ბიბოპი ჯეკ კერუაკის შემოქმედებაში

ისევე, როგორც ბიბოპის მუსიკოსი ქმნის მუსიკას ადგილზე და არ კითხულობს ქაღალდიდან, მწერალს ჯერ უნდა გადახდეს ამბავი, რომ შემდეგ მოყვეს მასზე. განსხვავებით მხატვრული ლიტერატურისგან, რომელიც ავტორთა უშრეტი წარმოსახვის ნაყოფს წარმოადგენს, ჯეკ კერუაკის წიგნები ავტობიოგრაფიულია.

მისი მოღვაწეობა ემთხვევა მუსიკის სტილის – ბიბოპის ფორმირებას და შემდეგ მის უსაზღვრო პოპულარობას. ბიბოპის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ 5-6 არტისტისაგან შემდგარი გუნდი იმ დროისათვის ცნობილი რომელიმე პოპ სიმღერის შესრულებას იწყებდა, შემდეგ კი მიატოვებდა ორიგინალურ მელოდიას და მიმართავდა იმპროვიზაციას, უცნობი გზებით ნებისამებრ დაატარებდა მელოდიას. ორიგინალური სიმღერის მხოლოდ აკორდების სტრუქტურის დატოვების შემდეგ, სოლისტები სუნთქვისშემკვრელი სისწრაფით უკრავდნენ და სრულიად ახალ მელოდიას ქმნიდნენ. ამ დროის ჯაზის მთავარი მუსიკოსების სია, რომელნიც პასუხისმგებელნი არიან ამ ახალი სტილის დაბადებაზე, მოიცავს – მაილს დევისს, დიზი გილესპის, ჩარლი პარკერს, მაქს როუჩს და თელონიუს მონკს.

წიგნი “გზაზე“ ბიტ თაობის წარმომადგენლის, ჯეკ კერუაკის აღიარებული ნაწარმოებია. გადმოცემის თანახმად, ავტორმა წიგნი ცნობიერი ფიქრების ერთდროულად მოდინებით ( სხვა გადმოცემის თანახმად, რამდენიმე სტიმულანტის საშუალებით) 3 კვირაში დაწერა 1951 წელს. ავტორიც სწორედ ისე წერს, როგორც ჯაზმენები იმპროვიზირებენ, წერს იმას, რასაც ფიქრობს. წიგნს უდიდესი გავლენა ჰქონდა ამერიკულ ნარატივსა და მსოფლიო ლიტერატურაზე. კერუაკის პროზა დაფუძნებულია ფრაზათა მუსიკალურობაზე რაც შეიძლება ნაკლები ინტერპრეტირების საშუალებით.

წიგნით სიამოვნების მიღება იმ გზითაც შეგეძლებათ, თუ მხოლოდ 1950 წლების ამერიკელი ჯაზმუსიკოსების ძებნას დაიწყებთ მასში, მუსიკოსების, რომლებსაც წიგნის პერსონაჟები დინ მორიარტი და სელ ფერედაისი შტატების მთელ ტერიტორიაზე მოგზაურობისას ხვდებიან. ავტორი ამ შეხვედრებს ისე აღწერს, თითქოს თავად აღმოვჩენილიყავით ნიუ ორლეანსის ჯაზკლუბში და საყვირის თითოეული ნოტი ჩაგვესმოდეს.
მუსიკა ერთგვარ უკანა ფონად ახლავს სიუჟეტს. ხან მაილს დევისის საყვირი ჩაგვესმის, ხანაც ჩარლი პარკერი გვიყვება ტრაგიკულ ამბავს თავისი ინსტრუმენტით. გზად გადავეყრებით რედ ნორვოსა და დექსტერ გორდონს, რომლებიც მოჩვენებასავით გაიელვებენ პერსონაჟთა თავგადასავალში. კითხულობთ და ჩაგესმით დრამი, საქსაფონი მაჟორულ და მინორულ ტონალობაში, საყვირები, კითხულობთ და წყდებით რეალობას, ინაცვლებთ სამყაროში, რომელშიც თქვენს ქმედებებს ფონად 50-იანების ამერიკული ჯაზი ადევს.

რა წამსაც წიგნის პერსონაჟები ჩარლი პარკერს სცენაზე იხილავენ, თითქოს მაშინვე თავისუფლდებიან ამქვეყნიურობისათვის დამახასიათებელი გასაჭირებისაგან და ერთგვარ ტრანსში ინაცვლებენ. მათი გონება სხვას ვერაფერს აღიქვამს, გარდა მათ წინაშე გამომსვლელი ოსტატისა, რომლის იმპროვიზაციაც მათში არსებულ ეიფორიულ ემოციებს კიდევ უფრო აცხოველებს და ნისლით ბურავს მათი ცხოვრებისა და გონების პასაჟებს. არაფერი არსებობს, გარდა სცენაზე მდგარი ჩარლი პარკერისა.
იმის მიუხედავად, რომ ჯაზის მოსმენით შესაძლოა ვერ მიაღწიონ მოხეტიალეებმა იმას, რომ საკუთარი თავი იპოვონ, სწორედ ეს მუსიკა აგრძნობინებს მათ თავს ისე, რომ მათი ოცნება ლეგიტიმური და ახდენადია.

მიზეზი, რომლის გამოც უნიკალური სტილით გამორჩეული კერუაკი ასე ეტრფოდა ჯაზ მუსიკოსებს, შესაძლოა ვიპოვოთ იმაში, რომ მისგან დახასიათებული ყოველი არტისტი არამხოლოდ ერთმანეთს აყოლებს თანმიმდევრულ ნოტებს, არამედ საკუთარ აუთენტურ რიტმსა და შინაარსს, ექსპრესიას სძენს მელოდიას. იმპროვიზებული ჯაზის მთავარი მიზანი ხომ სწორედ ის არის, რომ არასდროს დაემსგავსოს არც აქამდე და არც მომავალში არსებულ რომელიმე მელოდიას. შესაძლოა ითქვას, რომ კერუაკსაც ჰქონდა მსგავსი მისწრაფებები, რომ ყოფილიყო განსხვავებული, ნოვატორი, სპონტანური ცხოვრებაშიც და სპონტანური პროზაშიც.