მისტიკა, ორაზროვნება, ნატიფი ფორმები – მაია დერენის შემოქმედება ერთი დიდი ქაოსური სიზმარივითაა.
ელეონორა დერენკოვსკა , მოგვიანებით მაია დერენი, 1917 წელს კიევში დიდი არეულობის ხანს დაიბადა. სახელი მშობლებმა იტალიელი მსახიობის ელეონორა დუზეს გამო უწოდეს.
დერენი ერთ-ერთი პირველი ავანგარდისტია, რომლის ხანმოკლე ცხოვრების გათვალისწინებით, დღეს ჩვენ, მაყურებლებლს, მცირე, მაგრამ სანკუვარი მემკვიდრეობა გვაქვს.
1922 წელს სსრკ-მ უკრაინაში ანტისემიტურ ნიადაგზე დევნა მოაწყო, რის შედეგადაც მაია დერენი ოჯახთან ერთად ამერიკაში გადაცხოვრდა და გვარი შეიცვალა[შეამოკლა]. ამერიკის ახალმა გარემომ მომავალ რეჟისორს მყარი შეხედულებები ჩამოუყალიბა – მოგვიანებით, დერენი აკრიტიკებდა იმდროინდელი ჰოლივუდის განვითარებას. აკვირდებოდა რა ჰოლივუდს, ფიქრობდა, რომ მთავარ დაბრკოლებას თანამედროვე ხელოვნებაში კომერციული კინოინდუსტრიის ეკონომიკური მოდელი წარმოადგენდა. მას არ სურდა ძველი კინოფასეულობების დათმობა, მის მოკლემეტრაჟიან ფილმებშიც კარგად ჩანს ადრეული, საიდუმლოებებით აღსავსე სულისკვეთება.
1941 წელს გასტროლებზე ყოფნისას დერენი მომავალ მეუღლეს, ოპერატორს, ფოტოგრაფსა და რეჟისორ ალექსანდერ ჰამიდის გაიცნობს. სწორედ მასთან ერთადაც იმუშავებს ის საკუთარ პირველ ფილმ „ნაშუადღევის ქსელებზე ” .

ფილმი სავსეა ილუზიებით, ჩრდილებითა თუ ფორმებით. დერენი უბადლო იყო მოძრაობის გამოხატვაში. მის მთავარ მიზანსაც უმეტესად ფორმის ძიება წარმოადგენდა. მისი შემოქმედება სწორედ იმით არის საინტერესო, რომ ყველას საკუთარი აზრი აქვს ფილმთა სიუჟეტებზე, მაგრამ რაზეც ყველა თანხმდება არის ის, რომ მისი პერსონაჟები მუდმივად იტანჯებიან საკუთარი და გარე სამყაროს ძიებით, მსგავსად ავტორისა. დერენიც გამუდმებით ძიების პროცესში იყო ჩაფლული. გახდა რა რეჟისორი, მიხვდა, რომ ეს მისი ცხოვრების ახალი თავი იყო – შედეგად მან საკუთარ თავს მაია უწოდა.
გარდა ამისა, თავის ნამუშევრებში დერენი ხშირად ამახვილებდა ყურადღებას არაცნობიერ გამოცდილებაზე- “ნაშუადღევის ქსელებშიც” კარგად ჩანს ეს პროტაგონისტის მოქმედებებში. ითვლება, რომ ეს დერენის ღრმაფსიქოლოგიური ხედვები შთაგონებული იყო მისი ფსიქიატრი მამის გავლენით.
საგულისხმოა, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისში მაია რეგულარულად იკვლევდა გენდერული იდენტობის თემებს, აერთიანებდა ინტროსპექციისა და მითოლოგიის ელემენტებს და ამით რაღაც უნიკალურს, სრულიად ახალს წარმოქმნიდა. მიუხედავად დერენის ცალსახა ფემინისტური ქვეტექსტისა, მას იმ დროს ფემინისტი მწერლები ძირითადად არ ცნობდნენ. თუმცაღა, დერენისეული ხელწერა მალევე გახდის მაიას პირველ ქალსა და ამერიკელს, რომელსაც კანის კინოფესტივალის საერთაშორისო გრანპრი გადაეცემა.
დერენის ინტერესთა სფერო კონტრასტული და მეტად არაპროგნოზირებადი იყო : 1947-1951 წლებში მან ოთხჯერ იმოგზაურა ჰაიტიში, ვუდუს კულტურის რიტუალებისა და ცერემონიების შესასწავლად. ნიუ იორკში დაბრუნებულმა კი ეთნოგრაფიული კვლევა და პროექტი „ღვთაებრივი მხედრები: ჰაიტის ცოცხალი ღმერთები“ წარადგინა.
ენერგიით დამუხტული ფილმები, ჰაეროვანი მოძრაობები მათში, დერენი თავის შემოქმედებას კინოლექსებად მოიხსენიებს – მცირე, სწრაფი და ღრმად კომპლექსური.
„ ფილმში მე შემიძლია სამყარო ავაცეკვო “.
მაია დერენი დღემდე ახერხებს მაყურებლის გაოცებას და მისი გონების ქსელებში გახვევას, რადგან ამ ადამიანის შემოქმედებაში ყველაფერი ერთია – მოვლენა, როგორც შედეგი, ასევე მიზეზია.