“თხევადი სიყვარული”, როგორ გვესმის ცნება თანამედროვეობაში

ამ ბოლო დროს, ჩემი ყურადღება მიიქცია ზიგმუნტ ბაუმანის წიგნმა – „თხევადი სიყვარული“, გარკვეულწილად სათაურიდან გამომდინარე, თუ რას ნიშნავს სიყვარული, თანაც თხევადი. როგორც აღმოჩნდა, წიგნში ავტორი გვესაუბრება იმაზე, თუ რა ფორმა მიიღო სიყვარულის ცნებამ და თავად გრძნობამ პოსტმოდერნულ სამყაროში. ავტორი ხაზს უსვამს იმ წინააღმდეგობებს, რომლებიც წარმოიქმნება გრძელვადიანი ურთიერთობების ფორმირების პროცესში, როგორც უფროსი თაობის, ასევე ახალგაზრდების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

პრივატული ცხოვრების სფეროში ამ ცვლილებებს ბაუმანი ფუნდამენტურად “აბრალებს” იმ გაურკვევლობას, რომელიც გლობალიზაციის პროდუქტად შეიძლება ჩაითვალოს და თხევადი საზოგადოების ნიშნად მიიჩნევს „თხევად სიყვარულსაც“. იმას რასაც ოდესღაც ურთიერთბები ერთქვა, ახლა კავშირები ეწოდება, წერს ავტორი და ხაზს უსვამს, რომ თანამედროვეობაში მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბება რთულია, რადგან ვირტუალური ცხოვრება (ინტერნეტის არსებობა) იჭრება რეალურ ცხოვრებაში და შლის აქამდე დაწესებულ მკაფიო საზღვრებს.

ბაუმანი პრობლემას ხედავს იმაში, რომ ადამიანები ურთიერთობებში მოქნილობას, ან სულაც ურთიერთობის გარეშე ცხოვრებას ანიჭებენ უპირატესობას, იმის მაგივრად, რომ ღირებული, ძლიერი კავშირები ჩამოიყალიბონ ერთმანეთში. ბაუმანი მიიჩნევს, რომ ის სენტიმენტი, რომელიც ამყარებს სასიყვარულო კავშირებს წყვილებს შორის სუსტია და არ იძლევა საშუალებად მნიშვნელოვანი კავშირი შეიქმნას. აღსანიშნავია ისიც, რომ ბაუმანი საკუთარი თავის სიყვარულის ცნებასაც ეხება და წერს, რომ სხვების შეყვარება მხოლოდ საკუთარი თავის შეყვარების შემდეგაა შესაძლებელი. ამიტომ მნიშვნელოვანია საკუთარ თავს შევხედოთ, როგორც ადამიანს, რომელიც იმსახურებს სიყვარულს. ის ფაქტი, რომ ადამიანებს “თხევადი სიყვარულით” უყვართ ხშირად პირადი “კომპლექსებიდანაც” გამომდინარეობს. ეს “კომპლექსები” არ გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ გრძელვადიანი ურთიერთობები. ბაუმანი ურთიერთობების სიმყიფეს უკავშირებს “ერთჯერად” კონსუმერიზმსა და მუდმივ სწრაფვას დავიკმაყოფილოთ მხოლოდ მომენტარული მოთხოვნილებები. ვფიქრობ, ავტორის პოზიცია საინტერესოა, მაგრამ არა ეპოქალური. მისი წერის მანერა შეგვიძლია შევადაროთ იმ ნემისმიერ კულტურულ კონსერვატორს, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა ოჯახის ინსტიტუციას, როგორც პრივატულ სივრცეს მყარი საფუძველით. იმის მიუხედავად, რომ ხსენებული ინსტიტუცია ჩემთვისაც ფასეულია, არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ის სასიყვარულო კავშირის მიღმა წარმოადგენს ერთგვარ სოციალურ-ეკონომიკურ გარიგებასაც ორ ადამიანს შორის. შესაბამისად, არაფერია გასაკვირი იმაში, რომ ცხოვრების ნებისმიერ მომენტში ადამიანი არ ესწრაფოდეს მსგავსი კავშირის პოვნას, განსჯიდეს მის წინ არსებულ ვარიანტებს, თუ ვისთან გააფორმოს ეს სოციალურ-ეკონომიკური კავშირი და რატომაც არა, რიგ შემთხვევებში ესწრაფოდეს მომენტარულ კმაყოფილებასაც.

მით უმეტეს იმ ეპოქაში, რომელშიც ყველაზე დიდი თავისუფლება გაქვს განსაზღვრო თუ ვინ იყოს შენი პარტნიორი, ვიდრე ეს წარსულში ხდებოდა, ბუნებრივია ყველას იდეაფიქსი ვერ იქნება ისეთი ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლის ფორმაცა და შინაარსიც მიემართება გრძელვადიან კავშირს. საერთოდ არ მგონია, რომ ფიზიკური მიზიდვა ადამიანებს შორის ყოველთვის უნდა მთავრებოდის რაიმე მტკიცე კავშირით. ურთიერთობის სწორად შეფასება და ამ ორს – „ლიქვიდურ სიყვარულსა“ და „ნამდვილ სიყვარულს“ – შორის დიფერენცირება, სწორედ იქედან გამომდინარე ხდება, თუ რამდენად გაქვს გამოცდილი, როგორც გრძელი, ასევე მოკლევადიანი ურთიერთობები. საბოლოოდ ხომ ადამიანის პირად არჩევანზეა საუბარი, პრეფერენციებზე, რომელიც ყველას აშკარად არ აქვს ერთი და იგივე.

რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელშიც ავტორი ვირტუალურ ქსელებს ეხება დიდწილად ვეთანხმები, რომ მათ დიდი როლი ითამაშეს ღირებული ურთიერთობის შექმნის წინააღმდეგობის გაწევაში, თუმცა, ინტერნეტი იმდენადაა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი რომ რთულია შევაფასოთ რამდენად მყიფეა ის ურთიერთბები რომლებიც სოციალური ქსელების მეშვეობითაა ფორმირებული. და ბოლოს, ავტორი ხაზს უსვამს, რომ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომელიც კრიტიკულად სწრაფი ტემპით ვითარდება, ამის გამო ხშირად ადამიანები ანომიას მიეცემიან ხოლმე და ეშინიათ, რომ ამ ტემპისათვის ფეხის ვერ აწყობა მათ “შეუმდგარ”, წარუმატებელ ადამიანებად აქვევთ. ამ პროცესებში კი მათგან იმის მოთხოვნა, თუ რატომ არ ორიენტირდებიან გრძელვადიან ურთიერთობებზე ოდნავ “არაეთიკურიცაა”.