რა არის თანამედროვე ხელოვნება

იმ სინათლის სიჩქარეზე სწრაფ ეპოქაში, სადაც თეთრზე ფუნჯით წითლის შესხმა ობიექტურად დიდი ხელოვნებაა და კლასიციზმი მოძველებულ, რუტინულ, მოსაბეზრებელ ესთეტიკად ითვლება; ზუსტად იმ დროს, როცა ნიუ-იორკში თავისუფლების ქანდაკებას სპილენძის გვირგვინი სძვრება; ერთ პატარა, ტრანსკონტინენტურ ქვეყანაში, კუზე  ნელი ნაბიჯებით, მიზოზინებს თანამედროვე ხელოვნება, რადგან ჩვენებურ არტისტთა უსწრაფესი სული მრბოლელ სატანაზე უფრო სწაფად მიექანება, ვერტიკლურად – ზემოთ და ქვემოთ, თავისივე არა არტისტულ სხეულებში. იქმნება დიდი დისონანსი სულსა და სხეულს, გონებასა და სწრაფ სივრცეში მომწყვდეულ  პოსტსაბჭოთა მიდამოებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს პატარა ქვეყანაში თანამედროვე ხელოვნება არ დაშურებული მცდელობებით მიბობღავს წინ, იგი მანც ყველაზე მეტად სულის შემძვრელია ადამიანის გონებისა და არსებისათვის, რადგან ეს არის შეულამაზებელი, პირდაპირი, ხანდახან სასტიკი მოვლენა, რომელსაც შეუძლია პიროვნება ერთდროულად გამოაფხიზლოს და მიაძინოს.

“თანამედროვე ხელოვნება არის სატანური სიმახინჯის აჯანყება, ღვთაებრივი სილამაზის წინააღმდეგ.“

თუნდაც თანამედროვე ხელოვნებას სატანური ვუწოდოთ, თითოეული ჩვენგანი მაინც მის ეპოქაში მცხოვრები გენიოსები ვიქნებით, რომლებიც გააზრებულად თუ გაუაზრებლად ვართ ჩართულები იმ ესთეტიკურ-შემოქმედებით პროცესებში, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოხატვის, ფიგურატიული გამოსახულებებისა და რეალისტური სახეების გარეშე არსებულ რეალობაში ვანაწილებთ ჩვენივე ყოველდღიურ ემოციებს. ვმონაწილეობთ იმ აჩქარებული ტემპით მოძრავი, მოუსვენარი და მრავალფეროვანი, შემოქმედებითი გარემოს შექმნაში, რომელშიც პერფორმანსი, ფლუქსუსი, მინიმალიზმი, ბოდი-არტი, ვიდეო-არტი, გრაფიტი, ბიო-არტი და სხვა ფორმები აზრებისა და იდეების გამოხატვის სხვადასხვაგვარი საშუალებებია. ხელოვნება თითოეული ადამიანისთვის თანაბრად იხსნება. ყოველ მომენტში, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, შემოქმედებით პროცესებში ვიღებთ მონაწილეობას.

„ხელოვანი შეიძლება იყოს ყველა.“

(იოზეფ ბოისი)

თანამედროვე სამყაროში ხელოვნების სივრცე უჩვეულოდ არის გაფართოებული. ხელოვანის მთავარი მოვალეობაა იყოს კონტექსტუალური თავისი დროის მიმართ. ამ ეპოქაში არ არსებობს ჟანრობრივი დიფერენციაცია. ესთეტიკურ-მხატვრულ სივრცეში ერთად არსებობის, კოლაბორაციის საშუალება სხვადასხვა დარგებს ეძლევათ. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი სფეროა რეკლამა. ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, სადაც რეკლამის ხარისხიანი ვიზუალური გამოსახულებაც შეიძლება ჩაითვალოს მაღალი ხელოვნების ნიმუშად.

მარსელ დუშანის აზრით, ხელოვნება სტატიკური მოძრაობაა, იგი იმყოფება მუდმივ დინამიკასა და განვითარებაში და დროდადრო შემოიერთებს ჩვენი ეპოქის თანადროულ განცდებს. თანამედროვე ადამიანთა ნაწილი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ  შეგუების პროცესშია, მიიღოს ფაქტი, რომ დღევანდელ სამყაროში ესთეტიკის აღქმა განსხვავებულია იმისაგან, რაც ტრადიციულ ხელოვნებაში გვხვდება. აქ  და ახლა –  მნიშვნელოვანია არა ტკბობისა და მშვენიერი, ლამაზი ფორმით აღტაცებული სულის ნავარდი, არამედ მძაფრ, ამაღლებულ, ზოგ შემთხვევაში, მძიმე ან თუნდაც უარყოფითი ემოციების გამომწვევ ხელოვნების ნიმუშთან პირისპირ შეჯახება და საკუთარი სულის ანარეკლში  კარგი თუ ცუდი ნაწილების შეულამაზებლად ხილვა.

თავისუფლება ყველგან და ყველაფერში – თანამედროვე სამყაროში არ არსებობს არანაირი შეზღუდვა. არც გამოხატვის ფორმაში, არც იდეის თავისებურებაში, გარშემო სრული ნონსენსია. არტისტს შეუძლია გამოიყენოს ყველაფერი იმისთვის, რომ შექმნას და მატერიად აქციოს თავისი იდეები.