ვალსი საყვირთან

1950-იანი წლების დასავლურ კულტურულ სამყაროში ჩამოყალიბებული სტერეოტიპები მასკულანური იდეალების შესახებ მოიაზრებდა მამაკაცი პერსონაჟებისთვის პატივსაცემი, ძლიერი და მტკიცე მაჩოს თვისებების მიკერებას. ამგვარი ტენდენცია კინოსამყაროში შეცვალა ჯეიმზ დინმა და დაამსხვრია ემოციური და მგრძნობიარე მამაკაცებების დაუცველობისა და არამიმზიდველობის სტერეოტიპი. სწორედ ამ პერიოდში მუსიკალურ არენაზე ჩნდება ორი განსხვავებული მუსიკოსი – ფრენკ სინატრა და ჩეტ ბეიკერი, მათ შექმნეს ემოციური და სენტიმენტალური მუსიკა. თუმცა, იდეოლოგიური და მენტალური რევოლუციის ტალღის ყველაზე გაბედული ჯაზმენი ჩეტ ბეიკერი გახლდათ, მან დაამსხვრია მე-20 საუკუნის მამაკაცურობის განმსაზღვრელი ყველანაირი ჩარჩო და ჯიუტად გაჰყვა საკუთარ ბუნებრივ ინდივიდუალიზმს. სინატრამ ბილი მეისთან და ნელსონ რიდლთან ერთად ალბომებში “In the Wee small hours” (1955) და “Songs for swingin’ lovers” (1956) გამოუშვა მუსიკა, რომელშიც ფრენკ სინატრა არ კარგავდა იმ დროის იდეალური მამაკაცის თვისებებეს, თუმცა მაინც მოახერხა გასცდენოდა დადგენილ მუსიკალურ კლიშეებს და ინტიმური და რომანტიკული მესიჯით მუსიკაში წაეხალისებინა ხელოვანი მამაკაცების გრძნობების ექსპრესია. ასეა თუ ისეა, ფრენკ სინატრა მაინც დარჩა იდეალური მაჩოს ტიპაჟის მამაკაცად.

განსხვავებით სინატრასი, ჩეტ ბეიკერმა გაუძლო კულტურულ წნეხს და მის მუსიკაში ჩადო უფრო მეტი ემოცია, განავითარა უნიკალური სტილი, თითქოს ფემინური, თითქოს ინტიმური… ბეიკერმა გააოცა და ახალ საფეხურზე აიყვანა ამერიკული ჯაზ კულტურა. ბეიკერის სტილის წინაპრად შეიძლება მივიჩნიოთ ბინგ კროსბი, 20-იანი წლების ნოვატორი მუსიკოსი, რომლის იდეებმა დახვეწილი და სრულყოფილი სახე ჩეტის მუსიკაში მიიღო. ამ უკანასკნელმა დაიწყო ახალი სტანდარტების დაწესება, ისწავლა, როგორ გამოიყენოს მიკროფონი და საყვირი ინტიმური გრძნობების რუპორად.

მაშინ, როდესაც კროსბიც კი უფრთხოდა საკუთარი უნიკალურობის გამომზიურებას, მარკეტინგული რისკების გამო, ჩეტ ბეკერი მოგვევლინა რევოლუციონერ ჯაზმენად. მასკულინურ სამყაროში ბეიკერის ხმა იყო ფემინური და ხარვეზიანი. მიუხედავად კრიტიკის ქარცეცხლისა და საშინელი ზეწოლისა ბეიკერი აგრძელებდა ემოციურ ცეკვას საკუთარ საყვირთან და არ უშინდებოდა სიმღერით სულის გადაშლას.

შეუძლებელია მოუსმინო ჩეტის მუსიკას და არ იგრძნო მისი უძლიერესი და უემოციურესი კავშირი და ერთიანობა საკუთარ საყვირთან. ეს მით უფრო განსაკუთრებული და აღსანიშნავი ხდება მას შემდეგ, რაც ვამჩნევთ თუ რა ჰარმონიასა და თანხვედრაში მოდის ბეიკერის ვოკალი და ინსტრუმენტი ერთმანეთთან (აქვე, აუცილებლად უნდა გირჩიოთ ფილმი ჩეტ ბეიკერის შესახებ: “Born to be blue”). მიუხედავად ამგვარი უნიკალურობისა, მისი მუსიკა და დაკვრა მომაგონებს ჯეკ შელდონის, ტონი ფრუსკელასა და დონ ფაგერკვისტის სტილსა და მუსიკალურ-ინსტრუმენტალურ ქარიზმას. ზემოთ ჩამოთვლილთაგან, მხოლოდ შელდონი მღეროდა და, შეიძლება ითქვას, ბეიკერზე უკეთესი ვოკალური მონაცემებიც ქონდა, მაგრამ მათი სტილი ბევრად განსხვავდებოდა და ვერ ვიტყოდი, რომ ტექნიკურად სუფთა და გამართული სიმღერისდა მიუხედავად, შელდონი უფრო მომხიბვლელი იყო. მთავარი განსხვავება მდგომარეობდა იმაში, რომ შელდონისათვის მუსიკალური შარმი და რომანტიკულობა ასოცირდებოდა მხოლოდ სექსუალურობასთან (როგორც აღვნიშნე, ეპოქალური კომპლექსები და კლიშეები).

ბეიკერის მუსიკა კი არასდროს ყოფილა ასეთი აშკარა, ერთწახნაგოვანი და უღიმღამო. მისი შინაგანი და მუსიკალური სექსუალობა იმალებოდა რომანტიკასა და თვითგამოხატვას შორის. რთულია ვისაუბროთ ჩეტ ბეიკერის გავლენაზე, რადგან მას ნამდვილად არ გაუჩენია მისი მუსიკალური სტილის მიმდევრები. იმდროინდელი ჯაზ ვოკალისტები მაინც ძველ მიდგომებსა და ტრადიციებს მისდევდნენ (მაგალითად ჯიმი სკოტი, ტონი ბენეტი,ოსკარ ბრაუნი და სხვები). თუმცა როგორც არ უნდა იყოს, მიმაჩნია, რომ ბეიკერმა შეცვალა მენტალური და კულტურული ტენდებციები და აღქმა ჯაზში და ამით ასე თუ ისე გავლენა მოახდინა მომავალ მუსიკოსებზე, არტისტებსა და ლიბერალური სამყაროს კულტურულ არენაზე. მან სიბრაზე, სიყვარული, სევდა და ყველანაირი გრძნობა გარდაქმნა მუსიკად და გახსნა მამაკაცების ემოციური პალიტრა ჯაზში.

ბეიკერის აბსოლუტურად გულწრფელ, ემოციურ და ლამაზ მუსიკასთან სრულ კონტრასტში მოდიოდა მუსიკოსის ცხოვრება. ჩეტ ბეიკერის ცხოვრება ერთი დიდი პარადოქსი აღმოჩნდა – ერთის მხრივ ნარკოდამოკიდებული, აგრესიული კაცი, მეორეს მხრივ კი ნაზი ხელოვანი სენტიმენტალური და სევდიანი მუსიკით. მან დიდი დისტანცია შექმნა საკუთარ გაორებულ პიროვნებაში და ეს მანძილი ინტიმური ემოციების დასაბალანსებლად და გამოსახატად გამოიყენა.