ლეონ გოლუბი: ძალაუფლების დინამიკა

ამერიკელი მხატვრის, ლეონ გოლუბის (1922-2004), ღრმად ემოციური ნახატები გვიპირისპირდებიან და გვაიძულებენ, ყურადღება მივაპყროთ. პირველად ვგრძნობთ შოკს, მერე კი ზანტად გვეპარება დანაშაულის განცდა, სინდისის ქენჯნა, გააზრება, რომ ჩვენ პირდაპირ ან ირიბად თანამონაწილენი ვართ ამ სულისშემძვრელი სისასტიკისა. ეს ნახატები ფსიქოლოგიურ შინაარსს ატარებს, რომელიც შექმნის მომენტს ბევრად აღემატება და რომლის უარყოფაც შეუძლებელია.

ლეონ გოლუბი 1922 წლის 23 იანვარს დაიბადა ჩიკაგოში. კარტოგრაფად მსახურობდა მეორე მსოფლიო ომში, სადაც თვითმხილველი და მონაწილე გახდა ომის სისასტიკისა. სახლში დაბრუნებულმა მომავალი მეუღლე – არტისტი ნენსი სპერო (1926-2009) გაიცნო. ორივენი ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში სწავლობდნენ, რომელიც 1950 წელს დაამთავრეს. სპერო – აღიარებული არტისტი, ფემინისტი და პოლიტიკური აქტივისტი – მისი პარტნიორი გახდა ხელოვნებასა და ცხოვრებაში. მან შთამბეჭდავი კარიერის შექმნასთან ერთად სამი ვაჟი აღზარდა.

Credit: Getty Images/Chris Felver
Credit: Getty Images/Chris Felver
Chris Felver/Getty Images
Chris Felver/Getty Images

The Hall Art Foundation-მა შეძლო გოლუბის მთელი ცხოვრების მანძილზე გადაჭიმული კარიერის ერთ გამოფენად ორგანიზება. აქ წარმოდგენილია 1940-იანი წლებიდან მხატვრის გარდაცვალებამდე შექმნილი ნამუშევრები. ორგანიზატორთა ასეთი ჩართულობა და გოლუბისადმი მიძღვნილი რესურსი მეტყველებს ამ ნახატების უნივერსალურ გავლენაზე, რომელსაც ჯერ დრომ ვერაფერი დააკლო და კიდევ მრავალი თაობისთვის იქნება მნიშვნელოვანი.

ნამუშევრები სამ შენობაში ქრონოლოგიურადაა გადანაწილებული. გამოფენა იწყება 1940-60-იანი წლების ნახატებით, რომლებზეც ტოტემური, გიგანტური თავებია გამოსახული. მათი სტილი ფიგურატივიზმსა და აბსტრაქციონიზმს შორის მერყეობს.  ეს თავები, რომელბიც ურჩხულებს წააგვანან, თითქოს იხრწნებიან ან იშლებიან, ნიუ-იორკის კრიტიკოსებს მოწონებით არ მიუღიათ. გრანტებისა და თავისი აგენტის – ალან ფრამკინის, დახმარებით გოლუბი მაინც განაგრძობდა საკუთარი სტილის განვითარებას და თამამად უარყოფდა ბაზრის მოთხოვნებს.

Leon Golub, Fidel Castro V, 1977.

იმ პერიოდის ნამუშევრებზე, როდესაც გოლუბი ანტიკურ სკულპტურას სწავლობდა გამოსახულია ფიგურები ხელჩართულ ბრძოლაში. ეს ფიგურები მხოლოდ შიშვლები კი არა, თითქოს კანის გარეშე არიან წარმოდგენილი. გოლუბს იტაცებდა ამ პერიოდის ქანდაკება და ფრესკა და ცდილობდა მსგავსი ეფექტის ფერწერაში მიღწევას.

Open photo
Le Combat VII, 1963

გოლუბზე ნაკლებად მოქმედებდა საკუთარი პერიოდის ტრენდები. თუმცა კლასიკური ფიგურის სწავლის პარალელურად თანამედროვე მედიიდან ნასესხები ნაგლეჯებით ამდიდრებდა შემოქმედებას. იგი აგროვებდა მამაკაცური აგრესიის ამსახავ ფოტოებს ისეთი ჟურნალებიდან, როგორიც იყო Soldier of Fortune და Spors Illustrated.

1972 წლიდან გოლუბმა დაიწყო ნამდვილზე დიდი ზომის ადამიანების ხატვა. ტილოზე დეტალურად კვეთდა იარაღს, ტანსაცმელს, კბილებსა და თვალებს. ეს ნამუშვრები ასახავენ ძლევამოსილ მოძალადესა და მსხვერპლს შორის ბრძოლას. ძალადობის აქტები – ახლა რომ ხდება ჩვენ გარშემო ქუჩებში, ქალაქებში, სოფლებში – სრულებით არ განსხვავდება გოლუბის მიერ ასახული სცენებისაგან.

White Squad V - Leon Golub | The Broad
White Squad V – Leon Golub (1984)

გოლუბის მუშაობის პროცესი კარტემკინის დოკუმენტურ ფილმშია ასახული. ეკრანიდანაც იგრძნობა მხატვრის სიძლიერე, როცა ტილოს ესხმის თავს, რომელიც კედელზე თავისუფლად ჩამოკიდულა. გაუწელავი ტილოდან საღებავს ფხეკს და ამბობს: “ჩემი ტექნიკა ძალიან უხეში და სასტიკია.” მეორე სცენაში ზედ ნახატზე წევს და მას ნაცრისფერი საღებავის შლამს აცლის, რომლის ქვეშაც ნატანჯი სახე მოჩანს, თან ამბობს: “რაც უფრო მახინჯს შექმნი, მით მეტად შეძლებ მისგან როგორღაც სილამაზის გამოწოვას.” მათი შექმნის პროცესი მის ნამუშევრებში  ფსიქოლოგიური დაძაბულობისა და გარეგანი გავლენების ბრძოლებშია არეკლილი. “ერთხელ ჩემს თავს ურჩხულების მანქანა ვუწოდე. მახინჯები არიან მახინჯი ქმედებებით.”

1975 წელს, ვიეტნამის ომის შემდეგ, გოლუბი ხატვის შეწყვეტას აპირებდა. მაგრამ 1976-1978 წლებში ასზე მეტი მზაკვრულად მახინჯი პოლიტიკური პორტრეტი შექმნა. ეს ნახატები წინა ნამუშევრებთან შედარებით მეტად რეალისტური იყო. მათ შორის ჰენრი კისინჯერი ფიდელ კასტროსა და ფრანციკსო ფრანკოს გვერდით იზიარებს დამნაშავის სკამს. ამ უკანასკნელს გოლუბმა ცხრა პორტრეტისგან შექმნილი სერია მიუძღვნა, რომელიც მის აღზევებასა და დაცემას ასახავს.

Leon Golub, Kissinger III, 1978.
Leon Golub, Kissinger III, 1978.
Leon Golub, Francisco Franco (1940), 1976.
Leon Golub, Francisco Franco (1940), 1976.
Leon Golub, Francisco Franco (In Casket 1975), 1976.
Leon Golub, Francisco Franco (In Casket 1975), 1976.

1980-90-იან წლებში გოლუბმა მამაკაცის აშკარა მიდრეკილება ძალადობისკენ ასახა ნახატებში Mercenaries, Interrogation, White Squad და Riot (სერია). ნამდვილ ზომაზე დიდი ფიგურები სისხლიან ფონზე არიან პოზიციონირებული. გოლუბის ნამუშევართა უმეტესობა სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული ინსპირაციითაა შეკოწიწებული, თუმცა White Squad IV, The Arrest-ის მსგავსად, ერთ ფოტოზეა დაფუძნებული. ეს გახლავთ სალვადორული “სიკვდილის დაჯგუფების” ფოტო. აქ მხატვარს სექსუალური ელემენტები შემოაქვს მსხვერპლის სხეულის პოზიციონირებასა და მოძალადის ფალიური სიმბოლიზმით გამოსახულ იარაღში.

Leon Golub, White Squad X, 1986.
Leon Golub, White Squad X, 1986.
Leon Golub, The Arrest, 1990.
Leon Golub, The Arrest, 1990.

ქალები გოლუბის შემოქმედებაში იშვიათად ჩნდებიან. Horsing Around IV-ში მჯდომარე ქალს ვხედავთ, რომელიც თითქოს სიამაყისა და ძალაუფლების განცდას ატარებს. მის გვერდით მამაკაცის ფიგურის სიმახინჯე განსაკუთრებით მკაფიოდ იკვეთება. მამრობით და მდედრობით ფიგურებს შორის ურთიერთობა არაერთგვაროვანი, მერყევია. ეს ნაწილი ყველაზე ფერადია მთელ საგამოფენო დარბაზში, თითქოს ძალადობის სცენებს შორის მოქცეულ მნახველს შვების მომენტს სთავაზობს.

Pin on Leon Golub
Horsing Around IV (1983)

ამერიკა დაარსების დღიდან ომშია. ომში გარეთ და ომში შიგნით – ქალების, რასობრივი უმცირესობების, მუსლიმების წინააღმდეგ. ლეონ გოლუბი, სხვა ნებისმიერ არტისტზე უკეთ ასახავს ამ ომების საზარლობას მათი რომანტიზირების გარეშე. იგი იყო უშიშარი ხელოვანი, რომლისგანაც ყველას ბევრი გვაქვს სასწავლი საკუთარი კულტურის შესახებ.

 

 

მომზადებულია Leon Golub: The Dynamics of Power (Cynthia Close) – ის მიხედვით.