მურასაკი შიკიბუ – მთვარის სინათლის მიღმეთი

ჰეიანური ეპოქა – ეს ის პერიოდია, როდესაც იაპონიამ ახალი ფურცლიდან დაიწყო წერა: პოლიტიკური ძალაუფლება, ეკონომიკური კეთილდღეობა თუ ეროვნული კულტურისა და ხელოვნების აყვავება, მას არაფერი აკლდა. ამ ახალ ფურცელბს თავისი მელანი ერთმა მნიშვნელოვანმა ფიგურამაც შეურია. მისტიკურობითა და საინტერესო ხედვებით აღსავსე მურასაკი შიკიბუ ის ადამიანია, რომელიც დღემდე იდუმალების ტალღებში იმალება, მაგრამ თან ხმამაღლა გვიყვება იმდროინდელ ჰეიანზე, მის მოვლენებსა და საკუთარ ცხოვრებაზე.

მურასაკი შიკიბუ იმპერატორის კარის სეფექალი, უძველესი გვარის – ფუჯივარას წარმომადგენელია, რომლის მიერ შექმნილი ნაწარმოები “ამბავი უფლისწული გენჯისა” დღემდე არ კარგავს თავის მნიშვნელობას, ის მსოფლიო ლიტერატურაში პირველ ნოველად არის მიჩნეული. მურასაკის ნამდილი სახელი დღემდე უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მისი დღიურები გვაქვს შემორჩენილი. (“მურასაკი შიკიბუს დღიურები”). ფუჯივარა ნო ტაკაკო ერთ-ერთი ალტერნატივაა, ვინაიდან სწორედ ეს სახელი იყო მოხსენიებული ერთ-ერთ ჩანაწერში.

ავტორი: ტოსა მიცუოკი

შიკიბუ 973 წელს დაიბადა, პოეტებისა და ლიტერატორების ოჯახში. ის შესანიშნავად ფლობდა მუსიკას, კალიგრაფიას, მხატვრობას, დაწერილი აქვს არაერთი ლექსიც. დედა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა. იმდროინდელი ტრადიციებიდამ გამომდინარე ქალთა უფლებები ჩარჩოებში იყო მოქცეული: მურასაკის კაცებთან საუბრის უფლება შეზღუდულად ჰქონდა, ძირითადად მხოლოდ მამასა და ძმას ეკონტაქტებოდა. საკუთარ ნაწარმოებშიც გულისტკივილით უსვამს ხაზს ჰეიანელი მამაკაცისა და ქალის უთანასწორობას – “ქალები იმიტომ იბადებიან, რომ მოტყუებულები იყვნენ მამაკაცებისგან”. თუმცაღა, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მურასაკი ტიპური ჰეიანური წესების მიხედვით არ აღზრდილა: დედისა და დედის ოჯახის ნაცვლად, მასზე მამამ იზრუნა, საკუთარ სახლში დატოვა და მას ისეთი განათლება მისცა, როგორსაც იმ დროს ძირითადად მხოლოდ მამაკაცები იღებდნენ.

მოგვიანებით მურასაკი მამის მეგობარზე იქორწინებს, ვინმე – ფუჯივარა ნო ნობუტაკაზე. ეს ქორწინება სარფიანი იყო, მაგრამ ფუჯივარა არ იკავებდა თავს სხვა ქალებთან ურთიერთობებისგანაც, რაც, რასაკვირველია, შიკიბუში იმედგაცრუებას იწვევდა. ამაზე მისი რამდენიმე პოემიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ.

” შეხვედრა ბილიკზე:

მე ზუსტად ნამდვილად არ ვიცი

ეს ის ხომ არ იყო

ვინაიდან შუაღამის მთვარე

ღრუბელში ჩაკარგულიყო. “

999 წელს მურასაკის ქალიშვილი ეყოლა, 2 წლის შემდეგ კი მისი ქმარი გარდაიცვალა. საკუთარ დღიურში ის ხშირად აღნიშნავს შემაწუხებელი მარტოობის განცდას: ის, რაც მას სტკენდა იყო გაანალიზება იმისა, რომ მას ამ მარტოობის გაგრძელება უწევდა.

ქმრის გარდაცვალების შემდეგ ბივას ტბაზე ბევრ დროს ატარებდა, ერთ-ერთი ვერსიით სწორედ აქ, აგვისტოს ღამეს, გაუჩანდა მას “ამბავი უფლისწული გენჯის” წერის ინსპირაცია, მთვარის ყურების დროს. ზუსტად ამიტომ გვიანდელ ნამუშევრებში არაერთი ხელოვანი მას მთვარის შემყურეს გამოსახავს.

ავტორი: ცუკიოკა იოშიტოში[1889 წელი] –                                                                                                (საინტერესოა, რომ მურასაკის პატივსაცემად მისი სახელი ეწოდა ერთ-ერთ კრატერს პლანეტა მერკურიზე.)

შიკიბუ სავარაუდოდ 1014 წელს გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების მიზეზიც უცნობია, თუმცაღა ჰეიანში 50 წლის ასაკისთვის სიკვდილი ჩვეული მოვლენა გახლდათ.

“ამბავი უფლისწული გენჯისა” საგულისხმოა მსოფლიო ლიტერატურაში, ვინაიდან მის 54 თავში ჩვენ მთელი სიმძაფრით ვეცნობით იმდროინდელ კულტურას, ადათებსა თუ ცხოვრებას. ხოლო, მურასაკი შიკიბუ იმითაა საინტერესო, რომ ის თავისი ეპოქის ღვიძლი შვილია, თავისი კალმით ზუსტად გადმოსცა ყველაფერი ის, რაც მასში თუ მის გარშემო იყო.

” მე რომ გავქრე ერთ დღესაც

მოხვალ და მოძებნი ჩემს სახელს

თუნდაც საფლავის ქვაზე? “