
მერი რიჩმონდი მე-19 საუკუნის ახალი ხმა და ხედვა იყო: ჯეინ ადამსთან ერთად ის სოციალური მუშაობის დედად მოიხსენიება. რიჩმონდი იყო რა პირველი, ვინც შემოიტანა საკუთარი მეთოდები და ამგვარად ხელი შეუწყო გაჭირვებული ფენის უფლებების მოპოვებას.
რიჩმონდის გამოჩენამდე საგულისხმო იყო ის, რომ საზოგადოების დიფერენციაცია მიმდინარეობდა – ყველა ადამიანი, ვისაც დახმარება სჭირდებოდა, ვერ მოიპოვებდა მას, ვინაიდან არსებობდა რაღაც კრიტერიუმები ადამიანის სიტუაციის შესაფასებლად. ეჭვგარეშეა, რომ გასაჭირის კოეფიციენტები არ არსებობს და მერი რიჩმონდი იქნება სწორედ ის ფიგურა, ვინც იბრძოლებს ადამიანთა უფლებებისთვის და ხმამაღლა ალაპარაკდება ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
მერი ელენ რიჩმონდი დაიბადა 1861 წლის 5 აგვისტოს ბელვილში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. რადგან მისი მშობლები და დედმამიშვილები ტუბერკულოზმა იმსხვერპლა, მერი ბებიასთან და დეიდებთან გადადის საცხოვრებლად. ახალ კერაში ფემინიზმი დუღდა: ბებია რადიკალი აქტივისტი იყო, რომელიც ქალთა საარჩევნო უფლებების მისაღებად თავგამოდებით იბრძოდა.
მაშასადამე, ადრეული ასაკიდანვე რიჩმონდი პოლიტიკურ-ფემინისტურ გარემოში მოღვაწეობდა. რასაკვირველია, ამან მასზე ზეგავლენა მოახდინა და მოგვიანებით, ის დაიწყებს მუშაობას საქველმოქმედო ორგანიზაციის [ ” COS ” ] საზოგადოების სახაზინო ასისტენტად. აღსანიშნავია, რომ ის გახდება პირველი ქალი, ვინც ისეთ თანამდებობას დაიკავებს, რომელშიც მანამდე მხოლოდ მამაკაცები გვხვდებოდნენ.
რიჩმონდი საქველმოქმედო ორგანიზაციის საზოგადოებასაც დააარსებს. ის ინდივიდსა და მის პიროვნულ მახასიათებლებსა და დაუკმაყოფილებელ საჭიროებებზე აპელირებს კონკრეტულ სოციალურ გარემოში. იგი სოციალური პრობლემების ძირითად წყაროდ ადამიანს მიიჩნევს და მისი ცვლილების პროგრამა სრულად ადამიანზეა ორიენტირებული, ამიტომაც შემთხვევაზე მუშაობა მისთვის ცვლილებისათვის ბრძოლის მთავარი მეთოდია. შემთხვევებზე მუშაობის ინოვატორადაც სწორედ რიჩმონდი გვევლინება. ამგვარად, ლოგიკურია, რომ ის არ იშურებდა ძალისხმევას და იმ ადამიანების სახლებში მიდიოდა, რომელთაც დახმარება სჭირდებოდათ. მისი მიზანი იყო ამგვარად პრობლემის გამოაშკარავება და ამ ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.
1897 წელს მერიმ თავისი იდეები წარადგინა საქველმოქმედო დაწესებულებების ეროვნულ კონფერენციაზე. ეს წელი საგულისხმოა იმითაც, რომ რიჩმონდს განზრახული ჰქონდა სოციალური მუშაობის რეფორმირება – პროფესიონალიზებულიყო ყველა, ვინც დაინტერესებული იყო გაჭირვებულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებით. ეს ნაბიჯი ისტორიაში მრავლისმომცემია, რადგან პირველად ამ ხნის განმავლობაში ყურადღება მიექცა სტრატეგიებს, მათ სწორად განხორციელებასა და რაც მთავარია – კვალიფიკაციას.
1898 წელს რიჩმონდის იდეა აწ უკვე ხორცშესხმულია -ფილანტროპთა სკოლამ სინათლე იხილა. იყო რა ნიუ იორკის რასელ საჯის ფონდის საქველმოქმედო ორგანიზაციული დეპარტამენტის დირექტორიც, მერიმ ხელი შეუწყო სოციალური მუშაკების ქსელის ჩამოყალიბებას.
1917 წელს, ორმოცდათექვსმეტი წლის ასაკში მერი რიჩმონდი გვთავაზობს “სოციალურ დიაგნოზს”. ეს გახლდათ ნამუშევარი, რომელშიც ასახულია მერის თხუთმეტი წლის გამოკვლევის შედეგები.
არ ჰყოლია მეუღლე ან შვილები, მთელი ცხოვრება მერიმ სხვათა დახმარებას მიუძღვნა. და რომ არა ის, დღეს საზოგადოებაში დიდი ალბათობით კვლავ იარსებებდა სტიგმა, რომ მხოლოდ გამორჩეულ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება. რიჩმონდის წვლილი ადამიანის, როგორც ინდივიდის, საკუთარი საჭიროებებით აღსავსე არსების დანახვაში უდიდესია.