“კუნძულის შესაძლებლობა” – პარადოქსული ნეო-რეალობა

“კუნძულის შესაძლებლობა” მიშელ უელბეკის სკანდალური და რადიკალური პიროვნების ანარეკლია. რამდენადაც ბასრია მისი პრინციპები, ღირებულებები, იდეები და წერის სტილი, იმდენად მარტივი ამოსაკითხია გაბზარული ცინიკოსის მიღმა დამალული იმედგაცრუებული, რომანტიკოსი მიზანთროპის ჭიდილი დეპრესიასთან, უაზრობასთან, სიცოცხლისა და სიკვდილის იდეის, მათი ერთიანობისა და პარადოქსული შიშის განცდასთან. სამყაროში, რომელშიც უელბეკი ცხოვრობს ემპათიის ადგილი არ არის, ან შეიძლება არის, უბრალოდ არ იძებნება. სწორედ ამიტომ მისი მტკიცე, ნაკლებად ადამიანური (ყოველ შემთხვევაში მორალისტური ჩარჩოდან გასული) რიტორიკა გახდა მიზეზი უელბეკის სასამართლო ისტორიის გაფუჭებისა.

Photo: Philippe Matsas Opale/Courtesy of Knopf

თუმცა, როგორც არ უნდა იყოს, უელბეკი იმსახურებს მკითხველის პატივისცემას, ის სიტყვის თავისუფლების პრივილეგიას მაქსიმალურად იყენებს და როგორც ხელოვანი საკუთარ რწმენას არ ღალატობს, არ გაურბის შიშებზე დაშენებულ ღირებულებებსა და თავისებურ გამოსავალსაც გვთავაზობს. სწორედ ზემოთთქმულის გამოძახილია “კუნძულის შესაძლებლობა” – რომანის მთავარი გმირი, დენიელი, ავტორის მსგავსად პოლიტიკურად არაკორექტული, 47 წლის (თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ მაინცადმაინც შუა ხნის ასაკი არის პერსონაჟის ფილოსოფიის განმსაზღვრელი) ფრანგი მამაკაცია – ყოველდღიურობით, ფსევდო გარემოთი, პასუხისმგებლობებით გადაღლილი. მას წარმატებული კარიერა აქვს – ისლამოფობიური კომიკოსის როლით (იუმორის გარეშე, ეს ცინიკური დეტალი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მინიშნებაა). “წამოიძახეთ რამდენიმე სარკასტული რეპლიკა პოლიტიკოსების ან ცნობილი ადამიანების შესახებ, სახეზე უსინდისო ღიმილით, ან დასცინეთ რელიგიას და მალე საკუთარ სატელევიზიო შოუს წაიყვანთ.” უელბეკის მსგავსად, დენიელიც ორიგინალური, შემოქმდებითი ადამიანია, რომელსაც ეზიზღება თავისი აუდიტორია, ეზიზღება თავისი სახე და ვერ წყვეტს შეუქცევად ციკლს – ის მახინჯია, მაგრამ მახინჯია ასეთივე საზოგადოების გამო, მათნაირი ნიღაბი კი იმდენად მჭიდროდ მიეკრა, რომ გამოსავალს კიდევ უფრო რადიკალურ ირონიაში ხედავს. დენიელი ასრულებს კარიერას და მიდის კუნძულ ლანზაროტეზე (ადგილი, უელბეკის წინა რომანიდან) New Age სექტაში გასაწევრიანებლად. კულტის წევრები ამტკიცებენ, რომ, როგორც იქნა მიაგნეს უკვდავების/მარადიული ცხოვრების საიდუმლოს, რომელიც რეალურია და გულისხმობს კლონირების ტექნოლოგიის დახვეწას, პერფექციასა და არა რაიმე აბსტრაქტული მატერიების იმედად ყოფნას. ამის პარალელურად თხრობა მიმდინარეობს მომავალში, სადაც ჩვენ ვეცნობით დენიელის ერთ-ერთ შთამომავალს, “ნეოადამიანს”, რომლის სახელია დენიელი 24. ეს უკანასკნელი ორიგინალი დენიელის ოცნებაში ცხოვრობს, არანაირი ემოციები – არც ყალბი, არც გულწრფელი, ყველაფერი მოწესრიგებული და მარტივია და სწორედ აქ ვაწყდებით მთავარ პარადოქსს. დენიელი 24, ორიგინალი დენიელის კლონი, “ნეოადამიანი” ნებისმიერი რისკის ფასად იწყებს გრძნობების ძებნას.

თუ უელბეკის რომანებს იცნობთ, შეამჩნევდით, რომ მისი რომანები ავტობიოგრაფიის კომიკურ პაროდიას ემსგავსება, მაგრამ მისი ერთდროულად ნიჰილისტური, არამორალისტური და იმედის მომცემი, თანაც ლოგიკური დასასრული თანამედროვე, ბანალური რეალობისა, საბოლოოდ ჭეშმარიტ გამოსავლად გვესახება. რა პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს ჭეშმარიტება მარტივ, თუმცა ადამიანებისთვის (და როგორც “კუნძულის შესაძლებლობის” ბოლოს ვიგებთ, ნეოადამიანისთისაც) მიუღებელ მოცემულობაში იმალება – უელბეკის სამყაროში არ არსებობს სიყვარული და საერთოდ არაფერია საკუთარი თავის და ეგოს მიღმა.