რატომ უნდა ვისაუბროთ სექსუალობაზე?

“სექსუალობა ლირიციზმია მასებისა“

– შარლ ბოდლერი

წლების განმავლობაში მიმდინარეობდა დავა იმაზე, თუ რამდენად სწორად აფასებდა ფროიდი ადამიანის სექსუალობის მნიშვნელობას, მაშინ, როდესაც ლიბიდოს კაცობრიობის მამოძრავებელ ძალად ასახელებდა. დღეს ვიცით, რომ ადამიანური ქცევები, საზოგადოებრივი ფუნქციები, თუ სტრუქტურები გაცილებით კომპლექსურია, ვიდრე ეს ლიბიდოთი განპირობებული ქმედებებია. მიუხედავად ამისა, ფსიქოანალიზი რჩება იმ აპრობირებულ მეთოდად, რომელსაც შეუძლია დაგვეხმაროს არაერთ კითხვაზე ვიპოვოთ პასუხი, თუმცა დღეს ამ კითხვებისაგან ერთზე ვიქნებით ორიენტირებულები – რა გავლენა აქვს ადამიანის სექსუალობის დათრგუნვას ზოგადად სოციუმზე?

დავიწყოთ იმით, რომ სექსუალობას საკუთარი ისტორია აქვს, რომელიც ისე მყარად იყო გამჯდარი სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში, რომ მისი განყენება საკვლევი სოციალური მოცემულობისაგან არც შეიძლებოდა და არ უნდა გვქონოდა ფუფუნება არ გვესაუბრა მასზე.

სექსუალობაზე არსებული დიალოგის ჭრილში მიშელ ფუკო ახსენებდა „რეპრესიურ ჰიპოთეზას“, რომლითაც ხსნიდა ფართომაშტაბიან „თავდასხმას“ სექსუალობაზე, მის დათრგუნვასა და კულტურის გარეთ გატანას. ფუკო მიიჩნევდა, რომ თანამედროვე საზოგადოებას არ შეეძლო გათავისუფლებულიყო ევროპის ბურჟუაზიული ნორმებისაგან, ისეთი საკითხებისაგან, როგორიც არის, თუნდაც, ქორწინებამდე სექსი, და ასეთი მოცემულობა საერთოდ კლავდა ღია დისკუსიას სექსის შესახებ. ბურჟუაზია და ვიქტორიანული ეპოქა დახასიათებულია, როგორც „prude”, რადგან ამ დროის საზოგადოებისათვის სექსთან დაკავშირებული თემები ფაქტობრივად განხილვას არ ექვემდებარებოდა.

ინდუსტრიული ბურჟუაზიის ეპოქაში მსგავსი რეპრესია იქცა ისეთ მოცემულობად, რომელიც თრგუნავდა ადამიანურ ენერგიასა და პროდუქტიულობას. ფუკო სექსუალობასთან დაკავშირებულ საკითხს აფართოებს ეკონომიკაზეც. ინდუსტრიული პერიოდის დროს, საზოგადოება საჭიროებდა მზარდ შობადობას მუშახელის შექმნისათვის, იმ მიზნის მისაღწევად, რომ მოსალოდნელი დოვლათი დაგროვებულიყო. ამის მიუხედავად სექსზე საუბარი ყუთში, ჩარჩოში იყო მოქცეული. და ალბათ რთულია არ დავეთანხმოთ ფაქტს, რომ ის რაც თითქმის ტაბუირებული იყო საუკუნეების განმავლობაში, პირდაპირ და პროპორციულ კავშირში იყო, არა მხოლოდ შობადობასთან, ასევე ადამიანის რუტინულ ქცევასთან, რომელიც უკავშირდებოდა მის ჯანსაღ ფუნქციონირებას სოციუმში. საქმე იმაშია, რომ სექსუალობის ოპრესიას ჰქონდა გავლენა ამ ყველაფერზე და თანაც საკმაოდ ტოქსიკური. იმ საკითხის დათრგუნვას, რაც ფაქტობრივად ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორიც კვება, არაჯანსაღი ეფექტი აქვს ადამიანურ ცნობიერებასა და შემდეგ მის ქცევაზე, როგორც აქტორის.

გარდა ჰეტერონორმატიული სექსუალობისა, ფუკო ახსენებს ტერმინს – ”სხვა ვიქტორიელები”, ანუ დამკვირდრებული საზოგადოებრივი შეხედულებით, პროსტიტუციისა და სექსუალური „პათოლოგიის“ სამყაროს მიკუთვნებული ადამიანები, რომლებიც მოწინავე საზოგადოებამ კარადაში შეკეტა. ესენი იყვნენ- მეძავები , სექსდამოკიდებულები, ჰომოსექსუალები და ასე შემდეგ. მათ ჰქონდათ არსებობის უფლება, მაგრამ საზოგადოებისაგან განყენებულად, იქ სადაც ვერ „მოწამლავდნენ“ სოციალურ წესრიგს და თუ ვინმე იდგა ისტორიის მიღმა, ეს აუცილებლად იყვნენ მსგავსი ადამიანები, რადგან ამ პერიოდში არ ვლაპარაკობდით არა თუ, სექსზე, არამედ გარკვეულ პრეფერენციებზე სექსში.

აბა წარმოიდგინეთ, არისტოკრატი გოგონა, რომელიც ნიმფომანიისკენ იყო მიდრეკილი. დიდი ალბათობით, მისი მდიდარი ოჯახი მას თავს მენტალურ ჰოსპიტალში უკრავდა, სადაც ისე „უმკურნალებდნენ“, როგორც ალან ტურინგის ჰომოსექსუალიზმს „უმკურნალეს“ თავის დროზე. სწორედ ასე მდიდრდებოდნენ აღნიშნული ინსტიტუციები და ფსევდო ექიმები.

ფუკო წერდა: „ჩვენ ვისჯით თავს იმიტომ, რომ ვიღაცამ სექსი დანაშაულად გამოაცხადა“. სექსუალობას აქვს ისტორია და ის გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე ანტიკური გაგება მისი. გადის საუკუნეები და სექსუალობის ჩარჩოები უფრო მორღვეული, მოქნილი ხდება, მის ისტორიას არ წერენ, მაგრამ ეს მის აქტუალობასა და რეალობას ვერაფერს აკლებს. საზოგადოების მხრიდან სექსუალობის ოპრესიამ ვერ მოახერხა იგი ისე განეყენებინა ისტორიისგან, როგორც ერთი პერიოდი ადამი იდგა კაცობრიობის მიღმა. საბოლოო ჯამში მოხდა ის, რომ დათრგუნულმა და დაპრესილმა საკითხმა ერთიანად იფეთქა და დაიწყო სექსუალური რევოლუცია, და იმან, რაც ციალებდა სიბნელეში იპოვა გზა , რომ საბოლოოდ ეკაშკაშა.

შემდეგ კი ადამიანებს გაუჩნდათ აკვიატება აღმოეჩინათ სიმართლე სექსუალობის შესახებ, მათთვის სექსი გახდა ის აბსულუტური ჭეშმარიტება, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოეჩინათ.

ალბათ დამეთანხმებით, რომ ეს არ არის ისეთი საკითხი, როგორიც იყო იაპონიის მიერ ჩადენილი საომარი დანაშაული, რომელიც სუპერსახელმწიფოს ჩარევის შედეგად მიიჩქმალა, არამედ თუ ეს ვეება ზედპირული ქსელია, მის შეკავებს და ისტორიის ფარგლებს მიმართ გადასროლას ვერც „ძალაუფლება“ და ვერც ქრისტიანული დოგმები ვერ შეძლებენ. ეს არის საკითხი, რომელსაც უწერდნენ პოემებს, ლექსებს, წიგნებს. ფუკოს მიხედვით, ჩვენ ვიქეცით საზოგადოებად, რომელიც სექსუალობის საიდუმლოს გაგებას პირდაპირ უკავშირებს საკუთარი მოტივების, ემოციური და მენტალური მოცემულობის, ქმედებების ახსნას. როგორც არისტოტელეს უთქვამს, შემეცნება გაკვირვებითა და ცნობისმოყვარეობით იწყებაო, ამიტომაც თუ რაიმეს ჩვენი ქცევების ახსნა შეუძლია, მაშინ ჩვენც აუცილებლად დავინტერესდებით მისით და საკითხს კულუარების გარეთ გამოვიტანთ.

შესაძლოა სწორედ ამ ოპრესიამ გახადა საფოს, ნერუდას, ლორკას, თუ ჯონ დონის პოეზია მიმზიდველი, როგორც აკრძალული ხილი, როგორც მცდელობა აღმოგვეჩინა საკუთარი თავი. მე-20 საუკუნეში, იუკიო მიშიმა წერს „ნიღბის აღსარებებს“, სადაც აღწერსს 13 წლის იაპონელი ბიჭის მცდელობას, აღმოაჩინოს საკუთარი თავი ჯერ საკუთარივე სექსუალობის აღმოჩენით. ეს ხდება იაპონიაში, სადაც მსგავსი თემა არსებითად კონტროვერსულია და სწორედ ამიტომ, მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის დღემდე მიუღებელია იუკიო მიშიმას შემოქმედება, მაშინ როდესაც დასავლურ სამყაროში მიშიმა სენსაცია იყო. თუ ტრადიციებით შებოჭილ ოთახში იაპონელი ბიჭი საკუთარ თავს ამ გზით პოულობს და თუ შეიძლება ეს გზა საკუთარი თავის აღმოჩენისა ზოგადად კაცობრიობაზე განზოგადდეს, მაშინ განვმეორდები და ვიტყვი, რომ სექსუალობის გავლენა ამ მუდმივად ცვლად სამყაროზე იყო, არის და იქნება უდიდესი. ადამიანი გარკვეულ კითხვებზე პასუხების გასაცემად არც ასკეტიზმს, არც ჰედონიზმს, არც ბევრ სხვა რამეს არ მოერიდა, მით უმეტეს, რომ ეს გამონაკლისი ვერ იქნება სექსუალობა.

სექსუალობის ისტორიის აღმოჩენა და მასზე წერა დიდი ხანი, საკმაოდ რადიკალურ წამოწყებად იყო მიჩნეული, რამდენადაც მისი შედეგი ისაა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ იმის ბუნებრივობას, რაც ამჟამად ჩვენი ინდივიდუალური ბუნების განუყოფელი ნაწილია. რამდენჯერაც არ უნდა ყოფილიყო მცდელობა, „სექსუალობის“ დენატურალიზაციის ნაცვლად, პირიქით, მისი ხელახალი იდეალიზაცია მოხდა და საკითხმაც ახალი სიცოცხლე ჰპოვა.