აუცილებელი სიყვარული: სიმონ დე ბოვუარი

“ქალად არ იბადებიან, ქალად ხდებიან “

სიმონ დე ბოვუარი 1908 წელს პარიზში დაიბადა. ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა რა თავისი ინტელექტუალური უნარებით, ყოველ წელს სასწავლებლის მიერ გამართულ შეჯიბრებებში იმარჯვებდა. ამას მამის შექება მოყვებოდა: “სიმონ, კაცივით აზროვნებ!”

შვილის წარმატებების სიხარულისდა მიუხედავად, სიმონის მამას, ჟორჟ დე ბოვუარს, მალე საკმაოდ გაანაწყენებს შემდეგი: სიმონის ბაბუა, ბანკის პრეზიდენტი, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაბანკროტდება, ეს კი ცოლის ქონების ხარჯზე ცხოვრების შეწყვეტას გულისხმობდა. სიმონის დედა წუხდა, რომ ქმარს იმედები გაუცრუა. ეს მათ შორის ბზარის გაჩენის საწყისი იქნება. მოგვიანებით, ბოვუარი კარგად იაზრებს იმ გარემოს, რომელშიც მის დედასა და ზოგადად ქალებს უწევდათ ცხოვრება, ეს კი, თავის მხრივ, გახდება წინაპირობა იმისა, რომ სიმონ დე ბოვუარი მეოცე საუკუნის ერთ-ერთ მოწინავე ფემინისტად იქცევა.

თხუთმეტი წლის ასაკში სიმონ დე ბოვუარს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მწერალი გამხდარიყო, განსაკუთრებულ ინტერესს ფილოსოფიის მიმართ გამოხატავდა. ეს უკანასკნელი კი გახდება მისი და ცნობილი ფრანგი ეგზისტენციალისტის, ჟან პოლ სარტრის, დაახლოების მთავარი მიზეზი. ბოვუარი სარტრის გენიოსს უწოდებდა, სარტრიც მოხიბლული იყო სიმონის შეხედულებებითა თუ ინტელექტით. მიუხეადავად ამისა, ამ ორს არასდროს უქორწინია – ლუვრის წინ, სიმონმა უარი განაცხადა ფორმალობაზე, რადგან მიაჩნდა, რომ ქორწინება საზიზღარი ბურჟუაზიული ინსტიტუტია, რომელიც ქალს ქმრის დომინაციის ქვეშ აყენებს. ამიტომაც მათ ღია ურთიერთობა არჩიეს, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა.

ღია ურთიერთობის ცნება მათთან თავისთავად საინტერესოა: მათ სიყვარული შემთხვევითად და აუცილებელ/მუდმივად დაყვეს. სარტრი ამბობდა, რომ სიმონი მისთვის აუცილებელი სიყვარული იყო, მაგრამ ორივეს მხრიდან, აუცილებელი სიყვარული შემთხვევითი სიყვარულის არსებობას არ გამორიცხავდა.

საკმაოდ საინტერესოა ის ფაქტი, რომ დე ბოვუარს ბევრი “შემთხვევითი სიყვარული” ჰყავდა, გახმაურებული იყო მისი რომანი ქალებთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის და სარტრი არაფერს მალავდნენ ერთმანეთისგან. ამგვარად დიდი ურთიერთგაგებისა და გულწრფელობის ხარჯზე, მათ შეძლეს და ემოციებთან ერთად რაციონალიზმიც არ დაივიწყეს, რაც, ალბათ, საკმაოდ რთული კომბინაციაა.

1949 წელს სიმონმა გამოსცა საკუთარი მაგნუმ ოპუსი “მეორე სქესი” , რომელიც ფემინისტურ ბიბლიადაც შეგვიძლია შევრაცხოთ. “მეორე სქესსში” იგი  ფარდას ხდის და დეტალურად განიხილავს ისტორიის მანძილზე ქალთა მიმართ დამოკიდებულებას. სწორედ ამ წიგნშივე გაიჟღერებს მისი ცნობილი ფრაზა : “ქალად არ იბადებიან, ქალად ხდებიან “.

სარტრისთან კავშირმა ბოვუარს ბევრი რამ მისცა, მაგრამ უმთავრესად კი ის კარგად გაეცნო და ღრმად ჩაეფლო ეგზისტენციალიზმში: ცხოვრებისა და შემოქმედების მანძილზე ცდილობს ცხოვრების აზრის პოვნას აბსურდულ სამყაროში, რომელშიც ადამიანი საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად დაიბადა. შემდგომ ეგზისტენციალურ იდეებს საკუთარ გაზეთ Les temps modernes-ის მეშვეობით ავრცელებდა.

ამ ყველაფრის პარალელურაად, ბოვუარი მოგზაურობდა, გაიცნო ფიდელ კასტრო, ჩე გევარა, მაო ძედუნი და სხვა იმდროინდელი მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები.

ფემინისტური კუთხით, ის ერთ-ერთი პირველი იყო ვინც ქალის სხვაგვარ როლზე ალაპარაკდა, განიხილავდა რა აბორტს და ბევრ კრიტიკასაც იმსახურებდა. მასვე ეკუთვნის 343-ის მანიფესტი (343 ფრანგი ქალის მიერ ხელმოწერილი პეტიცია, რომლებიც აცხადებდნენ, რომ აბორტი ჰქონდათ გაკეთებული. მანიფესტი სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტს წარმოადგენდა, ვინაიდან საფრანგეთში აბორტი არალეგალური იყო და მანიფესტის ხელმომწერი ქალები საჯაროდ აღიარებდნენ, რომ კანონის წინაშე დასჯადი დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი).

ამგვარად, სიმონ დე ბოვუარმა მოიხვეჭა სახელი მსოფლიოს გარშემო, როგორც დიადი ფემინისტი, მოაზროვნე და პირველ რიგში, დამოუკიდებელი, ძლიერი ადამიანი, რომელიც ქალად კი არ დაიბადა, არამედ გრძელი გზა განვლო აქამდე მისაღწევად.