თიმ უოქერი ბრიტანელი მოდის ფოტოგრაფია, რომელიც ცნობილი გახდა 1990-იანი წლების შუა ხანებიდან თავისი გამორჩეული, სურეალისტური ხედვითა და ფოტოებით. ისინი ინსპირირებული იყო ფოტოგრაფის ზღაპრების სიყვარულითა და თავგადასავლების წყურვილით.
თიმ უოქერი 1970 წელს ინგლისში დაიბადა. უოქერის კარიერისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი იყო სამუშაო გამოცდილება Conde Nast-ში, რომლის დროსაც ის გამომცემლობისთვის მუშაობდა სესილი ბეტონის არქივზე. ამის პარალელურად მან მონაწილეობა მიიღო The Independent-ის ფოტოგრაფიის კონკურსში, რამაც განაპირობა თიმის სამ წლიანი ბაკალავრიატი ექსეთერის ხელოვნების კოლეჯში.
სწავლის დასრულების შემდეგ დამწყებმა ფოტოგრაფმა გადაწყვიტა თავისი ხელობა უფრო მეტად დაეხვეწა. ის საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, რათა ბევრისთვის საოცნებო თანამდებობა – ფოტოგრაფ რიჩარდს ავედონის ასისტენტის პოზიცია დაეკავებინა.
Guardian-თან 2019 წლის ინტერვიუში ის ამბობს, რომ მისი როლი ავედონთან იმდენად უბრალო იყო, რომ ხშირად უწევდა ნათურის გამოცვლა, ნაგვის გადაგდება და ა.შ.თუმცა, უოქერის თქმით, სწორედ ამან მისცა მას საშუალება პირდაპირი შეხება ჰქონოდა უდიდეს ფოტოგრაფთან და ენახა მისი მუშაობის პროცესი, რამაც უდიდესი გამოცდილება შესძინა მას, როგორც დამწყებ ფოტოგრაფს. ამას იხსენებს ტიმ უოქერი, ახლა უკვე მოდის წამყვანი ფოტოგრაფი.
ნიუ-იორკიდან ლონდონში დაბრუნების შემდეგ უოქერი ფოკუსირებული იყო გაზეთებისთვის პორტრეტებისა და რეპორტაჟების გადაღებაზე, თუმცა მალევე, 25 წლის ასაკში მან გადაიღო მოდის პირველი ფოტო-ამბავი ბრიტანული Vogue-სთვის.
მას ასევე გადაღებული აქვს ბრიტანული Vogue-ის ორი ყდა – ლილი ქოული 2005 წლის ივლისის ნომრისთვის და სტელა ტენანტი 2005 წლის ნოემბრის გარეკანისთვის.
მას შემდეგ თიმ უოქერის განუმეორებელმა პორტრეტებმა და ფოტოებმა დაამშვენეს ისეთი ჟურნალ-გაზეთები, როგორიცაა Vanity Fair, W, LOVE, Another Man, i-D.
მას გამოქვეყნებული აქვს შვიდი წიგნი და ჩატარებული აქვს სოლო გამოფენები მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში.
სარეკლამო კამპანიებისთვის უოქერს უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან, როგორიცაა Barneys New York, Comme des Garcons, Gap, Yohji Yamamoto, Guerlain, Dior Perfume.
2008 წელს მისი პირველი დიდი გამოფენა მოეწყო ლონდონში, Design Museum-ში, რაც ასევე დაემთხვა მისი პირველი წიგნის ,,სურათების“ გამოცემას. იმავე წელს უოქერმა ბრიტანეთის მოდის დაჯილდოებაზე მიიღო Isabella Blow Award, როგორც მოდის შემქმნელმა.
2009 წელს მან ასევე მიიღო Infinity Award ნიუ-იორკის ფოტოგრაფიის საერთაშორისო ცენტრისგან მისი, როგორც მოდის ფოტოგრაფის, მიერ გაწეული შრომისთვის.
თიმ უოქერის ნამუშევრები მუდმივ კოლექციებში აქვთ ლონდონის Victoria & Albert Museum-სა და National Portrait Gallery-ს.
2019 წელს უოქერმა მორიგი გამოფენა მოაწყო Victoria & Albert Museum-ში, სადაც წარმოადგინა თავისი 150 ნამუშევარი, რომლებიც 25 წლიანი კარიერის განმავლობაშია გადაღებული. ფოტოგრაფს იზიდავს ხანგრძლივი კოლაბორაციები მოდელებსა და პერფორმერებთან, როგორებიც არიან ედი ქემპბელი, კარენ ელსონი, ქეით მოსი და ტილდა სვინსტონი.

უოქერის ფოტოებისთვის დამახასიათებელია ფსიქოდელიური წარმოსახვა, რეალობისა და ფიქციის შეზავება.
რაც შეეხება პორტრეტებს, მისი თითოეული ნამუშევარი შეიცავს ნიუანსურ მომზადებას: უოქერი დეტალურად იკვლევს ადამიანის მოტივებს და მისწრაფებებს იმისთვის, რომ დაიჭიროს და აღბეჭდოს მათი იდენტობა.
სწორედ ამ უნიკალური მიდგომისა და ხედვის, რეალურისა და არარეალურის შეზავების და გადმოცემის გამო თიმ უოქერი სამართლიანად ითვლება 21-ე საუკუნის წამყვან მოდის ფოტოგრაფად.