ანა სანაია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, რეჟისორი, სცენარისტი და დრამატურგია, რომელმაც ჯერ კიდევ 2000-იანი წლების ბოლოს გადაღებული ძალზე პოპულარული ქართული კომედიური სერიალიდან ,,ჩიფსების თაობა’’ მოიპოვა ხალხის სიყვარული და ცნობადობა.

სერიალის შემდეგ, მისი ყურადღების უფრო დიდი ულუფა თეატრს ხვდა წილად, თუმცა, პარალელურად, ამ წლების განმავლობაში, ანა, როგორც არტისტი, თავს არ იზღუდავდა ჩარჩოებში, პირიქით, შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის არაერთ სხვადასხვა ფორმას მიმართავდა (იქნებოდა ეს თეატრში, ტელევიზიაში, კინოსა თუ სოციალურ მედიაში) და ამ ყველაფრის ერთ-ერთი ნაყოფიცაა მისი რეჟისურით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რომელთაც ამ სტატიაში წარმოგიდგენთ.
,,სხვისი შვილები’’
,, – ჩემთვის სინაგოგა, მეჩეთი და ეკლესია არ განსხვავდება. ყველა ერთი ღმერთის შვილები ვართ.”

ანა სანაიას დოკუმენტური ფილმი ,,სხვისი შვილები’’ გვაცნობს ერთ ძალიან ორგანულ გმირს, ვანო ცელაძის სახით. ცივ, თოვლიან ამინდში მიმავალი ვანოს კადრები ფერწერულ ტილოსაც კი მოგაგონებთ. მოკლე ქრონომეტრაჟისდა მიუხედავად, ამ კინოგმირის მონოლოგები, მისი მეტყველი სახე და ერთი მხრივ შეუმჩნეველი, პატარა დეტალები, დიდ პიროვნულ და ეროვნულ ისტორიას გადმოგვცემს ქართულ-ებრაული ურთიერთობების შესახებ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამბის თხრობისას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა ენიჭება მუსიკას, რომელსაც კატო შარიქაძის, მარია ელენე ბეჯაშვილის, სალომე ბაკურაძისა და სოფო ახუაშვილის შესრულებით ვისმენთ.
,,ბიჭი, უცნობი ქალი, თხა, ვარსკვლავი და ქალაქი საბნის ქვეშ’’

ანა სანაიას ეს მხატვრული ფილმი, რომელიც საკმაოდ ემოციურ ისტორიას გვიამბობს ქართულ-ებრაული მეგობრობის ფონზე, სათაურიდან დაწყებული, ექსცენტრიული გარემოთი და პერსონაჟებით დასრულებული, მაყურებლის ყურადღებას ნამდვილად იპყრობს. თუმცა, რეჟისორის იუმორი და მისი მკაფიოდ გამოხატული გროტესკული ხედვა კი ფილმის ყურებას უფრო და უფრო საინტერესოს ხდის.
რეჟისორის ხელწერად ქცეული – მუსიკალური ნომრების ჩართვა ფილმში, ,,გოგონათა კვარტეთის’’ უცვლელი შემადგენლობით, შედგა მის მეორე სიყვარულის წერილშიც…