ოსამუ დაძაი, “ადამიანად არ ყოფნა”

გათენდება 1948 წლის 13 ივნისი და იაპონიის მოსახლეები ტამაგავას არხთან ორი დამხრჩვალის გვამს იპოვიან. გარდაცვლილები ცოლ-ქმარი, ოსამუ დაძაი და მისი მეუღლე ტომიე არიან. ტოკიოში ხმა გავარდა, რომ ორმაგი სუიციდი დაძაის მეუღლის ინიცირებული იყო. ოჯახის ახლობელი მწერალზე იტყვის, რომ “მას უთხრეს, რომ მომკვდარიყო, ისიც ადგა და უბრალოდ დათანხმდა, თუმცა წამით ადრე სიკვდილამდე შეუყვარდა ცხოვრება”.
ის, რაც ამ ისტორიას უფრო ტრაგიკულს ხდის, არის, რომ დაძაის მაგნუმ ოპუსში – „ადამიანად არ ყოფნა/No Longer Human”, ვხვდებით ანალოგიურ პასაჟს, სადაც მთავარი პერსონაჟი გეგმავს ორმაგ სუიციდს პარტნიორ ქალთან ერთად, ხოლო მცდელობა მხოლოდ ერთი ადამიანის სიკვდილით სრულდება, მთავარ პერსონაჟს კი „გაუმართლებს“, თუმცა არ გაუმართლებს ავტორს.

 

ოსამუ დაძაის სახელი იაპონიაში ერთ სიტყვასთანაა გათანაბრებული, ხსენება მისი საკმარისია, რომ მაშინვე საპასუხოდ გაიგონებთ – „暗“ „კურაი“. 暗-ის ქართულადაც მრავალი თარგმანი შეიძლება მოეძებნოს, მაგრამ არცერთი პოზიტიური კონოტაციით. ის შეიძლება გავიგოთ, როგორც – პირქუში, ბნელი, უსიცოცხლო, ნაღვლიანი, მოქუფრული და ა.შ. სწორედ ასეთია ავტორის წერის მანერა.

დაძაი ხშირად ეხება ისეთ თემებს, რომელთაც ადამიანთა უმრავლესობა უკიდეგანო ტრაგედიად შეაფასებდა, ამას კი ისე აკეთებს, თითქოს ყოველდღიურ რუტინულ მოვლენებზე გვესაუბრებაო – აუღელვებლად, შეუმზადებლად, მდორე ტონით.
მისი პერსონაჟების განმსაზღვრელი სწორედ ის ტრაგედიებია, რაც თითოეულ მათგანს შეემთხვა ცხოვრების რაღაც ეტაპზე. ადამიანები შინაარსით უტოლდებიან ამ მოვლენებს და იქცევიან – მარტოობად, სევდად, სიკვდილად, ძალადობად, სასოწარკვეთად. და თითქოს ავტორი ახერხებს, იმას რომ ყოველგვარ იმედს ართმევს მკითხველს, რომ ახალ გვერდზე გადასვლის შემდეგ, რაიმე დადებითისაკენ შეიცვლება. სულ არა, პირიქით, რაც მეტად კითხულობთ დაძაის ნაძერწ წინადადებებს, მით უფრო ხვდებით, რომ ავტორი ჩვეული აუღელვებლობით გვიზიარებს ახალ-ახალ „სასჯელებს“, რომელსაც პერსონაჟები დაითმენენ თავის თავზე.

ეს სტილი არ არის მხოლოდ ის მიზეზი, რაც აქცევს დაძაის ჟანრის დიდოსტატად, არამედ ცალკე აღსანიშნავია, თუ რამდენად გვესაუბრებიან მისი პერსონაჟები ავტორის გასისხლხორცებულ მძიმე დეპრესიაზე. თავის წიგნში – „ადამიანად არ ყოფნა“, ავტორი აჟღერებს, რომ „მისი ცხოვრება სირცხვილით იყო სავსე“. წიგნი შეიძლება ითქვას, რომ ირეკლავს თავად დაძაის გამოცდილებასა და ტკივილს, რადგან შეუძლებელია აღწერო ის ემოციები დაძაისებური სიცხადით თუ ის საკუთარ თავზე არ გამოგიცდია. და რამდენადაც, როგორც მკითხველი, იაზრებთ იმას, თუ რამდენად იყო განუზომელი სევდა ავტორის მეგზური ცხოვრების ბოლომდე, იმდენად ვერ ახერხებთ დარჩეთ გულგრილი მის მიმართ.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ავტორს სხვანაირად წარმოედგინა თავისი აღსასრული. წიგნში, როდესაც საუბრობს რა მთავარი პერსონაჟის აღსასრულზე, აღწერს მის ბოლო ფოტოს:

“ფოტოზე თავი ახლოდან მოჩანს და მისი ნაკვთების გარჩევაც შესაძლებელია – შუბლი ჩვეულებრივი, შუბლის ნაოჭებიც ჩვეულებრივი, წარბები, თვალები, ცხვირი, პირი, ნიკაპი …. სახე უბრალოდ არ მეტყველებს, მოკლებულია ყოველგვარ გამოხატულებას, მოგონებად დარჩენის უნარიც კი არ აქვს. არა თვითმყოფადობა, არაფერი მნიშვნელოვანი. პირადად მე სურათის ნახვის შემდეგ თვალებს ვხუჭავ და ისიც ჩემი გონებიდან, როგორც ნისლი, ისე ქრება. რა გზითაც არ უნდა ვცადო, გახსენება არ შემიძლია. ისეთი სახეა, რომ შეუძლებელია იქცეს ნახატად, თუნდაც კარიკატურად. მივიწყებისგან გამოწვეულ სევდასაც კი არ ტოვებს. გავახელ თვალს, აი, ეს სახეა! –  გავიხსენებ და წამით ვერ ვგრძნობ დავიწყებულის გახსენებით მოგვრილ ბედნიერებას. რომ გავაზვიადო, მეორედ შეხედვაც არ არის საკმარისი, რომ ბოლომდე გამახსენდეს მისი სახე. და სულაც, თვალს ისე ხვდება, რომ წარმოუდგენლად მაღიზიანებს და მეც მყისიერად მინდება მხედველობიდან მოვიშორო.“

და თუ დაუკვირდებით, ამოიცნობთ ავტორის ფარულ სურვილს, რომ ყველას დაევიწყებინა მისი არსებობის შესახებ. თითქოს მიისწრაფოდა, რომ საკუთარი თავი ამოეშალა კაცობრიობის ისტორიიდან, მაგრამ რა იცოდა, რომ მისი წიგნი „ადამიანად არ ყოფნა“ მისი გარდაცვალების შემდეგ იაპონიის ხალხის გულში დაიდებდა ადგილს.

ის ფაქტი, თუ რატო იყო დაძაი მნიშვნელოვანი ავტორი იაპონიაში, ეხება სწორედ პერსონალური ტრაგედიის გაგებას იქ. იაპონია ძალიან საზოგადოებაზე ორიენტირებული კულტურაა და ნაკლებად „აფასებს“ ინდივიდუალიზმს, აი, დაძაი კი თავის წიგნში ერთი ადამიანის ამქვეყნად განვლილ ჯოჯოხეთზე მოყვება ამბავს. წიგნში შეხვდებით – წარუმატებლობას, ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, ბორდელებს, ძალადობას, ინდიფერენტულობას, გაუცხოებასა და რიგ იმ მიზეზებს, თუ რატომ ვერ გაიღიმებთ ერთხელაც კი წიგნის კითხვისას.
წიგნში არ ვხვდებით პროტაგონისტს, რადგან მთავარი პერსონაჟია საკუთარი თავისათვის ანტაგონისტი.

ამის მიუხედავად, თუ კი გადაწვეტთ, რომ წიგნი აიღოთ და ამ პერსონაჟის, იობა ოზოს ამბავს გაუყვეთ, გპირდებით, რომ ის თქვენს გულშიც დაიდებს ადგილს.