On the Origin of Species – But by Alexander McQueen

Tim Walker, Dark angel, 2015, Vogue UK.

“ხალხი ჩემს ნამუშევრებსა და პერფორმანსებს აგრესიულად აღიქვამს, თუმცა მე მათ არ ვეთანხმები. საკუთარ პიროვნებაში ბნელ ეგოსთან ბრძოლა ჩემთვის რომანტიკული ესთეტიკაა” – ასე ამბობდა ალექსანდერ მაკქუინი, 1990-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი დიზაინერი, თუმცა არ მინდა, მას უბრალოდ დიზაინერი ვუწოდო, მაკქუინი მოდის პიონერია, არანორმალურად დიდი ნიჭით, ქარიზმითა და არტისტიზმით. მისი მულტიპოლარული ეგო და ფენებად ჩაშლილი პიროვნება ასახულია მაკქუინის პერფორმანსებსა და ჩვენებებში, რომლებიც კონტრასტული ესთეტიკებითაა შთაგონებული.
1992 წელს მაკქუინი აარსებს საკუთარ ბრენდს და საჯაროდ, თავისი სახელის ქვეშ გვიზიარებს საკუთარ ფილოსოფიას. გამოჩენისთანავე მისი ჩვენებები აუდიტორიისთვის შოკური თერაპიასავითაა – მოულოდნელი, უჩვეულო, კონტროვერსიული და სკანდალური. ჩვენებების ძირითადი კონცეფცია დრამა და ექსტრავაგანტულობაა, თუმცა ამ მხატვრულ-არტისტული ველის მიღმა მყარი პოლიტიკური და სოციალური პოზიციებია, თითოეული შოუ, უნიკალური სათაურით ეხმიანება ინდუსტრიული სამყაროს პრობლემებსა და მყიფე კედლებს. მაკქუინის მიზანი კედლის ნგრევაა, რომლის ერთ მხარეს პოსტმოდერნული რეალობის ხელოსანი დგას, მეორე მხარეს კი წარსული რომანტიზმის ხელოვანი. პოსტმოდერნში დამახინჯებული ცნებები, ვგულისხმობ კულტურისა და ხელოვნების, ზოგადად პიროვნებისა და ფსიქოლოგიის აღქმა, თუ გინდ კონსერვატული, თუ გინდ ლიბერალური პერსპექტივიდან, მაკქუინის მთავარი დაბრკოლებაა. აუდიტორია ვერ იღებს მის ტრანსცენდენტულ იდეებს, რომლებიც თითქოს ნოვატორულია, თუმცა, რეალურად, არაფერია გარდა წარსული ნატურალური ემოციის ნოსტალგიისა. ამის გათვალისწინებით, არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით, რომ ალექსანდერ მაკქუინი გატაცებული იყო რომანტიზმით და, დარწმუნებული ვარ, საკუთარ თავსაც იმ მარტოსულ პროტაგონისტად ხედავდა, რომელიც არ ემორჩილება დროისა და რეალობის კანონებს.
გარდა რომანტიზმისა, მის კოლექციებში იგრძნობა ვიქტორიანული პერიოდის დიდი გავლენა. და სწორედ აქ ვიჭერთ მაკქუინის ბიპოლარიას, ფაქიზი რომანტიზმიდან ბასრ გოთიკასა და მაკაბრეში ნახტომით. ედგარ ალან პოს ჩრდილოვანი ფანტაზიები მისი ნაწარმოებიდან “აშერების სახლის დაცემა”, ალექსანდერ მაკქუინის ნამუშევრებშია გაცოცხლებული, გავიხსენოთ ჩვენებები – F/W 1996-1997 Dante, F/W 2002-2003 Supercalifragilistic და F/W 2010-2011 Angels and Demons. ამ ჩვენებებში დიზაინერი სრულყოფილად გამოხატავდა ვიქტორიანული გოთიკის სიმძაფრეს და აუდიტორიის ემოციებზე ოსტატურად თამაშობდა კონტრასტული ესთეტიკური კომბინაციითა და ცნებებით – სიყვარულითა და სიკვდილით, სიბნელითა და სინათლით…

Alexander McQueen, Dante collection, F/W 1996-1997,
Alexander McQueen, Dante collection, F/W 1996-1997,
Alexander McQueen, Angels and Demons collection, F/W 2010-2011,

ცხადია, შთაგონების ერთ-ერთი ძირითადი წყარო მაკქუინისთვის შოტლანდია (მშობლიური მხარე) და ლონდონია (ქალაქი, რომელშიც ის გაიზარდა). სწორედ შოტლანდიური კონცეფციის ფარგლებში შეიქმნა მისი ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური შოუ Highland Rape 1995-1996 წლებში. ჩვენება ეხებოდა ინგლისის სასტიკ მოპყრობას შოტლანდიის მიმართ, ნახევრად შიშველი, შოტლანდიური კილტის ფერებში შემოსილი, დასისხლიანებული მოდელები აუდიტორიის სენტიმენტებზე თამაშობდნენ. აშკარა მესიჯის მიუხედავად, ამ ჩვენების შემდეგ საზოგადოების ნაწილმა მაკქუინი ქალთმოძულე მიზოგონისტად შერაცხა. რეალურად, კოლექციის კონცეფცია ეფუძნებოდა მე-18 საუკუნეში იაკობინელების აღზევებას და შემდგომში ჰაილენდერების დახოცვას.
მისი ეროვნული კონცეფციები არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ მწვავე თემატიკით, ერთ-ერთ ჩვენებაზე – The Girl Who Lived In A Tree, მაკქუინმა ზღაპრული გარემოსა და ნამუშევრების შესაქმნელად ინგლისის ისტორიით, ტრადიციებითა და ფოლკლორით იხელმძღვანელა.

plato’s atlantis of s/s 2010

ალექსანდერ მაკქუინის შემოქმედებითი პრიზმის ერთ-ერთი წახნაგია პრივიტივიზმი – ნატურალური, ველური სილამაზის ესთეტიკა და ბუნებასთან ჰარმონია. სწორედ აქედან გადავდივართ, ჩემი აზრით, მისი შემოქმედებისა და ფილოსოფიის განმსაზღვრელ ნატურალიზმზე. მაკქუინისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი რომანტიკოსი ადამიანისთვის, ბუნება იდეებისა და მუდმივი არტისტული რეგენერაციის წყაროა – Plato’s Atlantis of S/S 2010, რომელიც ალექსანდერ მაკქუინის ბოლო სრულყოფილი კოლექციაა, ეხმიანება ნატურალიზმის თანამედროვე, მაკქუინისეულ აღქმას. კონცეფცია შთაგონებულია ჩარლზ დარვინის ნაშრომით – “Origin of The Species” (1859), თუმცა მთავარი თემაა არათუ კაცობრიობის ევოლუცია, არამედ რეგრესი – რამდენად მტკივნეულია ტექნოლოგიური რევოლუცია, ციფრულ სამყაროში გადატანილი დროით-სივრცითი ველი და გაყინული ნატურალიზმი – სამყარო ბუნებრივი ემოციების, სიფაქიზისა და სილამაზის გარეშე. ალბათ მაკქუინის მიერ დანახული მომავალი ასეთი ტრაგიკულია, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს მის ნოსტალგიურ მიჯაჭვულობას. ალექსანდერ მაკქუინის სამყარო რამდენადაც ქაოსურია, იმდენად პოეტურია.