“აკირა”, კაცუჰირო ოტომოს რევოლუცია

1988 წელს გენიალურმა კაცუჰირო ოტომომ კაცობრიობას რევოლუცია, სახელად – “აკირა” აჩუქა. მას შემდეგ 34 წელი გავიდა და ამ ანიმაციური ფილმის გავლენა დღემდე შესამჩნევია კულტურის თითქმის ყველა სფეროსა თუ კატეგორიაში.
ის პერიოდი, რომელზეც ანიმე მოგვითხრობს თითოეულმა ჩვენგანმა 3 წლის წინ გავიარეთ. სიუჟეტი 2019 წლის, იმ დროისათვის, მომავლის ამბებს გვიყვება. ანიმეში ნათელია, რომ უკანონობასა და უწესრიგობას მოცული აქვს ნეო-ტოკიოს ქუჩები. აქ შეხვდებით კორუმპირებულ პოლიტიკოსებს, ცრუ წინასწარმეტყველებს, ბოსოზოკუს (ბაიკერების) ბანდებს, რომლებიც ქალაქში ქაოსს ქმნიან ერთმანეთთან დაპირისპირებით.

თითოეული სფერო საკუთარი გავლენის გაფართოებისა და ძალაუფლებისათვის იბრძვის და სწორედ ამ მომენტში ვხვდებით მეცნიერებს, რომლებიც დახურულ, გასაიდუმლოებულ ლაბორატორიებში საეჭვო ექსპერიმენტებს ატარებენ.
მალევე გავიცნობთ პროტაგონისტებს, ბაიკერების ლიდერ კანედას და მისი ჩრდილიდან გამოსვლის მსურველ მეგობარ, ტეცუოს. სწორედ მათ გარშემო განვითარდება ისტორია, რომელიც ყველაფერს შეცვლის.

ანიმეს ავტორები ხშირად თამაშობენ აუდიო და ვიზუალური ეფექტებით და გვაცინებენ იქ, სადაც არ უნდა გვეცინებოდეს, და გვაშინებენ იქ, სადაც არაფერია საშიში.  ერთი შეხედვით, ეს სიუჟეტი ახალგაზრდების გარშემო ვითარდება, რომლებიც ისტორიულად ჩაგრულები არიან სოციუმში და ნეო ტოკიოს ქაოსში რიგი გზებით ცდილობენ თავის დამკვიდრებას. გარემოში, რომელშიც მათთვის დახმარების ხელი არავის არ გაუწვდია. და თითქმის ამ ერთი შეხედვით კლიშე ნარატივს, ვიზუალური და აუდიო მხარე იმ ტექნიკურად სრულყოფილ შედევრად აყალიბებს, რომელიც დისტოპიური ჟანრის კლასიკას დღემდე წარმოადგენს.

იმის მიუხედავად, რომ ბოსოზოკუ ბანდები იაპონიაში დღემდე მიჩნეულია დევიანტების შეკრებად, რომლებიც სოციალურ წესრიგს არღვევენ, “აკირას” პერსონაჟები, თანაგრძნობის გარდა, ვერაფერს იმსახურებენ ჩვენგან. ესენი არიან ბავშვები, რომლებიც სასტიკი, ბოროტი სისტემის, ბედისწერისა და იმდროინდელი ბიუროკრატების ავსულობის პროდუქტი არიან.
იაპონური საზოგადოებისათვის „სოციალური წესრიგი“ ფუნქციონირებისათვის ესენციური ნაწილია, მაგრამ კაცუჰირო ოტომო ამ ცვლადს შლის და დევიანტების მიმართ ემპათიას გვიჩენს.

და მაინც, რას ნიშნავს “აკირა”?.  აკირა კერძო სახელია და ისევე, როგორც თითქმის ყველა სხვა იაპონურ სახელს, მასაც აქვს მნიშვნელობა და ქართულად “ნათელს” ნიშნავს.
აკირა ანიმეს მთავარი პერსონაჟია. იგი მეცნიერების პირველ მსხვერპლად იქცა, როდესაც ეს უკანასკნელნი იმ ძალებთან თამაშობდნენ, რომლებიც არ ესმოდათ. პროცესში ისინი ერთგვარი „ზე-ადამიანის“ შექმნას განიზრახავდნენ, სამხედრო მიზნებისათვის, თუმცა პროცესი კონტროლს აღარ დაექვემდებარა და წარუმატებელმა ექსპერიმენტმა დიდი აფეთქება გამოიწვია. ეს ფაქტი არ იქნება საკმარისი აკირასათვის, რომ მსგავსი ექსპერიმენტები აკრძალონ, ამიტომ აკირას ნაწილებს ლაბორატორიაში შეინახავენ.

ანიმეს მომავალ ნაწილში ამ ექსპერიმენტის ობიექტი სწორედ ტეცუო ხდება, ხოლო კანედა მის გადასარჩენად იწყებს ბრძოლას. ის, თუ როგორ სრულდება ანიმე, სჯობს საიდუმლოდ დავტოვოთ და ნაკლებად შევეცადოთ ანალიზის გაკეთებას, რადგან აკირას მრავალფეროვანი სიუჟეტური ხაზი მრავალგვარი ინტერპრეტირების საშუალებას აძლევს მაყურებელს, ამიტომ შეგიძლიათ თავად გადაწყვიტოთ დასასრული.

თუმცა ერთი რამ ფაქტად რჩება, რა წამსაც კორუმპირებულ და არაკომპეტენტურ ადამიანთა ჯგუფი გადაწყვეტს ტრანსცენდენტირდეს ადამიანსა და მის შესაძლებლობებზე, შედეგი მხოლოდ ფატალური შეიძლება დადგეს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ქაოსსა და უწესრიგობასაც აქვს საზღვრები, რომელზე გადაბიჯების აკრძალვაც კატეგორიული იმპერატივი უნდა იყოს.

აკირა ისევე, როგორც ტეცუო და კანედა, მსხვერპლია, რომელსაც მოზარდობა არ დასცალდა.

ტოკიოს ნეონის განათებების ციალსა და სამყაროს ზოგადად მტანჯველი ბუნების ხაზგასმაში ავტორი ბუდჰისტურ პრინციპებს აქსოვს. ამ მოძღვრების თანახმად, ამქვეყნიერება „დუკჰაა“, მუდმივი ტანჯვა და უბედურება, ხოლო თითოეული ბუდჰისტის მიზანი კი ამ ტანჯვისაგან გათავისუფლება, ისე ცხოვრება, რომ მეორედ აღარ დავიბადოთ. თავი დავაღწიოთ ამ ქვეყნიერებას და შევუერთდეთ დჰარმას. ანიმეს, ერთ-ერთ ნაწილში ვხედავთ აკირას, რომელიც ცალკე განზომილებაშია, შორს აქაურობისაგან. იმედია, აკირამაც იპოვა თავის დჰარმა.