Trip to the Moon – კინო-სამყაროს მიუწვდომელი წერტილი

Poster of the movue Trip to the moon

რეჟისორისა და კამერის ლინზა ყოველთვის ადამიანის ქვეცნობიერისა და მიუწვდომელი ფანტაზიისკენ არის მიმართული. კინო-ინდუსტრიის მთავარი მიზანი წარმოუდგენელი, საინტერესო, საოცნებო, ემოციური მოვლენის ვიზუალიზაციაა. ამის გათვალისწინებით, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ პირველი ფილმი, კინემატოგრაფიული პროდუქტი – “მოგზაურობა მთვარეზე” – სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისაა და წარმოადგენს მე-20 საუკუნის ყველაზე სანუკვარი აკვიატების ანარეკლს, თუ როგორ აფართოებს ადამიანი არსებობისა და გავლენის სივრცეს, მიემგზავრება მთვარეზე, კოსმოსში და ხაზს უსვამს საკუთარ ბუნებრივ უპირატესობას სამყაროში.

Photo from the movie Trip to the moon

 

“მოგზაურობა მთვარეზე” (Le Voyage dans la Lune) მელიესის შავ-თეთრი, მუნჯი, ფრანგული ფილმია, რომელიც ეკრანებზე 1902 წელს გამოჩნდა და სამეცნირო ფანტასტიკის პირველი მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, ჟანრის სპეციფიკის განმსაზღვრელი ნამუშევარია. ფილმის სიუჟეტი ინსპირირებულია ჟიულ ვერნის რომანით “დედამიწიდან მთვარემდე” და ჰერბერტ უელსის ნაწარმოებით “პირველი ადამიანები მთვარეზე”.
სამეცნიერო ფანტასტიკა ვრცელი და კომპლექსური ჟანრია, რომლის ვიზუალიზაციაც მაყურებელს აზრებსა და ემოციებს უმძაფრებს და წარმოსახვის ისეთი წერტილისკენ უბიძგებს, სადაც დროისა და სივრცის აღქმა პირობითია. კინოში შექმნილი მულტივერსი და დროითი სივრცე ის მხატვრულ-მატერიალური ველია, რომლის დაპყრობა და წარმოდგენა მელიესმა ტრივიალურ ჩარჩოში მოქცევით, არ იქნება ხმამაღალი თუ ვიტყვი, გენიალურად მოახერხა. “ვარსკვალვური ომების” კოსმოსურ საგამდე და “მატრიცას” ინოვაციურ-პერიფერიულ სამყარომდე იყო “მოგზაურობა მთვარეზე”. უამრავი ნამუშევარი, რომელიც იკვლევს კაცობრიობას და ჩვენს შესაძლო მომავალს, შთაგონებულია მელიესის მარტივი, წარმოსახვითი სამყაროთი. მელიესის “გაზვიადებულად ტრივიალური” სამყარო ერთადერთი კინო-პროდუქტია, რომელიც ასახავს აუდიტორიის ფანტაზიას. 1962 წლიდან ყველა ფილმი მთვარეზე მოგზაურობის შესახებ წარმოადგენს ან დოკუმენტურ ან სამეცნიერო თვალსაზრისით მეტნაკლებად ზუსტ და დახვეწილ ნამუშევარს.

Movie A trip to the moon

მელიესი აცოცხლებს იმ დროისთვის წარმოუდგენელ – კოსმოსში მოგზაურობის იდეას პრიმიტიული “სპეც-ეფექტებისა” და ეკრანზე ჯადოსნობის ოსტატური რეჟისურით. მიუხედავად ზედმეტად თეატრალური დრამატურგიისა და თანამედროვე მონტაჟის არარსებობისა, “მოგზაურობა მთვარეზე” მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება წარმოსახვამ და შემოქმედებითმა უნარებმა შეაძლებინოს რეჟისორს ასი წლით შორს გაიხედოს და მაყურებელი დროში ამოგზაუროს. ფილმი თანამედროვე ვიზუალური ეფექტების პირველი რეპრეზენტაციაა. აქედან გამომდინარე, როგორც იდეურად, ისე ტექნიკურად “მოგზაურობა მთვარეზე” თავისი რეჟისურითა და სიუჟეტური დინამიკით სამეცნიერო ფანტასტიკის მთავარი ინსპირაციაა. მოკლემეტრაჟიან, სულ რაღაც 12-წუთიან ფილმში პირდაპირი სიუჟეტის მიღმა იმალება სამეცნიერო ფანტასტიკისთვის დამახასიათებელი, მეტაფორული და შეფარული მესიჯები. მელიესის მთვარის ანტიკური, წარმართული პერსონიფიკაცია წარმოშობს კინოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე საკულტო, გროტესკულ-კომიკურ სურათს – კაფსულის (რითაც მეცნიერები ექსპედიციის ჯადოქართან ერთად მთვარეზე გაემგზავრნენ) მიერ გაჩენილ ხვრელს “მთვარის თვალზე” – რაც ადამიანის მავნებლურ ბუნებაზე მიგვანიშნებს. სიუჟეტის განვითარებისა და კულმინაციის ნახვის შემდეგ, მაყურებელი ხდება იმ პრიმიტიულ-ზღაპრული სამყაროს შექმნის მომსწრე, სადაც ფეხს იდგამს კოლონიალიზმი და ოქსიდენტალიზმი. ფაქტობრივად, მელიესი და მისი კოსმოსური სამყარო არის ეპოქის მოჩვენებითი პროგრესივიზმის (მთელი თავისი რეგრესული ტენდენციებით) ცოცხალი კომპენდიუმი.
ფილმის “მოგზაურობა მთვარეზე” გროტესკულ-ფილოსოფიურმა იდეებმა და ვიზუალურმა ესთეტიკამ გავლენა მოახდინა პოპ-კულტურის სამყაროზეც და პირდაპირი ალეგორიები გვხვდება სხვადასხვა მუსიკალურ კლიპსა თუ ანიმაციაში. მაგალითად, The Smashing pumpkins – Tonight, tonight-ის მუსიკალური კლიპი, რომელიც ცალსახად იზიარებს ფილმის სიუჟეტურ და დრამატურგიულ დეტალებს.
ასევე აღსანიშნავია HBO-ს მინი-სერიალი “დედამიწიდან მთვარემდე”, რომელიც ასახავს აპოლოს პროგრამის ისტორიას, ბოლო ეპიზოდის სახელწოდება კი სულაც „Le Voyage Dans La Lune“ (ფილმის ფრანგული სახელი) არის.
ანიმაციურ სერიალში “სიმპსონები” ორჯერ გააცოცხლეს მელიესის მთვარე.

           
და რაც ყველაზე დასამახსოვრებელია, მარტინ სკორსეზეს ფილმი “Hugo”, რომელიც მოგვითხრობ მელიესის შესახებ და აცოცხლებს არა მარტო რეჟისორის პერსონას, მის საკულტო ფილმსაც.
ვფიქრობ, “მოგზაურობა მთვარეზე” ის ფილმია, რომელმაც მკვეთრად განსაზღვრა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის მიმართულება და ჩამოაყალიბა მაყურებელთა გემოვნება.