ბაირონის გმირი

რომანტიზმმა ყურადღება გაამახვილა და აღზარდა ინდივიდუალური პიროვნება პირადი გამოცდილებით, უნიკალური ემოციებით, ინსტინქტებითა და ფსიქოლოგიით. რომანტიკოსი მწერლისთვის ყურადღების ეპიცენტრად იქცა ლირიკული გმირის ცნობიერისა და არაცნობიერის გამოკვლევა, შეიძლება ითქვას ლიტერატურული საზრუნავი მიენიჭა. ლიტერატურულ დოქტრინასა და ხელოვნების თეორიასთან დაკავშირებით, რომანტიზმმა შეიმუშავა ავტორის ექსპრესიულობის თეორია და გამოაცხადა, რომ ავტორის სუბიექტურობა და უფლებამოსილება ლიტერატურაში ტექსტის აზრობრივი სრულყოფილების განმსაზღვრელი ნაწილია. დუალისტური იდეები, რომლებითაც დახუნძლულია რომანტიკული ტექსტები თავის თავში გულისხმობს ინდივიდუალურ გამოცდილებაზე, ახლებურად დასმულ აქცენტებზე დაყრდნობით რომანტიკული პერსონაჟის დაბადებას, რომელიც ახლა იწყებს სამყაროსთან კომუნიკაციასა და რეალობასთან შეგუებას, ის  ეჯახება ყოველდღიურობის სირთულეებს, დამკვიდრებულ მორალურ სტანდარტებს. ყველაფერი ეს ხდება რომანტიკული სიუჟეტის მასულდგმულებელი. რომანტიკული პერსონა, ცხადია, ვერ ეგუება ამგვარ სამყაროს, რადგან ინდივიდუალიზმი კვდება ყოველდღიურობის ფონზე, გმირი უცხოვდება და იძირება მტკივნეულ მელანქოლიაში, სადაც დროისა და სივრცის, რეალობისა და არაცნობიერის გასაყარზე მარტო რჩება და იტანჯება სასტიკი ეგზისტენციალური კრიზისისგან.

რომანტიზმისა და დუალისტური ფილოსოფიის იდეების აშკარა მაგალითია ბაირონის “მანფრედი”. მანფრედი ორ – ნამდვილ და სულების სამყაროს შორისაა დაჭერილი. პროტაგონისტის აზრით ადამიანად ყოფნის უპირატესობა შემეცნებასა და ცოდნის დაგროვებაში მდგომარეობს და ამის გაანალიზება აძლევს საშუალებს მანფრედს საკუთარი თავი აამაღლოს დანარჩენ მოკვდავებთან შედარებით – “თუმც მე ადამიანის სხეულში ვარ, არ მაქვს სიმპათია ცოცხალი ხორცის მიმართ”. მიუხედავად იმისა, რომ მისი აბსტრაქტულ-მატერიალური ეგო ობიექტურად ჩვეულებრივ ადამიანებზე მაღალ საფეხურზე დგას, სულები მანფრედს რიგით მოკვდავად მიიჩნევენ და მას “თიხის შვილს” უწოდებენ, რომელიც მიუხედავად უდიდესი ცოდნისა, მხოლოდ სუნთქვით ცოცხლობს, ის უბრალოდ მტვერია და არა ღვთაება.

მანფრედის პიროვნება საშუალებას იძლევა დავინახოთ განსხვავება სუბიექტურობასა
და ზოგადობას შორის. ამ შემთხვევაში მანფრედს აქვს ორი გზა – პირველი, თავისი მდგომარეობის გათვალისწინებით, არჩევანი საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას მიანდოს,  გადაწყვიტოს რა არის ნამდვილი მისთვის და რომელი რეალობა მიიღოს ან, მეორე, უბრალოდ შეეგუოს მის ორაზროვან ბუნებას, რომ  არც სრულად მტვერია და არც ღვთაება. ტექსტი ამტკიცებს, რომ ცოდნა კომპლექსური ცნებაა, რომ არსებობს სუბიექტური აღქმა და ჭეშმარიტების დადგენა შეუძლებელიც კია. ცოდნისა და ინდივიდის სტატუსის წარმოდგენასთან დაკავშირებით, ადვილი შესამჩნევია, რომ დრამატული პოემა ფაუსტის იდეებსა და მოტივებს იზიარებს. მიუხედავად იმისა, რომ მანფრედი ძალიან მომაგონებს ფაუსტს, ზნეობრივი თვალსაზრისით ისინი ძალიან განსხვავდებიან. როდესაც ვიცით, რომ მორალი არჩევანის გაკეთებისას ყალიბდება, ფაუსტს არ შეუძლია გადაწყვიტოს როგორ მოიქცეს, აირჩიოს ერთ-ერთი სიკეთესა და ბოროტებას შორის ან განასხვავოს სწორი და არასწორი. ამ თვალსაზრისით აშკარაა, რომ ფაუსტისთვის არ არსებობს არანაირი ღირებულებები ან პრინციპები, რადგან მისთვის ბოროტება და სიკეთე ერთმანეთთან შერწყმულია, მაშინ როცა მანფრიდმა შექმნა საკუთარი მორალური კოდი, რომელიც მემკვიდრეობით მიღებულ სტანდარტებს სიკეთისა და ბოროტების შესახებ სცილდება. ამას გარდა, მართალია ორივე (ფაუსტიც და მანფრიდიც) საზოგადოებისგან შორს ცხოვრობენ, მაგრამ მანფრიდის შემთხვევაში ეს არ ხდება მისი მორალურობისა ან ამორალურობის გამო, არამედ მისი ცნობიერი ცხოვრების ტანჯვის მიზეზით – ამ სამყაროს რელობა, არასრულფასოვნება და საზოგადოება მეტად სასტიკია მანფრედისთვის და სწორედ სხვა, ალტერნატიული რეალობის ძიება აქცევს მას რომანტიკულ პერსონაჟად. ის ეძებს არარეალურ სამყაროს, რომელშიც პიროვნების სულიერ მდგომარეობას სოციალური და მატერიალური გამოვლინებები არ განსაზღვრავს. მაგრამ მანფრიდი დაბნეულია, და შეიძლება ჩავთვალოთ მისი ეს ყოყმანი იქცა მთავარ დაბრკოლებად საბოლოო მიზნის მიღწევაში. ის გაექცა საკუთარ რეალობას და აღუდგა სულების სამყაროს, მაგრამ ამან არანაირი სიხარული არ მიანიჭა. მანფრიდმა დაუღალავი ცდისა და ცოდნისკენ სწრაფვის პროცესში აღმოაჩინა, რომ ადამიანური სამყარო მტანჯველი და რთულია, მაგრამ საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სიყვარულია ის ერთადერთი ღირებულება, რომელიც უპირატესობას მოაპოვებინებს ჩვენს სამყაროს სულების სამყაროსთან და ყველაფრისგან გაქცევასთან შედარებითაც კი.

ვინაიდან, რომანტიზმი და დუალისტური ყოფის ფილოსოფია მიზნად ისახავს პიროვნებაში ინდივიდუალიზმის ამაღლებას, ამ კონტექსტში რომანტიკოსი მწერლების ინსპირაციად შეგვიძლია მივიჩნიოთ ფაუსტის მითი, რომლის იდეური მოტივები კარგად ერგება რომანტიზმის მცდელობას, პირველხარისხოვანი გახადოს პიროვნული იდენტობა და შთააგონოს პიროვნება აჯანყდეს და უპირატესობა მოიპოვოს არსებობაზე. ლიტერატურულ ნაწარმოებებს შორის, რომლებიც ასახავენ ზემოთთქმულ პერსპექტივებს დასამახსოვრრბრლია ჯორჯ გორდონ ბაირონის ლირიკული პიესა “მანფრედი”. ტექსტებში ფაუსტური მოტივები შესაძლებელს ხდის ფაუსტის მითის გაცოცხლებას რომანტიზმის ახალ მიმდინარეობაში და თემატურ სირთულეებში. ამ თვალსაზრისის გათვალისწინებით, თავს უფლება მივცე და თავხედურად გავუწიო რეკომენდაცია კლასიურ შედევრებს შორის ყველაზე კლასიკურს – პიესა “მანფრედს”, სადაც ლორდ ბაირონი ახერხებს ამ დრამატული პიესით გამოამჟღავნოს და შეადაროს ის გზები, რომლითაც მითოსური ინსპირაცია აყალიბებს ტექსტს როგორც რომანტიზმის იდელოგიის ფარგლებში, ისე მის საპირისპიროდაც.