შენი სახელით დამიძახე: რომანი სიყვარულისა და თავის აღმოჩენაზე

ყველა ადამიანს აქვს ერთი ყველაზე გამორჩეული ზაფხული, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება. ამ ზაფხულს გაიხსენებს ძილის წინ, კბილების გამოხეხვისას, საუზმის დამზადებისას, ავტობუსში, სიმღერის მოსმენის დროს, კითხვისას, უცხოებთან დიალოგში… – ყველგან, როცა ექნება დრო და მომენტი.

მსგავსი ზაფხული ელიო პერლმანსაც ჰქონდა 1983 წელს სადღაც ჩრდილოეთ იტალიაში…

წიგნი “შენი სახელით დამიძახე” სწორედ 17 წლის ელიოსა და 24 წლის ოლივერის ექვსკვირიან ურთიერთობაზე გვიყვება- თუ როგორ შეიძლება ექვს კვირაში განიცადო ბრაზი, სევდა, ვნება, საკუთარ თავსა და ემოციებთან გაუცხოება.

Photo : IMDb

ექვსი კვირა არც ისე მცირე დროა, მაგრამ თითქოს არც საკმარისი. მთავარ მოქმედ გმირებს ტანჯავთ საათის წიკწიკი, რადგან სწორედ საათის ისრები არ ინდობს მათ გრძნობებს და განაჩენს უწერს.

”უცებ მივხვდი, რომ ჩვენ ნასესხებ დროში ვიყავით, რომ დრო ყოველთვის არის ნასესხები და რომ სესხის გამცემი სააგენტო ითხოვს ყველაფერს უკან ზუსტად მაშინ, როდესაც ჩვენ ყველაზე ნაკლებად მზად ვართ გადასახდელად და მეტიც- გვჭირდება დამატებითი სესხის აღება.”

“მართალი იყო. დავიფიცე დღეებს არ დავითვლი – მეთქი… რამდენი დღე გავფლანგეთ… რამდენი კვირა!”

Photo: Sony

როდესაც თავადაც არ გწამს იმის, რასაც გრძნობ – ელიო პირველ დღეებს ეჭვების მორევშია ჩაფლული. მეგობარ გოგონებსაც ისე ვეღარ უყურებს თითქოს, როგორც მანამდე. თავდაუზოგავად ცდილობს ოლივერისთვის თავის არიდებას, რადგან ეს ერთადერთი გამოსავლია, რომელიც აფიქრდება. მიუხედავად ამისა, თვალს მაინც აპარებს მის ფერად საცურაო კოსტუმებს:

“წითელი: თამამი, მოწესრიგებული, ჩამოყალიბებული, ხანდახან გაღიზიანებულიც და მკაცრიც… ასეთს ახლოს არ უნდა გაკარებოდი. ყვითელი: მსუბუქი, თავმომწონე, მხიარული, მახვილგონიერი… ასეთს არ უნდა ენდო, შეიძლება უცებ “გაწითლდეს” . მწვანე(რომელიც იშვიათად ეცვა) : მგრძნობიარე, მშვიდი, საუბრის მოყვარული, მზიანი… სულ ასეთი რატომ არ იყო? ლურჯი: საღამოს აივნიდან ჩემს ოთახში რომ შემოიპარა, მხარი რომ დამიზილა, ან სათვალე რომ მომხსნა და გვერდით დამიდო… “

რომანი მთლიანად აშვიშვლებს იმ გრძნობას, რომელსაც ადამიანი პირველ სიყვარულს ეძახის. წიგნის ანოტაციის თანახმადაც, ანდრე ასიმანი სენტიმენტალიზმისგან დაცლილი თხრობის მანერითა და გამორჩეული გულახდილობით ყვება ამ ადამინური ვნების ისტორიას.

ელიო და ოლივერი ერთმანეთში საკუთარ თავს მკვეთრად ხედავენ, უფრო მეტიც – გრძნობენ. ფრაზა “შენი სახელით დამიძახე” თითქოს სარკეში საკუთარი ანარეკლისთვის თვალის გასწორებაა. ყველაზე მიმზიდველი კი ის არის, რომ ეს მსგავსება საკუთარი ნაკლოვანებების გაანალიზებასაც მოიცავს, მაგრამ ეს არასდროს გახდება მათ შორის ხიდის ჩატეხვის წინაპირობა. ცნობილი ატმის სცენაც სწორედ ამის მეტაფორაა – ისინი ერთმანეთს იღებენ ისეთებს, როგორებიც არიან.

Photo: Trailer addict

წიგნში მნიშვნელოვან როლს თამაშობს; ხელოვნება – ხელოვნება, როგორც მორზეს ანბანი. ელიო და ოლივერი საკუთარი გრძნობების გამოხატვას თავდაპირველად სწორედ ასე უსიტყვოდ, ფარულად ცდილობდნენ.

“გუიდო, ძვირფასო ლაპო, მე და შენ,

ერთურთის ვნებით დაბრავებულნი,

ავიდეთ გემზე, რომლის ჯადოსნურ

აფრებს ფიქრები ააფრიალებს.”

და რაც უფრო მეტ გვერდს ჩამოიტოვებს მკითხველი უკან, მით უფრო სწყდება გული იმის გაანალიზებაში, რომ ეს ყველაფერი დროებითია. ამბობენ, რომ ნამდვილ გრძნობას, წრფელსა და სპეტაკს წინ ვერაფერი აღუდგება, თუმცაღა როდესაც მზიანი დღეები იწურება და შემოდგომის სიო აყვითლებულსა და შემხმარ ფოთლებს ყრის, ცხადზე ცხადია – გარე სამყარო თავისი აუტანელი პასუხისმგებლობით რაღაც ჩარჩოში გაქცევს. ის ლამაზი იტალიური ხედები, საცურაო აუზი, ველოსიპედებით სეირნობა, მზურნველი ოჯახი და მეგობრები სხვა შემაწუხებელი ფაქტებით ნაცვლდება და შენ აღარ შეგიძლია იყო ისეთი ლაღი და უდარდელი, როგორც იმ 1983 წლის ცხელი ზაფხულის მიწურულს…

Photo: https://montagesmagazine.com

დიდი სევდითა და სილამაზით აღსავსე წიგნი მკითხველს უემოციოდ არასდროს ტოვებს და ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ეკრანიზაციაც გენიალურია.

ჩვენ ყველანი ვართ ერთ დღეს ელიოს ამპლუაში- დაბნეულები, უპასუხოდ, ემოციების ღუზით ჩაძირულნი. ამიტომაც, “შენი სახელით დამიძახე” ყოველი ადამიანისთვის მივა გულთან ახლოს – ეს არის რომანი სიყვარულისა და თავის აღმოჩენაზე.

”  “დროებით” – სიტყვა, ხმა, ტემბრი.

 არასდროს მსმენია ვინმეს დამშვიდობებისას ეთქვას: დროებით! ეს სიტყვა მოკლედ, მკაცრად და უხერხულად ჟღერს. შეფარული გულგრილობით ამბობს ის ადამიანი, ცხოვრებაში რომ არ გაუჩნდება შენი ნახვის სურვილი.

მასზე ფიქრისას პირველად ეს სიტყვა გამახსენდება ხოლმე. დღესაც გარკვევით ჩამესმის : დროებით! დროებით, ელიო! ... “

Photo: Sony
” მე ყველაფერი მახსოვს/ I remember everything “