მარკ ჩერის სერიალები დიასახლისების ეპიცენტრში

  ტელე-სერიალების მოყვარულებისთვის მარკ ჩერის სახელი უცხო არ უნდა იყოს, მისი შემოქმედებიდან ყველაზე განთქმული – ,,სასოწარკვეთილი დიასახლისები” პატარა ეკრანებზე გამოსვლიდან თითქმის ორი დეკადის შემდეგ, საკულტოდ ქცეული სერიალია. თუმცა, ,,სასოწარკვეთილი დიასახლისები” მხოლოდ ნაწილია იმ სამყაროსი, რომელსაც მარკ ჩერი წლების განმავლობაში ქმნიდა და გვიზიარებდა.

Gregory Pace / Shutterstock

 ელეგანტური და ფერად-ფერადი კოსტუმები, შუა ხნის, ცბიერი დიასახლისები, ღალატის ისტორიები, სასიყვარულო მრავალკუთხედები, მწვანედ აბიბინებული, მოვლილი გაზონები და მის მიღმა მომზირალი ჭორიკანა მეზობლები. ეს მარკ ჩერის კარგად ნაცნობი ხელწერაა, რომელიც ტელემაყურებლებს გვპირდება სანახაობას, რომლითაც ვერასდროს მოვიწყენთ. თუმცა, საიდან იწყება ეს ყველაფერი?

Desperate Housewives - ABC

   მანამ, სანამ მარკ ჩერი თავისი დიასახლისების მულტივერსს შექმნიდა, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში, დამწყები სცენარისტი იმ პერიოდის ორი უდიდესი ტელე-ჰიტის წარმოებაში დასაქმდა. თავდაპირველად, ,,Designing Women”-ის მთავარი როლის შემსრულებლის, დიქსი კარტერის პერსონალური ასისტენტი გახლდათ.

Designing Women - Courtessy Everett Collection | The Golden Girls - TOUCHSTONE/EVERETT COLLECTION

ხოლო, შემდეგ ლეგენდარული სიტკომის ,,The Golden Girls”-ის ბოლო სეზონების სცენარის წერაში ჩაება. ეს ორი სერიალი, ერთგვარი მიმანიშნებელიც გახდა მარკ ჩერის ინტერესებისა. როგორც პედრო ალმოდოვარს აინტერესებს მუდმივად ქალი გმირები და ქალური სივრცეები კინოში, მსგავსად შეგვიძლია მივიჩნიოთ მარკ ჩერიც – ტელევიზიაში.

 

 

პირველი სერიალი კი, რომელიც მარკ ჩერის ავტორობით გამოვიდა და რომლის საშუალებითაც ტელე-მაყურებლებს 90-იან წლებში თავი გააცნო იყო –

,,The 5 Mrs. Buchanans” (1994 – 1995) 

The 5 Mrs. Buchanans - CBS

სერიალი ,,ბიუქენანების ხუთეული” გვიამბობს ბიუქენანების ოჯახების ქალ წარმომადგენლებზე. ამ ქალბატონებიდან ერთი არის ოჯახის მატრიარქი, ე.წ. ,,დედა-ბიუქენანი”, დანარჩენი ოთხი კი – მისი რძლები. ამ ქალების ურთიერთობები ერთმანეთისადმი და მათი ქმრებისადმი კი, ცხადია, დიდი ინტრიგებითაა აღსავსე. მარკ ჩერის ამ მივიწყებული სიტკომის დახასიათება შეგვიძლია, როგორც ხიდი ,,ოქროს გოგონებიდან” ,,დიასახლისების სამყაროს” (,,Desperate Housewives”, ,,Devious Maids”-სა და ,,Why Women Kill”-ს) შორის, რადგან აქ ორივეს ხასიათი მკვეთრად იგრძნობა, თითქოს გოგონების სოფია პეტრილო და დიასახლისების ,,ქალები”, სიტკომიც და საპნის ოპერაც ერთმანეთს ხვდებიან.

 

,,სასოწარკვეთილი დიასახლისები” (2004 – 2012)

Desperate Housewives - ABC

სერიალის, რომელმაც თანამედროვე პოპ-კულტურის ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონია, მოქმედება გარეუბანში, სახელად ,,ვისტერია ლეინში” ვითარდება. მარკ ჩერი ერთ უბანში, მეზობლად მცხოვრები რადიკალურად განსხვავებული დიასახლისების შიდასამზარეულოში გვამოგზაურებს. მათ ერთი მთავარი რამ აერთიანებთ – ერთი შეხედვით სრულყოფილ, რუტინულ ყოფაში ჩაძირული ცოლები ფასადს მიღმა, როგორც წესი, სულ სხვა ამპულაში გვევლინებიან. საიდუმლოებებით მოცული დიასახლისების გაპრიალებულ სამზარეულოს დანებს, ზოგჯერ, სისხლის კვალამდეც კი მივყავართ. ამიტომაც, დრამისა და კომედიის ამგვარი მიქსტურის ყურება მაყურებელს რვა სეზონის განმავლობაში არათუ ბეზრდება, ხშირად, ნოსტალგიასაც კი უტოვებს…

 

,,სასტიკი მოახლეები” (2013 – 2016)

Devious Maids - ABC Studios

მარკ ჩერის ეს სერიალი არა იმდენად დიასახლისებზე, რამდენადაც მათ მოახლეებზეა ფოკუსირებული. ბევერლი ჰილსის შეძლებულ ოჯახებში მომუშავე ლათინოამერიკელი ქალები, რომლებიც მარკჩერისეული საპნისოპერული ინტრიგებით, იუმორით, დრამებითა და კრიმინალური საიდუმლოებებით აღსავსენი არიან გარკვეულწილად მაყურებელს ,,სასოწარკვეთილი დიასახლისების” დატოვებულ ნოსტალგიასაც კი უვსებს…

 

,,რატომ კლავენ ქალები?” (2019-2021)

Why Women Kill - Paramaunt +

,,რატომ კლავენ ქალები?” ანთოლოგიური სერიალია, რომლის ორივე სეზონში, მოქმედება სხვადასხვა დროში იშლება და განსაკუთრებით საინტერესო და საამურ ვიზუალურ სანახაობას ქმნის მეოცე საუკუნის 40-იანი, 60-იანი და 80-იანი წლების ამერიკის სოციალური ცხოვრების გაცოცხლება. კლასობრივ კიბეზე ჩამოქვეითებული პერსონაჟების დილემებით დაწყებული, ელიტური წრის თვალისმომჭრელი ჩაცმულობებითა და გლამურული წვეულებებით დასრულებული სერიალი არცერთი წამით არ მოგვადუნებს. 

თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ,,რატომ კლავენ ქალები” ყველაზე ღირსეულად აგრძელებს ,,სასოწარკვეთილი დიასახლისების” მემკვიდრეობას, მათ შორის ბევრ ზემოთ ნახსენებ სტილურ მსგავსებასაც იპოვით, აქაც გაიცნობთ ქალთა დასამახსოვრებად, სისხლსავსე სახეებს ნაცნობი ატმოსფეროთი, სიუჟეტის მძაფრად დრამატული განვითარებითა და მთხრობელის მუდმივი ჩართულობით. თუმცაღა, ამავდროულად, სერიალი ძალიან ავთენტური და არაპროგნოზირებადია, რაც გვიმტკიცებს, რომ მარკ ჩერის სამყაროში ერთადერთი რასაც შეუცვლელად უნდა ველოდეთ – მოულოდნელობაა.