ობიქტივს მიღმა: ალექს პრაგერი

ალექს პრაგერი ამერიკელი ფოტოგრაფი და კინორეჟისორია, რომლის ნამუშევრებიც გამორჩეულია რეალობასა და რეალობის აღქმას შორის არსებული პარადოქსულობის ასახვით. პრაგერის ნამუშევრების ნახვისას მარტივად ამოიცნობთ ძველი ჰოლივუდის, პოპ კულტურის, კინემატოგრაფიული, ფერადი და ქუჩის ფოტოგრაფიის გავლენას მის ესთეტიკაზე.

პრაგერის ნამუშევრებზე გამოსახული სიტუაციები დადგმულია. ფოტოგრაფი უმეტეს შემთხვევაში ცდილობს შექმნას ორაზროვანი მელოდრამატული ნარატივები, რომლებიც გაფორმებულია ფერადი კოსტიუმებით. მდგომარეობის დრამატულობა და კოსტიუმების მრავალფეროვნება ქმნის იმ ხაზს, რომელიც გადის რეალობასა და ხელოვნურობას შორის. ფოტოგრაფი საკუთარ ნამუშევრებზე, ინსპირაციაზე, იდეასა და მიზნებზე ჟურნალ NOWNESS-სთან ინტერვიუში საუბრობს.

ალექს პრაგერის თქმით, მას უნდოდა, რომ იდეებით ეთამაშა და რეალურ სამყაროზე ზევიდან ხელოვნურობის ფენა გადაეკრა.

,,სწორედ ეს არის ის, სადაც გადის საინტერესო ხაზი.“

ალექს პრაგერი ამბობს, რომ ყოველი ტრაგედიის დროს საჭიროა, არსებობდეს კომედია, სევდის დროს კი მხიარულება – იმისთვის, რომ დააბალანსონ ერთმანეთი. სწორედ ეს მოქმედებს ფოტოგრაფზე.

ალექს პრაგერის ინსპირაცია ლოს-ანჯელესია. ის ამბობს, რომ ლოს-ანჯელესი ცარიელ ტილოს ჰგავს, რომელსაც ხელოვანი სჭირდება. “ჩემს შთაგონებას ვპოულობ ქალაქ ლოს ანჯელესში”, – განმარტავს ის. ,,ეს სრულყოფილების უცნაური სურათია, მაგრამ აქ ასევე იჭრება საშინელი ერთფეროვნება. სილამაზისა და დაპირების ზედაპირის ქვეშ არსებულმა ამ უხერხულობის შეგრძნებამ შეიძლება ნელ-ნელა გააგიჟოს ადამიანი.“

მის ფოტოებში დიდი დოზით იგრძნობა ალფრედ ჰიჩკოკის, დევიდ ლინჩის, ფოტოგრაფების – სინდი შერმანისა და გრეგორი კრედსონის ნამუშევრების ზეგავლენა.

Credits: Alexa Prager

რეალურისა და ხელოვნურის შეზავებამდე ალექს პრაგერი ქუჩის ფოტოგრაფიით იყო გატაცებული.

,,ქუჩის ფოტოგრაფიას უდიდესი გავლენა აქვს ჩემს ნამუშევრებზე.“

ინტერვიუში ის ამბობს, რომ მაშინ როცა ფოტოგრაფი გახდა პირველი ექვსი თვის განმავლობაში ბეჭდავდა თავის გადაღებულ ქუჩის ფოტოგრაფიის შავ-თეთრ ფოტოებს. თუმცა ის ამბობს, რომ დროთა განმავლობაში, ბევრი მუშაობის შემდეგ, მიხვდა, რომ ახლა ვეღარაფერს შემატებდა საკუთარ ნამუშევრებს, ამიტომ რაიმე ახალი სჭირდებოდა.

Credits: CNN

ალექს პრაგერის მთავარი მიზანი იყო, რომ მოეყოლა ამბები, მნახველში ემოცია გამოეწვია და შესაბამისი პასუხი მიეღო მისგან.

,,ემოცია ყოველთვის იყო ჩემი ნამუშევრების მთავარი ხაზი და ეს ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის.“

ალექს პრაგერის ნამუშევრებში ემოცია ნამდვილად მთავარია. ხალხმრავლობა, ფერადი ტანისამოსი, ჰიპერრეალური სამყარო – ნახვისას იწვევს ერთგვარ ქაოსს, თუმცა პირველი ეფექტის გადავლის შემდეგ ის, ნათელი ხდება ფოტოგრაფის მთავარი სათქმელი, რაც გამოსახულია მის მიერ გადაღებული ადამიანების გამომეტყველებაზე, მათ თვალებში.

ფოტოგრაფის ოსტატობა ყველაზე მეტად აქ იგრძნობა – მისი უნარი, რომ ამ ქაოტურ, დატვირთულ სამყაროში შეძლოს და მაყურებელს დაანახოს ნამდვილი განცდა და ემოცია. ეს ერთგვარად რეალური სამყაროს ალეგორიული გადმოცემაცაა. მის მიერ დადგმული სცენები, ერთი მხრივ, ახლო და ნაცნობია, მეორე მხრივ, კი ძალიან უცხო და ბუნდოვანი. მას სურს გამოსახოს საზღვარი რეალობასა და ფიქციას შორის და გამოამჟღავნოს, თუ როგორ შეიძლება რეალობაც ისეთივე უცნაური იყოს, როგორც ფიქცია.

Credits: Alex Prager

მიუხედავად იმისა, რომ ალექს პრაგერის სცენები დადგმულია, მისი ნამუშევრები ეყრდნობა არაპროგნოზირებადობის ელემენტს, რომლებიც ადამიანებს საკუთარი ინდივიდუალიზმით, ფიქრებით, ემოციებითა თუ პირადი საზრუნავით შემოაქვთ გადასაღებ მოედანზე. ამას ფოტოგრაფი წინასწარ ვერ გააკონტროლებს, თუმცა როგორც თავად ამბობს, არც ცდილობს ამას, რადგან დადგმულ სცენებში სწორედ ეს მოულოდნელობის ეფექტი აძლევს მას იმ ნაპერწკალს, რაც ფოტოს უნიკალურს ხდის.

Credits: Alex Prager