აღმოაჩინე არტისტი: Cavetown

რობინ დენიელ სკინერის სახელს თუ გიხსენებთ, შეიძლება ვერ მიხვდეთ, ვისზეა საუბარი, მაინცდამაინც შეიძლება Cavetown-იც არ მოგხვდეთ ყურში, თუმცა მისი სიმღერები თქვენთვის აუცილებლად ნაცნობი იქნება ან Tiktok-იდან ან Youtube-იდან, შეიძლება საერთოდ არც გქონდეთ მოსმენილი, მაგრამ მაინც ისეთი შთაბეჭდილება დაგიტოვოთ, რომ მანამდეც გსმენიათ. როგორც ბილბორდმა თავის ერთ-ერთ სტატიაში დაწერა:

„კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Cavetown-ის სამყაროში. ადგილას, რომელიც სახლში გაგრძნობინებს თავს.“

Cavetown
Photo Credits to Kane Layland

1998 წელს დაბადებული არტისტის კარიერა სწორედ სტრიმინგ პლატფორმა Youtube-დან იწყება, სადაც საკუთარ არხზე რობინი 2013 წლიდან მოყოლებული, როგორც სხვა შემსურლებლების სიმღერების ქავერებს, ასევე თავის დაწერილ სიმღერებსაც ტვირთავდა.

2015 წელს ინგლისელმა შემსრულებელმა თავისი პირველი სტუდიური ალბომი გამოუშვა, რასაც 2016 წელს მეორე ალბომი მოჰყვა. Cavetown-ის მეორე ალბომის სახელი „16/04/16“ იყო, რობინის ბავშვობის მეგობრის ჯეკ გრაჰამის ლეიკემიით დაღუპვის თარიღი.

კემბრიჯის ბენდების შეჯიბრის მოგებისა და სხვადასხვა ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ Cavetown-ის პოპულარობა უფრო და უფრო იზრდებოდა, მაგრამ ვფიქრობ, მის კარიერაში გარდამტეხი მომენტი უფრო მეტად Tiktok-ზე მისი სიმღერების პოპულარულობა გახდა. Cavetown-ის ისეთი სიმღერები როგორიცაა „Lemon Boy”, „Devil Town”, „Boys Will Be Bugs” სტრიმინგ პლატფრომაზე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

 Cavetown
Photo Credits to Polly Hanrahan

ვფიქრობ, რომ ზემოთ მოყვანილი ციტატა ბილბორდის სტატიიდან იდეალურად აღწერს არტისტის შემოქმედებას, ის ზუსტად ისეთ გრძნობებს აღძრავს, როგორსაც თბილი და კომფორტული სახლი. შესაბამისად გასაკვირი არაა, რომ Cavetown-ის მუსიკას მიაკუთვნებენ ისეთ ჟანრებს როგორიცაა ბედრუმ პოპი, lo-fi, ინდ როკი და ინდ ფოლკი. თავად LGBTQ+ თემის წევრი არტისტის შემოქმედებაში ხშირად ვხვდებით თემებს, რომლებიც სექსუალური ორიენტაციისა და გენდერის გარშემო საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმების გარშემო ტრიალებს და ხშირად აკრიტიკებს კიდეც მას. რობინს ბევრ ინტერვიუში აქვს ნათქვამი, რომ მისი შემოქმედების ინსპირაცია მისი საყვარელი ადამიანები და მათთან ურთიერთობებია, რაც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზია იმისი, თუ რატომ ჟღერს Cavetown-ის სიმღერები ასე კომფორტულად.

არტისტის შემოქმედებას სულ რაღაც ხუთი დღის წინ კიდევ ერთი ახალი ალბომი “Worm Food” შეემატა. სანამ ახალი ალბომის მოსმენას გადაწყვეტთ, გთავაზობთ რამდენიმე სიმღერას, რომელიც Cavetown-ის გაცნობასა და აღმოჩენაში დაგეხმარებათ:

 

არტისტის ოფიციალური ინსტაგრამ გვერდი: @lemon.socks

არტისტის ოფიციალური სპოთიფაი: Cavetown

არტისტის ოფიციალური იუთუბ არხი: Cavetown