პერფორმანსის ხელოვნება

ტერმინი პერფორმანსი პირველად კომპოზიტორმა ჯონ კეიჯმა გამოიყენა, რომელმაც ეს სიტყვა აფიშაზე დაწერა. მან წარმოდგენა „4’33“  1952 წელს შეასრულა. ადამიანებს, 4 წუთისა და 33 წამის განმავლობაში, სიჩუმე მოასმენინა. პერფორმანსი, როგორც ხელოვნების ფორმა, სამოციანი წლებისთვის უკვე შემდგარი იყო. თავად ტერმინი სამოცდაათიანებისთვის დამკვიდრდა.

john cage 4’33

2005 წლის 20 ოქტომბერს „BBC Radio 4”-ის პირდაპირ ეთერში, ფილოსოფიის ლექტორმა, ენჯი ჰობისმა, ჯონ მოლესმა, ნიუკასტლის უნივერსიტეტის ლათინურის პროფესორმა და სომერვილის კოლეჯის თანამშრომელმა განიხილეს მელვინ ბრეგის აზრი იმის შესახებ, რომ პერფორმანსის ფორმას, ჯერ კიდევ, ანტიკურ საბერძნეთში იყენებდნენ, როცა დიოგენე თავის გამოსვლაში ძაღლის ქცევას იმეორებდა. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ პერფორმანსის წინაპრად რენესანსის არტისტებიც ითვლებიან, რომლებიც მოხეტიალე პოეტები, მუსიკოსები იყვნენ. ამ პერიოდისთვის, ისინი ღია წარმოდგენებს მართავდნენ. რაც შეეხება დასავლეთ კულტურის თეორეტიკოსების მოსაზრებებს, მათი აზრით, ხელოვნების ამ ფორმის ისტორია მე-20 საუკუნიდან იწყება. უფრო კონკრეტულად – რუსული კონსტრუქტივისტების, ფუტურისტებისა და დადაისტებისგან. მაგალითად, დევის ბურლიუკის ქმედება, რომელმაც სახე მოიხატა, (1910- 1920 წწ.) შესაძლოა, პერფორმანსის წინაპირობად ჩაითვალოს.

პერფორმანსი, გარკვეულწილად, ახლოსაა საშემსრულებლო ხელოვნებასთან და ზოგიერთ შემთხვევაში მის ელემენტებსაც იყენებს (მაგ. თეატრალური წარმოდგენები, მუსიკა, ცეკვა, ოპერა, ცირკი და ა.შ.). მიუხედავად ამისა, საშემსრულებლო და პერფორმატიული ხელოვნება ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. თეატრალურ წარმოდგენაში შენარჩუნებულია იერარქია, სადაც რეჟისორი ფორმის განმსაზღვრელად გვევლინება. თეატრში მსახიობს არ აქვს უფლება, რომ შეცვალოს წარმოდგენა. იგი ერთ-ერთი ადამიანთაგანია, რომელიც კონკრეტული სპექტაკლის შექმნაში მონაწილეობს. მიუხედავად ამისა როგორც მსახიობი, ასევე პერფორმერი მაყურებელთან კომუნიკაციისთვის საკუთარ სხეულს იყენებს.

სერბმა არტისტმა მარინა აბრამოვიჩმა (დ. 30 ნოემბერი. 1946 წ.), რომელიც „პერფორმანსის ბებიის“ ტიტულს ატარებს,  ჩაატარა პერფორმანსი, რომელიც 6 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი წარმოდგენა, რომელსაც „რიტმი 0“ ეწოდა და ნეაპოლში, სტუდია „მორაში“  1974 წელს გაიმართა.  აბრამოვიჩი მთელი დროის განმავლობაში გაუნძრევლად იდგა. მის გარშემო მყოფ ხალხს დარბაზში, მაგიდაზე არსებული 72 ნივთის და მისი სხეულის გამოყენებით ნებისმიერი რამის გაკეთება შეეძლოთ. ნივთებს შორის იყო ბუმბული, ლითონის ზოლი, ყურძენი, ღვინო, ვარდი, სუნამო, თაფლი, მაკრატელი, სკალპელი, ლურსმნები და ერთი ტყვიით დატენილი იარაღი. საგნები ორ – „სიამოვნებისა“ და „ნგრევის“  ჯგუფებად დაიყვნენ. პერფორმანსის დამსწრე არტ-კრიტიკოსმა ტომას მაკევილეიმ შემდგომში გაიხსენა : „მშვიდად დაიწყო. ვიღაცამ შემოაბრუნა. ვიღაცამ ხელები ჰაერში ააწევინა. ვიღაც ოდნავ მჭიდროდ შეეხო მას. ნეაპოლიტანურმა ღამემ გახურება დაიწყო. მესამე საათში, საპარსი პირებით, მთელი მისი ტანსაცმელი მოჭრეს მისგან. მეოთხე საათში იმავე პირებმა დაიწყეს მისი კანის გამოკვლევა. ყელი გამოჭრეს და მისი სისხლი გამოწოვეს. მის სხეულზე სხვადასხვა სახის სექსუალური ძალადობა განხორციელდა. ის იმდენად იყო ერთგული ამ ნაწარმოებისადმი, რომ გაუპატიურებასა და მკვლელობასაც კი არ გაუწევდა წინააღმდეგობას. მისი ნების გაქარწყლების, ადამიანის ფსიქოლოგიის ნაგულისხმევი კოლაფსის პირისპირ, დამცავმა ჯგუფმა დაიწყო საკუთარი თავის განსაზღვრა აუდიტორიაში. როდესაც მარინას თავში დატენილი იარაღი მიარტყეს და მის თითს ჩახმახს ადებინებდნენ, აუდიტორიის ფრაქციებს შორის ჩხუბი დაიწყო“. როდესაც გალერეამ გამოაცხადა, რომ პერფორმანსი დასრულებულია აბრამოვიჩმა კვლავ დაიწყო მოძრაობა მან „შოუს“ მონაწილეებს შორის გაიარა. ხალხი არტისტს თავს არიდებდა. აბრამოვიჩმა აღნიშნა : „ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს, ადამიანები ცდილობდნენ დაევიწყებინათ, რომ შეურაცხყოფა მომაყენეს.“ მარინამ აუდიტორია დატოვა, რის შემდეგაც აღნიშნა : „შოუმ ადამიანის ყველაზე ცუდი მხარე გამოააშკარავა და აჩვენა, რომ ნებისმიერი მზადაა მიაყენოს ტკივილიც. მეტიც, წარმოდგენამ დაამტკიცა, თუ რამდენად მარტივია იმის დამცირება, ვინც არც იბრძვის და არც თავს იცავს. ყველაზე შემზარავი კი იმის გაცნობიერებაა, რომ ნებისმიერ „ნორმალურ“ ადამიანს შეუძლია იქცეს მოძალადედ თუ ამის შანსი მიეცა“.

‘Rhythm 0’, Marina Abramovic, 1974

„რიტმი 0“-ში კარგად ჩანს, რომ მნახველი, ზოგჯერ, თავად იღებს მონაწილეობას პერფორმანსში. მაყურებელსაც ეძლევა იმის საშუალება, რომ, თავისი მოქმედებით, პერფორმერის მიერ შესრულებული წარმოდგენის მთავარი მონაწილე გახდეს.

‘Rhythm 0’, Marina Abramovic, 1974

განსხვავებით ზემოთ ხსენებული თეატრისა, რომელიც რეალობას ხელოვნურად ასახავს, პერფორმანსში გამოყენებული თითოეული საგანი რეალურია. კონკრეტულ შემთხვევაშიც, მაგიდაზე არსებული 72 ნივთიდან თითოეული ნამდვილი იყო და არა ბუტაფორია. ამ შემთხვევაში, განსხვავებით თეატრალური წარმოდგენებისა, პერფორმერი შესაძლოა ნამდვილად დასახიჩრდეს ან პირიქით. არტისტი, თავისივე კანზე, ზოგჯერ მტკივნეულადაც კი, რეალურად განიცდის თითოეულ მომენტს.

Marina Abramović. Rhythm-0. Studio-Morra-Napoli

პერფორმერები თვლიან, რომ თავიანთი სხეულები მათთვის მხატვრულ იარაღებს: ფუნჯსა და პალიტრას წარმოადგენენ. სწორედ ამგვარად, ისინი, ფაქტობრივად, ვიზუალურ ნამუშევარს ქმნიან, თუმცა ამ შემთხვევაში, მედიუმი თავიანთი სხეულია. მაგალითად, იოზეფ ბოისმა თავის პერფორმანსში „როგორ ავუხსნათ მკვდარ კურდღელს ხელოვნების ნიმუში“ სახე თაფლითა და ოქროს ფირფიტით დაიფარა. ერთ ფეხზე ქონი, ხოლო მეორეზე თექის ნაჭერი ჰქონდა მიმაგრებული. ბოისმა თავისი სახე გამოიყენა, როგორც საკუთარი პერფორმანსის მედიუმი. მან ერთგვარი შინაარსით დატვირთული მასალები პირდაპირ სახესა და ფეხსაცმელზე დაიფინა. პერფორმერს ხელში მკვდარი კურდღელი ეჭირა, გალერეაში დადიოდა და ლაპარაკობდა ხელოვნებაზე. შემდგომში, არტისტმა კონკრეტულ პერფორმანსზე თქვა: „ცხოველისთვის ახსნის იდეა გადმოსცემს სამყაროს საიდუმლოებასა და არსებობის გრძნობას, რომელიც მიმართავს წარმოსახვას. მკვდარი ცხოველიც კი ინარჩუნებს ინტუიციის უფრო მეტ ძალას, ვიდრე ზოგიერთი ადამიანი თავისი ჯიუტი რაციონალურობით.“

How to Explain Pictures to a Dead Hare, 1965 – Joseph Beuys

პერფორმანსის ხელოვნების მთავარი დამახასიათებელი თვისებებისა და ნიშნების საშუალებით, პერფორმერის სათქმელი ძირითადად არატრადიციული და, ხშირ შემთხვევაში, სარისკო მეთოდებით გამოიხატება. უნიკალურობის, გადმოცემის, გამოხატვის სიმძაფრის გამო, სახელოვნებო სივრცეებსა და თანამედროვე სამყაროში პერფორმანსი დღემდე რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, აქტუალურ ხელოვნების ფორმად.