დოკუმენტური ფოტოგრაფია – მარგარეტ ბურკ-უაიტი

დოკუმენტურ ფოტოგრაფიას, თანამედროვე ეპოქაში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დანიშნულება აქვს. მისი მთავარი მიზანია შექმნას უტყუარი დოკუმენტი, ასახოს რეალური კადრები. 1936 წელს, ნიუ იორკში გამოვიდა ყოველკვირეული გაზეთი “Life”, რომლის პროგრამაშიც აღნიშნული იყო მისი მთავარი მიზანი : „დაინახოს ცხოვრება – დაინახოს მსოფლიო.“ – „ To see life – to see the world. “ გაზეთის განსაკუთრებულობა იმაში გამოიხატებოდა, რომ მას არა რედაქტორები, არამედ ფოტოგრაფები ქმნიდნენ. 36 წლის მანძილზე ეს იყო მსოფლიოს წამყვანი ჟურნალი, რომლის განსაკუთრებული წარმატებულობა მასზე მომუშავე ფოტოგრაფთა გუნდის არაჩვეულებრივობით იყო განპირობებული. Life-ის ფოტოჟურნალისტთა შორის ერთ-ერთი იყო მარგარეტ ბურკ-უაიტი (1904-1971). ის საკუთარ ნამუშევრებზე იმ დროინდელ რეალობას ასახავდა, რომელშიც თავად ცხოვრობდა. მას ეკუთვნოდა 1936 წლის ნოემბრის პირველი Life ყდის გარეკანის ფოტო, რომელიც მთელს ეპოქას ასახავდა. გარეკანზე გამოსახული იყო თანამედროვე არქიტექტურა. რკინა-ბეტონის, ცივი, მონუმენტური, მკაცრი ესთეტიკის, მწარმოებლური ფუნქციის ნაგებობები, როგორც კონკრეტული დროის მემორიალი, ვიზუალურად გამოხატული ობიექტების სერია.

photo credits to Margaret Bourke-White / The Life Picture Collection

მარგარეტ ბურკ-უაიტს, ასევე, გადაღებული აქვს ცნობილი ადამიანების პორტრეტები. მან ეკატერინე ჯუღაშვილი და სხვა გამორჩეული, ისტორიული ფიგურები აღბეჭდა. ცნობილია, რომ ფოტოგრაფი ერთ-ერთი პიონერი ფოტო ესეისტი იყო. იგი, თითქოს, თავისი ნამუშევრების საშუალებით პატარა ამბავს, გარკვეულ ისტორიას გვიყვებოდა. ეს მომენტი კარგად ჩანს სამხრეთ აფრიკასა და საბჭოთა კავშირში გადაღებულ ფოტოებზე. ასევე, საინტერესო და საკმაოდ ცნობილი ფოტო ესეები აქვს მიძღვნილი მაჰათმა განდისთვის, რომლებზეც თავად განდია ასახული.

photo credits to Margaret Bourke-White / The Life Picture Collection
photo credits to Indian leader Mohandas Gandhi reading next to a spinning wheel at home.

ფოტოგრაფი აშშ-ს ჯარებს მეორე მსოფლიო ომის დროს სხვადასხვა ბრძოლებში ახლდა თან. განსაკუთრებული მშვენიერებით გამორჩეულ ქალს ასევე ლეიტენანტის წოდებაც ჰქონდა. მისი შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შთაბეჭდილების გამომხატველი ფოტო სერიაა ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკში, 1945 წელს, გადაღებული ფოტოები, სადაც კონცლაგერის ადამიანები, „ცოცხალი მიცვალებულები“ არიან ასახულები. ეს იყო ბანაკი, რომელშიც ფარულად იმყოფებოდა არასრულწლოვანი, 3 წლის ბავშვი. მამამისს ის ჩემოდანში ჰყავდა ჩასმული. ამ ფაქტის შესახებ, ბრუნო აპიციმ რომანი ,,შიშველი ხელით მგლის ხროვაში” დაწერა. 1964 წლის თებერვლის დასაწყისში ,,ბერლინერ ცაიტუნგის” საღამოს გაზეთმა სასიხარულო ცნობა მოსდო მთელს ქვეყანას, იპოვნეს საკონცენტრაციო ბანაკის პატარა გმირი, სტეფან ცილიაკი. მის ძებნას სათავე დაუდო მოსკოვის კინოფესტივალმა, სადაც ბრუნო აპიცის მიერ დაწერილი რომანის მიხედვით გადაღებული რობერტო ბენინის ფილმი „ცხოვრება მშვენიერია“ უჩვენეს. მარგარეტ ბურკ-უაიტის ფოტოსურათებზე ადამიანების განადგურებულ, ნაწვალებ, დამშეულ, ნატანჯ სახეებს ვხედავთ. ეს ყველაფერი მნახველში საკმაოდ მძაფრ, დამთრგუნველ ემოციებს აჩენს. სწორედ ამ განცდებს ამძაფრებს და კინოში აცოცხლებს ბენინი თავისივე ფილმში.

photo credits to Lifeis beautiful, directed by Roberto Benigni
photo credits to Margaret Bourke-White / The Life Picture Collection

ფოტოგრაფის ერთ-ერთ ნამუშევარზე ვხედავთ ომის დროს, ღია სივრცეში, გისოსებით გარშემორტყმულ ადგილას ჩამომჯდარ მამაკაცს, რომლის გვერდით, მიწაზე, ადამიანის გვამია დაწვენილი. კაცს სახე არ უჩანს. თავი ჩამხობილი აქვს. ფოტოსურათი მძიმე და დამთრგუნველ ემოციებს აღძრავს. პერსონაჟის შინაგან შეგრძნებებს მის გარშემო არსებული გარემო, მიწაზე დაწვენილი მამაკაცის სხეული, გისოსები ამძაფრებენ.

photo credits to Margaret Bourke-White / The Life Picture Collection

    ჯარისკაცების საყვარელი, რისკის მოყვარული ფოტოჟურნალისტი მუდმივად ისტორიის ეპიცენტრში იმყოფებოდა – „Life’s Bourke–White goes bombing.“ ფოტოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალის Life-ის ქალი ფოტოჟურნალისტი მარგარეტ ბურკ-უაიტი გამორჩეული ფიგურა იყო, რომელმაც ნამდვილად შეძლო განეხორციელებინა თავის შემოქმედებაში თავისივე სურვილი – ყოფილიყო დროის თვალი. როგორც თვითონ აღნიშნავდა, მისი ფოტოები მეტყველებდნენ „დაუოკებელ სურვილზე იყო იქ, სადაც ისტორია იწერება.“

photo credits to Margaret Bourke-White