პროპაგანდა პოსტერებში – ფსიქოლოგია ხელოვნებაში

პროპაგანდა ხშირად მცდარი ან გაზვიადებული იდეების ერთიანობაა, რომლის მიზანი ქმედების, მთავრობის, ლიდერისა და სხვათა დახმარებაა. სიტყვა დახმარებამ არ უნდა მოგვატყუოს და უწყინარ პროცესად არ უნდა აღვიქვათ პროპაგანდა, რადგან რეალურად ესაა მცდელობა, ადამიანებს დააჯერო ის, რაც მათ საღ ცნობიერს არ სჯერა. შესაბამისად, პროპაგანდა თავიდან ბოლომდე აგებულია ადამიანის ფსიქოლოგიასა და ფაქტორებზე, რომლებიც ჩვენს გონებაზე მოქმედებს და საღი განსჯის უნარს გვაკარგვინებს.

საკუთარი იდეის სხვამდე მიტანა და მისი დარწმუნება, რომ სხვა სიმართლე არ არსებობს, ადამიანების ქვეცნობიერში შეძვრომას და მასზე წარუშლელი კვალის დატოვებას გულისხმობს. სხვანაირად შეუძლებელია შექმნა პიროვნების კულტი, საერთო იდეოლოგია ან თუნდაც ფსიქოლოგიური ტერორი. ამიტომ, სულაც არ მიკვირს, რომ პროპაგანდის ყველაზე ძლიერი იარაღი ხელოვნებაა, რადგან არაფერი იმაზე უკეთ არ სწვდება ადამიანის ემოციურ და გონიერ საწყისებს, როგორც მწერლობა, კინო, მუსიკა, ფერწერა და ხელოვნების სხვადასხვა გამომხატველობითი დარგები.

ნახატები, ქანდაკებები, არქიტექტურა ადვილად შეიძლება იქნეს გამოყენებული მანიპულაციის ინსტრუმენტად, რომელმაც საზოგადოებამდე უნდა მიიტანოს მთავარი სათქმელი – “მხოლოდ მე ვარ ის, ვინც იმსახურებს, რომ ხელოვნების მუზად იქცეს” და ასე იქმნება პიროვნებისა თუ იდეოლოგიის კულტიც.

ხელოვნების, როგორც პროპაგანდის იარაღად გამოყენების კვალს შეგვიძლია მივაკვლიოთ არამხოლოდ გასული საუკუნის არალიბერალურ რეჟიმებში, არამედ ანტიკურ ხანაშიც, მახლობელ აღმოსავლეთსა თუ ეგვიპტურ და ბერძნულ კულტურებში. თუმცა დღევანდელი სტატიის ფარგლებში კონკრეტულად განვიხილავ პოსტერებს, როგორც პროპაგანდის სიმბოლოს.

პროპაგანდის მთავარი მახასიათებელია ის, რომ იგი იძლევა შეზღუდულ ინფორმაციას, რომელიც ძლიერ მიკერძოებულ იდეას ატარებს და იგი თავის მიზანს აღწევს, როგორც კი მაყურებელში ემოციურ რეაქციას წარმოქმნის. მეოცე საუკუნის პროპაგანდასთან ყველაზე ხშირად ასოცირდება პლაკატები, ე.წ. პოსტერები, რომლებიც შეიცავდნენ მარტივ სურათებს ადამიანებზე მანიპულირებისა და მათში მთავარი ემოციების გამოწვევის მიზნით.

 

credits to PBS

იმისთვის, რომ პროპაგანდისტული პოსტერი თავის მიზანს ასრულებდეს, რამდენიმე ფაქტორია საჭირო. პირველ რიგში, იგი უნდა შეიცავდეს სტერეოტიპს, რომელიც გვეხმარება გავიგოთ, თუ რომელ სამიზნე ჯგუფზეა გათვლილი პროპაგანდა. გარდა ამისა, პროპაგანდა პოსტერები ხშირად იყენებენ სიმბოლოებს და ნიშნებს, რომელიც საზოგადოდ ყველასთვის ვიღაცასთან ან რაღაცასთან ასოცირდება. პოსტერებში ხშირად შევხვდებით პატარა ტექსტებსაც, რომელიც მნახველს აწვდის იმ ინფორმაციას, რომელიც გარკვეული კონკრეტული დასკვნის გასაკეთებლადაა საჭირო.

credits to BBC

პროპაგანდისტული პოსტერები ცდილობენ საზოგადოებასთან უშუალო კონტაქტს, ამიტომაც ხშირად შეხვდებით მათზე მეორე პირის ნაცვალსახელს “შენ” ან “თქვენ”; რიტორიკულ კითხვებს, რომლებზეც მკითხველი უნდა დაფიქრდეს; კარიკატურებს, რომელიც იუმორის საშუალებით მათ ყურადღებას მიიქცევს. ყველაზე მნიშვნელოვანი, რითიც პოსტერები თავიანთ საქმეს ასრულებენ, არის ადამიანის მთავარ და არსებით ემოციებზე აპელირება: დანაშაულის გრძნობას აღძრავენ, თითქოს ხალხი რაღაცას უნდა ნანობდეს; პატრიოტიზმის საწყისებს ეხებიან და ქვეყნის სიყვარულით მანიპულირებენ; შიშს იწვევენ, თითქოს პოსტერზე მოწოდებულ სიტყვებს თუ არ შეასრულებ, რაღაც ცუდი მოხდება; სირცხვილის გრძნობას აღძრავენ, თითქოს საზოგადოება სუსტი და ეგოისტია. როდესაც ქუჩაში მოსიარულე ან სოციალ ქსელში შესული ასეთ პოსტერებს ვაწყდებით, ისინი ჩვენდა უნებურად ახდენენ გავლენას ჩვენს ქვეცნობიერ გრძნობებზე და ისეთ ემოციებს აღგვიძრავს, რომლებიც გონებრივ გადაწყვეტილებზბე ახდენს გავლენას. მით უმეტეს, რომ ხშირად პოსტერებზე დატანილია მოწოდება მოქმედებისკენ, რაც კიდევ უფრო მამოტივირებელი და მანიპულაციურია.

credits to Amazon UK

 

credits to PBS

 

credits to Sovietposters.com

 

ხელოვნების კუთხით პროპაგანდისტული პოსტერები საკმაოდ ესთეტიკური შესახედავია და სწორედ ამით იქცევს თავდაპირველად ადამიანების ყურადღებას, მოგვიანებით კი ის ინფორმაცია, რასაც ისინი გვაწვდიან, ფსიქოლოგიურად ზემოქმედებენ ჩვენზე და სწორედ ასე იჭრება ფსიქოლოგია ხელოვნებაში და ორივე ერთად ჩვენს ქვეცნობიერში.