ქართული მოდის პრიზმიდან ერთ-ერთი ახლად ამობრწყინებული, თანამედროვე და პროგრესული დიზაინერი ლევაუ შველიძე თავის აუდიტორიას ყოველ ჯერზე კონცეპტუალურ, თანამედროვე და ტენდენციურ ნამუშევრებს სთავაზობს. ლევაუს სამოსი თანამედროვე ღირებულებებისა და ფასეულობების ხმამაღალი რუპორია. მისი პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ჩვენება თბილისის მოდის კვირეულზე პროვოკაციული და ხმაურიანი გახლდათ, აუდიტორია მას და მის ნამუშევრებს ესთეტიკური ფოტოსესიებიდან იცნობს. ამ ინტერვიუში ლევაუ თავის შთაგონებებსა და პროფესიულ დეტალებზე გვესაუბრება.
- რა არის თქვენთვის ინსპირაციის წყარო? ანუ რა ახდენს ყველაზე დიდ გავლენას თქვენს შემოქმედზე?
მთავარი ინსპირაცია ყოველთვის არის ისევ ხელოვნება, ადამიანები და ყოველდღიურობა სადაც ვცხოვრობდი და ვცხოვრობ. ქვიარ ადამინები და სელებრითები რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო. თანამედროვე ვირტუალური სამყარო, MILLENIALS-gen Z, LGBTQI+ ICONS, 3D არტისტები, სექსუალური ფეტიშები, თანამედროვე ელექტრო/პოპ კულტურა, კომპიუტერულ თამაშები, გოთიკური ზღაპრები და რომანები, ნეო ფუტურიზმი, ეკო ბრუტალიზმი, ანიმეები, ასევე სხვადასხვა ფობიები.



Photo edit @kvachi_art
- გაიხსენეთ მომენტი, რომელმაც თქვენში ყველაზე დიდი შემოქმედებითი ვნება გააჩინა?

საბედნიეროდ ძალიან ბევრია ასეთი მომენტი. უპირველესყოვლისა იმ ადამინების გაცნობა, ვინც ჩემთან ერთად აკეთებს ამ ყველაფერს და მხარში მიდგას ყოველთვის. ასევე ბავშვობის მოგონებები, რომლებიც სულ ჩემს გონებაშია – ეს მაძლევს მოტივაციას ვაკეთო ის საქმე, რომელიც ყოველთვის მინდოდა.

- 2023 წლის SS კოლექციის ძირითად კონცეფციას რა წარმოადგენდა? ვისთვის ქმნით სამოსს?
ეს უნისექსის კოლექცია – “ECO HORROR” – შექმნილია LGBTQ+ საზოგადოებისა და მდგრადი მოდის მხარდასაჭერად. ძალიან მაწუხებს, რომ მოდის ინდუსტრია მსოფლიოში სიდიდით მეორე დამაბინძურებელია. ამრიგად, მე მაქსიმალურად ვცდილობ ჩემი ბრენდი მდგრადი და ეთიკური შევინარჩუნო. დიდი რაოდენობით არის მეორადი მასალა, “upcycling”/“recycling” მეთოდი. კოლექციაში გამოყენებული მაქვს ასევე ორი ქართული ბრენდის – ლადო ბოკუჩავას და ალექსანდრე ახალკაციშვილის დედსტოკის ქსოვილები. კონცეპტუალური ესკიზების გარდა, მე ასევე ვაკვირდები და ვითვალისწინებ მიმდინარე მოდის ტენდენციებს.




- როგორია ადამიანი, რომელიც LEVAU SHVELIDZE-ს ატარებს?
უყვარს სიახლეები, ექსპერიმენტები და ამ დიდ ქაოსში თავისი კომფორტი აქვს.



- მოგვიყევით თქვენს პერფორმანსებზე (AKA FASHION MOMENT).

მიუხედავად იმისა რომ ჯერ მხოლოდ ერთი შოუ მქონდა MBFW თბილისზე და იყო დებიუტი, შოუს მოჰყვა დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელებსა თუ უცხოურ პრესაში. კოლექციაზე მუშობის დაწყების დღიდან ვფიქრობ კოლექციის სთაილინგზე და პრეზენტაციაზეც. მივყვები კონცეფციას და ვიზუალური მხარე შემდეგ თავისით მოდის, ასევე ვუზაირებ იმ ადამიანებს ჩემს აზრებს, ვინც პროცესში ჩართულია და ვითვალისწინებ მათ შეფასებებსაც. კომფორტულია მუშაობა ისეთ ადამიანებთან, რომლებსაც კარგად ესმით შენი კონცეფციაც და ვიზუალური მხარეც.


- როგორ იცმევს თავად ლევაუ? როგორია თქვენი ყოველდღიური სტილი?

ძირითადად მაცვია ვინტაჟი, მიყვარს შავი ფერი, პრინტიანი მაისურები. თუმცა მაქვს პერიოდები როდესაც მიყვარს რამე ექსტრა ნივთებით სიარული. ფილმს ან სერიალს თუ ვნახავ, კონკრეტული ათწლეულის მძაფრად დამახასიათებელმა ესთეტიკამ შეიძლება ისეთი ზეგავლენა მოახდინოს, რომ ჩემს ლუქებსაც დაეტყოს. ანიმეებიც დიდ ზეგავლენას ახდენს, როგორც კოლექციაში ასვე ჩემს პირად სტილზე.

- უკვე მუშაობთ შემდეგ კოლექციაზე? სამომავლო გეგმებზე რომ მოგვიყვეთ.
ამ ეტაპზე ვმუშაობ მუდბორდზე, ვეძებ ახალ ინსპირაციას რის შემდეგაც ვიმუშავებ ახალ კოლექციაში, ასევე ვაკეთებ ექსპერიმენტებს ფაქტურაზე თუ კონსტრუქციულ დეტალებზე. სამომავლო გეგმებზე არ მიყვარს საუბარი.