მომავალზე მოგვითრობს, რომელშიც განვითარებულია ბიოტექნოლოგიები და ადამიანური ევოლუციის დაჩქარება ხელოვნურადაა შესაძლებელი.

 

3. I Saw the Devil
2010 წლის კორეული ფილმი – “I saw the Devil” შურისძიების ამბავს გვიყვება. მთავარი პერსონაჟი ეროვნული დაზვერვის აგენტია, რომელიც ცდილობს იპოვოს სერიული მკვლელი, რომელმაც მისი საცოლე წამებით გამოასალმა სიცოცხლეს. შურისძიება არასტანდარტულია, მთავარი პერსონაჟი მახეებს უგებს მკვლელს, იჭერს მას და შემდეგ ათავისუფლებს, რომ თავიდან სხვა ხერხით შეიპყროს ის.

 

2. House that Jack Built
„სახლი, რომელიც ჯეკმა“ ააშენა ლარს ფონ ტრიერის პოსტ-მოდერნული ჟანრის საშინელებათა ფილმია, რომელიც გვიყვება მაღალი ინტელექტის, თუმცა შეუმდგარ არქიტექტორზე. ფილმს ჯეკის თვალთახედვიდან ვხედავთ და მიყვება მის მკვლელობებს, რომელთა სისასტიკეც ავტორს თითქმის “ხელოვნების” დონეზე აქვს აყვანილი. ფილმი განსაკუთრებით საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ ვისმენთ ფსიქოპატის ფიქრებსა და ყოველდღიური მოვლენების მისებურ ახსნას.

 

1. The Wailing
2016 წლის სამხრეთ კორეული ფილმი „ტირილი“ უდავოდ იმსახურებს ამ სიაში პირველ ადგილას ყოფნას. ფილმი განსაკუთრებით კი იმ ადამიანებისთვისაა, რომლებიც ფილმებში ბევრ და კარგ „plot twist”-ებს ყველაზე მეტად აფასებენ. “ტირილის” მთავარი პერსონაჟი არამოტივირებული პოლიციელია, რომელიც სოფელში გავრცელებული დაავადების შედეგად ჩადენილ დანაშაულებზე მუშაობს. მალე კი ამჩნევს, რომ „ვირუსი“ მის ქალიშვილსაც შეეყარა. ფილმი ვიზუალურად შთამბეჭდავი სანახავია და მოიცავის კორეული კულტურის უმნიშვნელოვანეს ელემენტებს, როგორიცაა ადგილობრივი შამანიზმი, პაგანური და ქრისტიანული ღმერთები, ბუდისტური სიმბოლოები. რეჟისორი ოსტატურად ახერხებს ერთმანეთს დაუპირისპიროს ეს ელემენტები და თან გვაჩვენოს მამის ბრძოლა, რომელმაც შვილი უნდა გადაარჩინოს.