ინიარიტუს ტრაგედიები

ტრაგედიას ყველაფერზე უკეთ შეუძლია ადამიანების გაერთიანება, ერთ მუჭად შეკვრა და ძალიან მტკიცე კავშირების შექმნა. როცა ტრაგედია ხდება, ის მოიცავს ოჯახს, საახლობლოს, მთელ ქალაქს, ქვეყანას და ზოგჯერ მსოფლიოსაც კი. ეს იმდენად მასშტაბური ცნებაა, რომ მხოლოდ რეალურად გამანადგურებელ, შემზარავ და სასოწარმკვეთ მოვლენებს შეგვიძლია მივუსადაგოთ. მაგრამ რა განაპირობებს ამ სამწუხარო მოვლენების მასშტაბურობას? მსხვერპლთა რიცხვი, მათი ასაკი, ადგილი, დამნაშავეთა რაოდენობა თუ მონაწილეთა სტატუსი? რეალურად, რაიმე მოვლენა ტრაგედიად რომ მოვნათლოთ, ამისთვის არაა საჭირო რაიმე განსაკუთრებული ნიშანი გამოარჩევდეს სხვა სავალალო შედეგების მქონე მოვლენებისგან. ტრაგედიაში მთავარი ადამიანია, სწორედ ადამიანებისთვის მიყენებული ზარალი განსაზღვრავს მოვლენის ტრაგიკულობას.

უშუალოდ სიტყვა „ტრაგედია“ ძველი საბერძნეთში წარმოიშვა და აღწერს ისეთ დრამატულ ნაწარმოებს, რომლის მთავარ გმირს დიადი მიზნების მისაღწევად უწევს ძალიან რთული დაბრკოლებების გადალახვა, ეს კი მკითხველსა თუ მაყურებელში ღრმა თანაგრძნობას იწვევს. მაშინ, ძველი ბერძნებისთვის ტრაგედიები სანახაობას წარმოადგენდა და დიად პერსონაჟებს უკავშირდებოდა. ახლა კი რეალური, ყოველდღიური ტრაგედიებით სავსე მსოფლიოში გვიწევს ცხოვრება. ტრაგედიაა, როცა 12 წლის ბავშვი პარკში თამაშისას იღუპება, როცა 4 წლის ბავშვს ავტობუსი ეჯახება, როცა ბუჩაში იტაცებენ, აწამებენ და კლავენ ასეულობით ადამიანს, როცა ირანში ყოველდღიურად იხოცებიან ქალები, რომლებიც სამართლიანობას, თავისუფლებას და თანასწორობას ითხოვენ. ამ ტრაგედიების მთავარ გმირებსა თუ მსხვერპლებს შორის ყველას არ აქვს დიადი მიზნები, ზოგიერთ მათგანს უბრალოდ მეგობრებთან ერთად გართობა უნდოდა. საჭირო არც არის, მათ დიდ მიზნებსა და ზრახვებს შესწირონ სიცოცხლე, მათი სიკვდილი ისედაც ძალიან ძლიერ გავლენას ახდენს სხვა ადამიანებზე, მათთვის ნაცნობ თუ უცნობ ბავშებზე, ზრდასრულებზე, ახალგაზრდებზე, თინეიჯერებზე. შემდეგ კი ეს ადამიანებიც ხდებიან ტრაგედიის გმირები. სწორედ ასეთ ძლიერ და რადიკალურ ტრაგედიებზე მოგვითხრობენ რეჟისორი ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ და სცენარისტი გილერმო არიგა სიკვდილის ტრილოგიაში.

What does it have to do with dogs?

ტრილოგიის პირველი ფილმი Amores Perros (2000) ავარიაზე გვიყვება, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს მეხიკოში მცხოვრებ სამი სხვადასხვა ადამიანის ისტორიას და გვიყვება, თუ როგორ ცხოვრობენ მეხიკოს მდიდარ რაიონებში და ღარიბ უბნებში. რეჟისორი ასევე აღწერს უსახლკაროთა ცხოვრებას. ფილმში ძალიან დიდი როლი უჭირავთ ძაღლებს, რეჟისორისთვის ეს არსებები მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ, როგორც ფილმის სიუჟეტში, ასევე რეალურ ცხოვრებაშიც. ფილმში ინიარიტუ ძაღლებს ადამიანებთან აიგივებს, გვიყვება როგორც ადამიანების, ისე ძაღლების ტრაგედიაზე. ძალადობა ადამიანების მიმართ ისეთივე სასტიკი და უსამართლოა, როგორც ძაღლების მიმართ. კინოსურათის დასაწყისში  ეკრანზე გაჩენილი წარწერა გავფრთხილებს, რომ გადაღების პროცესში არც ერთი ძაღლი არ დაშავებულა. როგორც წესი, მსგავსი განცხადებებით მთავრდება ხოლმე ფილმები, მაგრამ ინიარიტუ და არიგა მაყურებლის ყურადღებას თავიდანვე ამახვილებენ საუჟეტის ამ პერსონაჟებზე. Amores perros გვიყვება ძალადობის შესახებ, მაგრამ არა- როგორც ჰოლივუდური, გაფეტიშებული ქმედების, არამედ ადამიანური გრძნობებით და მოტივებით გამოწვეული ძალადობის შესახებ, რომელიც ქალაქის ცენტრში ტრაგედიას დაატრიალებს.

Amores Perros, 2000

What does it have to do with god?

ტრილოგიის მეორე ფილმი 21 გრამია (2003). კინოსურათი გვიყვება ავტოკატასტროფაზე, რომელსაც მამა და მისი ორი ქალიშვილი ემსხვერპლა. ფილმის სიუჟეტი არ არის ქრონოლოგიური თანმიმდევრობით დალაგებული, რეჟისორი ძალიან დამაბნეველი ფორმით მოგვითხრობს სამი ერთამენთისგან რადიკალურად განსხვავებული ადამიანის ამბავს, რომლებიც, ისევ და ისევ, ტრაგედიამ გააერთიანა. ფილმი იმდენად მონოტონურია, რომ მაყურებელს მუდმივად ფხიზლად ყოფნას აიძულებს. ამას ემატება nonlinear ნარატივი, რომლის მეშვეობით ინიარიტუ მთელი ისტორიის პატარ-პატარა ნაწყვეტებს გვაცნობს, ამ ნაწყვეტებით კი ჩვენ ფაზლივით უნდა ავაწყოთ მთლიანი სურათი.

ტრაგედიის ერთ-ერთი მთავარი გმირი, მისი ფაქტობრივი შემოქმედი, ჯეკ ჯორდანი კრიმინალი იყო, სანამ რელიგიას შეაფარებდა თავს. მან რწმენის დახმრებით შეძლო თავისი წარსული დაევიწყებინა და მუდმივად იმეორებს, რომ ყველაფერი, რაც გააჩნია, იესომ უბოძა. “Jesus gave me that truck”. თუმცა მოულოდნელად, საკუთარ დაბადების დღეზე, ისევ კრიმინალის როლში აღმოჩნდება. ამჯერად ბევრად უფრო მძიმე და შემზარავი ბრალდებით. ჯეკი ნელ-ნელა კარგავს რწმენას და მის მიერ არაერთხელ წარმოთქმული ფრაზა, რომელიც ადრე ღრმა და ბრმა რწმენას გამოხატავდა, რელიგიის უარყოფის საფუძველი ხდება.

God even knows when a single hair moves on your head

21 Grams, 2003

What does it have to do with Japan or Morroco?

ტრილოგია ბიბლიური მოტივებით გვირგვინდება. ბაბილონი (2006) გვიყვება ამბავს, თუ როგორ გააერთიანა ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული კულტურები ტრაგედიამ. მაროკო, იაპონია, ამერიკა და მექსიკა – ოთხი კულტურა, რომელთაც არც ფასეულობები აქვთ საერთო, არც ღირებულებების განხორციელების პრინციპები და, რაც მთავარია, არც სალაპარაკო ენა. ამ ოთხ კულტურას არც ფილმის დასასრულს ესმის ერთმანეთის, მაგრამ მაროკოში ბრმა გასროლის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიაში თანაბრად მონაწილეობენ, მთავარ როლს თამაშობენ.

Babel, 2006