“მოხუცებისათვის ადგილი არ არის”, გადახვევა კლასიკური ვესტერნისაგან

კორმაკ მაკარტის 2005 წლის წიგნის სათაური, “მოხუცებისათვის ადგილი არ არის” უილიამ ბატლერ იეიტსის ლექსს – “ბიზანტიუმისაკენ ცურვის” ტაეპს ეფუძნება. ლექსის მთავარი მოტივი სწორედ იმ ადამიანებს ეხებათ, რომლებიც საზოგადოების ვეღარცერთ როლს ვეღარ ერგებიან და სოციუმი გულგრილია მათ მიმართ. ერთი შეხედვით, წიგნის ეკრანიზაციის მთავარი გმირიც არ ერგება პერსონაჟთა იმ პროტოტიპის, რომლებსაც კლასიკურ ვესტერნებში შევხვდებოდით, თუმცა რიგი გარემოებები ფილმსა მაინც მოიცავს კლასიკური ჟანრის მრავალ ელემენტს, იმისა მიუხედავად რომ მას ხშირად, როგორც ნეო-ვესტერნს ისე ახასიათებენ.

ფილმი ცალხაზოვანი თხრობის ნაცვლად, რომელიც პროტაგონისტის ამბავს მიუყვება, რიგი ადამიანების შესახებ გვიყვება, რომელთა ბედ-იღბალსაც ერთი საბედისწერო შემთხვევა, ცუდად დასრულებული კარტელური გარიგება გადახლართავს ერთმანეთში. ფილმში შეხვდებით გმირს, რომელიც უბრალოდ გარბის, ყველა დროის საუკეთესო ბოროტმოქმედს და შერიფს, რომელსაც რეალურად აქვს მორალი, რაც თავის მხრივ, თითქოს ჩვენთვის ოქსიმორონია, იქედან გამომდინარე, თუ რამდენი კორუმპირებულ პოლიციელთან შეხვედრას ვართ მიჩვეული პოპ კულტურაში.

ძმებმა კოენებმა ბევრი რამ დაისესხეს კლასიკური ვესტერნისგან, მაგალითად ფილმის პირველი რამდენიმე კადრი, რომელიც ველურ ბუნებასა და ადამიანის მიერ მისი მოთვინიერების მცდელობას გვაჩვენებს. კონტრასტი, უდაბნოსა და მაგისტრალებს შორის, აშკარა გამიჯვნაა ცივილიზაციასა და უდაბურ ადგილს შორის. ამ ყველაფრის გვერდიგვერდ განლაგება უშუალო ჩვევაა კლასიკური ვესტერნის რეჟისორების, რომლებსაც სურს გვაჩვენონ როგორ უმკლავდებოდნენ დაბრკოლებებს
ამერიკელი დამსახლებები მსგავს შტატებში. ამას გარდა, ფილმში ვხვდებით სამართლიანობის თემასაც, რომელსაც ამ შემთხვევაში შერიფი განასახიებს, რომელიც ცდილობს თავის წვლილი შეიტანოს იმაში, რომ საზოგადოებიდან ამოძირკვული იყოს ბოროტება.

უილ რაითის მიხედვით, პერსონაჟი ან საზოგადოების წევრია ან განყენებულად დგას, ძლიერი ან სუსტი, კეთილი ან ბოროტი. ამ მორალის კომპასის რადიკალურ პოლუსებზე
მდგარი პერსონაჟები ფილმშიც გვხვდებიან. ჟანრის კლასიკაა ისიც, როდესაც შერიფს თეთრი ქუდი ახურავს, რაც პირდაპირი სიმბოლოა სიკეთის, ამას კი ისიც ემატება, რომ მისი წინაპრებიც კანონისდამცველები იყვნენ. ამის საპირისპიროდ ფილმში ვხვდებით ანტონ ჩიგურს, რომელიც წარმოადგენს წმინდა ბოროტებას, ცივსისხლიან მკვლელს. მას პირველად სწორედ ხელბორკილებში ვხედავთ, რაც პირდაპირი ინდიკატორია მისი სამართლიანობის ცნებიდან განყენების. მისი პირველი მკვლელობა ფილმში სწორედ პოლიციის ოფიცერი მიმართ ხდება, რაც კიდევ ერთხელ სიმბოლიზირებს ბოროტისა და კეთილის დაპირისპირებას. ერთ მომენტში ჩიგური ყოველგვარი მიზეზ გარეშე ესვრის ჩიტს, რაც ასევე კლასიკური ვესტერნის კლიშეა, რომელსაც “kick the dog” მომენტს ეძახიან და ხაზს უსვამენ იმას, რომ ზოგიერთ ბოროტმოქმედს რაციონალური საფუძველი არ სჭირდება რომ უსამართლობა ჩაიდინოს.

ამ მსგავსებების მიუხედავად, ფილმი არ არის წმინდად კლასიკური ვესტერნი და რეჟისორები ართულებენ საქმეს. ერთ მომენტში შერიფი საუბრობს, რომ შეიცვალა დროებაც და შეიცვალა კრიმინალის სახეც. შერიფი თითქოს მართლაც წარმოადგენს კლასიკური ვესტერნის ტრადიციულ პერსონაჟს, რომელიც რევიზიული ვესტერნის ჟანრში შემთხვევით აღმოჩნდა და უჭირს ფეხი აუწყოს ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელ კრიმინალს. რევიზიულ ჟანრში ხშირად ვხვდებით, გაურკვეველი მორალის, არც ისე მარტივად მოწონებად პერსონაჟებს, რომლებიც საკმაოდ შორს არიან მაღალი იდეალებისაგან. სწორედ აქ ვეცნობით ლეველინ მოსს, რომელიც არა პროტაგონისტი, არამედ ანტი-გმირია, სწორედ მისი გამოჩენა მიაკუთვნებს ფილმს რევიზიულ ჟანრს. მოსი ოპურტუნისტია, რომელიც იპარავს ფულით სავსე ქეისს, დახმარების გაწევის გარეშე ტოვებს მომაკვდავ პერსონაჟს, თუმცა საათების შემდეგ ბრუნდება დასახმარებლად. ის არ წარმოადგენს პერსონაჟის არქეტიპს, რომელიც პატივმოსილი იარაღის მსროლელია ველურ დასავლეთში. ამ ჟანრის ფილმებში სამართალი ყოველთვის არ დგება სამართალდამცავების მიერ, არამედ ხშირად აქვს კარმის სახე – რასაც დასთეს, იმას მოიმკი. თუ იცხოვრებით ძალადობით, მოკვდებით კიდეც ძალადობრივად. ასე მოსდით კიდეც პერსონაჟებს ფილმში.

რაც შეეხება ფილმის ბოროტმოქმედს – ჩიგურს, აღსანიშნავია, რომ ისიც განზე დგას ვილენის ტრადიციული გაგებისაგან. რადგან მაშინ, როდესაც წარბის შეხვრის გარეშე შეუძლია მოკლას პერსონაჟი, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე, მას ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი შემოაქვს ფილმის დინამიკაში, და ეს ასპექტი არის – “იღბალი”. ის ხშირად მონეტას ანდობს იმის გადაწყვეტას, მოკლას თუ არა შემხვედრი პერსონაჟი. ჩიგური არ ჯდება კარგის ან ცუდის კატეგორიაში ამ დიქოტომიური გაგებით, რადგან ფილმის განმავლობაში დასცინის ამ ორ კონცეფციას, ან შეიძლება ითქვას საერთოდ არ აღიარებს თუ რას ნიშნავს ერთი ან მეორე, ან რით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან. ჩიგური არ არის კლასიკური ჟანრის ბოროტმოქმედი, რადგან ის არ მიყვება რომელიმე კონკრეტულ წესს, გარდა ქაოსისა, მისი ქმედებების ძალიან დიდ ნაწილს ლოგიკური ახსნა არ გააჩნია.

ფილმს საბოლოო ჯამში მაინც ნეო ვესტერნის ჟანრს მიაკუთვნებენ, რომელიც ორიენტირებულია ახალი ტიპის დანაშაულებსა და კლასიკური მითების დამსხვრევაზე. კოენებმა ჯერ ისესხეს რიგი ასპექტები კლასიკური ვესტერნისგან შემდეგ კი სათითაოდ გამოუთხარეს თითოეულს ძირი და გვიბიძგეს გადაგვესინჯა მითები ველურ დასავლეთზე.