კარმენი – ფრანგული ოპერის რევოლუციური ნამუშევარი

ბიზეს შედევრი “კარმენი”, ფრანგული ოპერის რევოლუციური ნამუშევარია, რომელმაც მაყურებლის გონებაში სრულიად ახალი, რეალისტური იდეოლოგია ჩანერგა და რომანტიულ (არარეალურ) სამყაროს ძლიერად გამოუჯახუნა კარი. ეს ოპერა გახდა რუპორი მუშათა კლასის და მათი მშფოთვარე ცხოვრებისა.

ოპერა ეფუძნება პროსპერ მერიმეს ამავე სახელწოდების ნოველას. ნაწარმოები შედგება 4 თავისგან. პირველსა და მეორე თავებში მკითხველი ხვდება ხოსესა და კარმენს, იცნობს მათ პიროვნებას, მათი სიყვარულის თანამონაწილე ხდება, რაც შეეხება მესამე ნაწილს, როცა თხრობა დაძაბული და დინამიკური ხდება და სიუჟეტი კულმინაციას აღწევს – ხოსე აღიარებს, რომ სიკვდილმისჯილია და სწორედ ეს ეპიზოდი ხდება ოპერის ინსპირაცია. მართლაც, ერთი შეხედვით ცეცხლოვანი სასიყვარულო რომანი, შეყვარებული წყვილისთვის ტანჯვად და ტკივილად უნდა გადაიქცეს, რეალობა საზარელია და მისგან გაქცევა შეუძლებელია.  პერსონაჟები ოპერაში სრულიად რეალისტური და ადამიანურია. კარმენის, როგორც ქალი პერსონაჟის, კონცეფცია სრულიად ეწინააღმდეგება გაცვეთილ რომანტიულ სტანდარტებსა და მსოფლაღქმას. კარმენი შეუპოვარია თავის ნამდვილ რეალობაში, მისთვის არ არსებობს პასუხი “არა”, თავისი მიზნის მისაღწევად ყველაფერზეა წამსვლელი (არაქართველი ოთარაანთქვრივია). კარმენის ცოდვილი (ადამიანური) ზრახვები, “სექსუალური ამორალურობები” და სრულიად მისი ფსიქოტიპი საპირისპიროა XVIII-XIX საუკუნეების ზნეობრივი პრინციპებისა. იმ დროის დრამასა და მუსიკაში ქალი ყოველთვის დაკავშირებული იყო სიამოვნებასთან, სინაზესთან, სილამაზესთან და უმწეობასთან (ბოლო თვისების სრულ ანტიპოდათ გვევლინება კარმენი).

ოპერის დადგმისას, კარმენის ლიბერტისტებმა დაშალეს მერიმეს თხრობისა და სიუჟეტის ჩარჩო, მაგრამ შეინარჩუნეს მისი თანამედროვე, რეალისტური გარემო – სიგარეტის ქარხანა, კონტრაბანდა და ნოველის მთავარი თემა, მუშათა კლასის წარმომადგენლების უბედური ყოველდღიურობა. ოპერის რეალისტური მოტივების წინ წამოსაწევად გაამძაფრეს კარმენის არც თუ ისე მორალური ხასიათი და პრინციპები, ასევე აქცენტები დასვეს ბოშების განდევნილი, მოხეტიალე ცხოვრების წესიდან გამომდინარე მათ ხასიათზე. კარმენის და დონ ჟოზეს ტემპერამენტის, სიფიცხის, იმპულსურობისა და ფიზიკური ძალადობის პასაჟებიც საშუალებას იძლევა ოპერის რეალისტურ ჭრილში განსახილველად.

“კარმენის” მუსიკალური რეალიზმი უფრო მეტად მუსიკასა და პერსონაჟებში ვლინდება. მაგალითად, ავიღოთ ბოლო აქტის IV დუეტი: კარმენი და დონ ხოსე არასდროს მღერიან ერთად უნისონში ან პარალელურად, როგორც ეს დამახასიათებელია რომანტიული დუეტისთვის მათი სენტიმენტების გამოსახატად და გრძნობების დასადასტურებლად. მათი დუეტისას კარმენი ხოსეს განსხვავებულად პასუხობს ( დონ ხოსეს ვოკალი მელოდიური და ერთნაირია  კარმენისა კი სრულიად ბუნებრივი, თავისუფალი და ცვალებადი). ამგვარ ვოკალური კონტრასტს მუსიკა განსხვავებულად და უჩვეულოდ გასდევს ფონად, რითაც პერსონაჟების ფსიქო-პორტრეტი და ნატურალური ემოციები სცენაზე ცოცხლდება და მაყურებლისთვის ცხადი ხდება. დუეტის დანარჩენი ნაწილი დათმობილი აქვს ნახევრად მელოდიურ რეჩიტატივს, რაც კიდევ უფრო რეალურად გადმოსცემს მღელვარე განწყობას. სცენის სიახლოვე რეალისტურად ასახავს ორი პერსონაჟის კონტრასტულ გრძნობას , ეს ეპიზოდი ირონიული, შეუსაბამოდ აღტაცებული, საძაგელი შეძახილების და ბედისწერისა და სიკვდილის საზარელი იდეით გაჟღენთილი ორკესტრის მუსიკის ფონზე ვითარდება. საშიში და მტკივნეული რეალობის ამგვარი (რეალისტური) ინტერპრეტაცია სრული მოულოდნელობა იყო ფრანგული საზოგადოებისთვის. მიუხედავად თავდაპირველი წარუმატებლობებისა, “კარმენმა” გაუხსნა კარი რეალიზმს საოპერო სამყაროში და სხვა კომპოზიტორებსაც შთააგონა შეექმნათ ნაწარმოებები, რომლებიც ეხებოდა მუშათა კლასს და მათ ნამდვილ, უბედურ ყოველდღიურობას (მაგალითად: პუჩინის La bohème 1896წელში). როგორც ვიქტორ ჰიუგომ Les misérables-ის წერისას თქვა, ხელოვნება და ხელოვანები ფლობენ ძალაუფლებასა და უნარს შეცვალონ ხალხის აზროვნება, შესაძლოა, ითქვას პოლიტიკოსებზე მეტადაც კი. ბიზემ სწორედ ეს მოახერხა.