ინსტალაციის ხელოვნება

ინსტალაციის ხელოვნება მეოცე საუკუნეში დაწყებული პროცესი და კონკრეტულ სივრცეში არსებული თანამედროვე ხელოვნების ფორმაა. ზოგჯერ მას, როგორც ჟანრს ისე მოიხსენიებენ, თუმცა ინსტალაციის ხელოვნების მნიშვნელობა თანამედროვე სამყაროსთვის ბევრად დიდია. ესაა სახელოვნებო პროცესი, რომელმაც განსხვავებული ფორმები შექმნა და ხელოვნების ახალ დარგადაც ჩამოყალიბდა.

კონკრეტული დარგის ნამუშევრები ნებისმიერი მასალით შეიძლება იყოს შექმნილი. მათ შორის ქანდაკების, ფილმის, ვიდეომასალის, ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრების ან სხვა ხელოვნურად შექმნილი თუ ბუნებრივი ობიექტების მეშვეობით.  მასალის მრავალფეროვნება და მისი არჩევანი არტისტის მიზანზე, კონცეპტზეა დამოკიდებული.

ინსტალაციის ხელოვნება ხშირად სპეციფიკურ ადგილებში პროექტდება, რადგან სივრცეს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. არტისტისგან შექმნილი ობიექტი, რომელიც ექსტერიერში გვხვდება, მოიხსენიება, როგორც Land Art (მიწის ხელოვნება) და Environmental Art (გარემოს ხელოვნება).

photo credits to land art

ინსტალაციის ხელოვნებას უწოდებენ ინტერიერში, შენობის შიდა სივრცეში შექმნილ ნამუშევარს, რადგან იგი მნახველს საშუალებას აძლევს მასში შევიდეს, ყველა მხრიდან დააკვირდეს ობიექტს, მის გარშემო იმოძრაოს, ნებისმიერი რაკურსიდან აღიქვას იგი, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი გამოცდილებაა, რადგან ასეთ დროს ნამუშევარი არ აღიქმება, როგორც კედელზე გამოკრული ნიმუში, ორ ან სამ განზომილებიანი ობიექტი. ესაა მიკრო სივრცე, რომელშიც არტისტი მასპინძლის როლში გვევლინება. იგი ერთგვარად შემოიპატიჟებს მნახველს, როგორც სტუმარს და საშუალებას აძლევს მიიღოს ისეთი გამოცდილება, როგორიცაა ხელოვნების ნამუშევარში შესვლა. მაგალითად, ელ ლისიცკის 1923 წლის ინსტალაცია „Proun room” შესანიშნავი მაგალითია იმისა, რომ გეომეტრიული, არქიტექტურული ფორმებით შექმნილ სახელოვნებო სივრცეში შესული ადამიანი არა დეკორირებულ, ხელოვნების ნიმუშებით სავსე ინტერიერში, არამედ თავად ხელოვნების ნამუშევარში, როგორც არქიტექტურული, ფერწერული, გეომეტრიული ფორმებით გააზრებულ და გადმოცემულ ინსტალაციაში, შედის.

El Lissitzky, Proun room (1923)

ამგვარი მიკრო სივრცის არსებობის გამო მნახველი ინსტალაციას არა მარტო ვიზუალურად, არამედ სუნით, შეხებით, სმენის აპარატითაც აღიქვამს. ადამიანი შეგრძნების ყველა რეცეპტორით განიცდის ნამუშევრებს და ეძლევა საშუალება, რომ  სრულყოფილად გაითავისოს მთლიანი სივრცე.

ფილოსოფიური თვალსაზრისით, ხელოვნება ყოველთვის რეფლექსირებს ეპოქაში მომხდარ ფილოსოფიურ, მეცნიერულ, პოლიტიკურ თუ სხვა სახის მოვლენებზე. კონკრეტული პერიოდის მსოფლმხედველობრივი აღქმა განსაზღვრავს მის თანადროულ ხელოვნების პროცესებს. მაგალითად, რენესანსის ანთროპომორფულ სამყაროში ნაწარმოების აღქმისას ხედვის წერტილი ცენტრშია მოქცეული, რადგან იმ დროისთვის ადამიანი სამყაროს ცენტრალურ ფიგურად აღიქმებოდა. რაც შეეხება ბაროკოში შექმნილ ხელოვნების ნიმუშებში დიაგონალის გაჩენას, ეს მეცნიერებაში მომხდარ მოვლენებს უკავშირდება, როცა ადამიანმა კოსმოსში არსებული სხვა პლანეტები აღმოაჩინა. ამ მოვლენის ხელოვნებაში რეფლექსირებისას ნამუშევრების მთავარ დამახასიათებელ მომენტად ასიმეტრიულობა იქცა. ამ პერიოდების ფილოსოფიურ გაგრძელებად XX საუკუნის თანადროული დეკონსტრუქციულობის, ცენტრის არარსებობის, ხედვის წერტილის გაქრობის ასახვა ითვლება. სწორედ ინსტალაცია გვევლინება დეკონსტრუირებულ სივრცედ, რომელშიც ადამიანი განსხვავებულ, ინდივიდუალურ გამოცდილებებს იღებს.

Art Installation “Dreamlands: Immersive Cinema and Art, 1905–2016” at Whitney Museum of American Art, New York

ინსტალაციის დოკუმენტაციისას გარკვეული პრობლემები ჩნდება. ზოგადად ამგვარი ნამუშევრების დოკუმენტაცია საკმაოდ მნიშვნელოვანია, რადგან ინსტალაცია სამუდამოდ ვერ იარსებებს. ის აღბეჭდვას, შენახვას საჭიროებს. ეს ის ფენომენია, რომლის დოკუმენტაცია საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც, მაგალითად, ფოტოგრაფიის გამოყენების შემთხვევაში, სივრცის მხოლოდ ერთი ხედვიდან, შერჩეული რაკურსით გადაღებას გულისხმობს. მაშინ, როცა რეალურად ინსტალაციისთვის მთავარი ის გამოცდილებაა, რომელსაც სივრცის ყველა მხრიდან სრულყოფილი აღქმის საშუალებით ვიღებთ, სწორედ ამიტომ, ამ შემთხვევაში, დოკუმენტაციის პროცესი რთული და პრობლემურია.

ზოგიერთ ინსტალაციას იმაზე დიდი ფილოსოფიური დატვირთვა აქვს, ვიდრე ხელოვნების სხვა ნიმუშებს. ასეთ ნამუშევრებს ადამიანის ფსიქოლოგიური ჩამოყალიბების პროცესში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ. რადგან მნახველი მასში არა მარტო ფიზიკურად შედის, არამედ სულიერ მოგზაურობასაც იწყებს. ზოგიერთ ინსტალაციაში არტისტი ადამიანის ფსიქიკას ეხება და სხვადასხვა ფსიქოლოგიური მომენტებით მანიპულირებს. ამ შემთხვევაში მნახველი ინსტალაციის საშუალებით საკუთარ თავში ფილოსოფიურ ასპექტებს იაზრებს და მთლიანად იძირება ნამუშევარში, რომელშიც ფიზიკურადაც იმყოფება.

Installation view of Anish Kapoor, My Red Homeland (2003) at CAFA Art Museum

ამგვარად, ინსტალაცია ხელოვნების ის დარგია, რომელიც სხვადასხვა პერიოდში, გარემოში არსებულ პრობლემებსა და მოვლენებს იკვლევს და აკრიტიკებს. აღწერს და აღბეჭდავს ადამიანის თანადროულ განცდებსა და აქტუალურ საკითხებს. მთლიანად მოიცავს მნახველს, სამუზეუმო სივრციდან ქმნის რეალური სამყაროს მინი მოდელებს და დღემდე თანამედროვე ხელოვნებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს.