2022 წლის 12 რჩეული სერიალი

Dolce far niente – the sweetness of doing nothing – ტკბობა ერთდროულად არაფრით და თან ყველაფრით – ეს პოსტ პანდემიური სამყაროს კლიშეა, რომელიც 2022 წლის ტრენდად იქცა. კაცობრიობის მსოფლმხედველობა და სამყაროს მიმართ დამოკიდებულება მეტად ეგოცენტრული და ჰარმონიული გახდა. მას შემდეგ, რაც დღის წესრიგი შეიცვალა და ადამიანებმა მაშტაბური ლოქდაუნის პერიოდში დროის და ენერგიის გადანაწილება სხვანაირად დაიწყეს, გააფართოვეს საკუთარი ინტერესის სფეროები და დახვეწეს გემოვნება, კინემატოგრაფიულ სამყაროს (ეს ერთ-ერთი სფეროა ვრცელი სიიდან) წნეხი და პასუხისმგებლობა დააწვა, ეზრუნა საზოგადოებისა და პიროვნების გართობაზე, განტვირთვასა და შთაგონებაზე. ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯაჭვი, რომელიც ხალხს ერთმანეთთან აკავშირებს, სწორედ კინემატოგრაფიაა – საშუალება დისკუსიისთვის, ურთიერთობისა და საერთო ინტერესების აღმოჩენისთვის. საინტერესო სერიალის ყურების აზარტი და მისი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად განხილვა, ალბათ თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ყველაზე კომფორტული ნაწილია.

მინდა ამ სტატიაში შემოგთავაზოთ 2022 წლის 12 სერიალი, რომელიც თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ.

House of the Dragon

House of the Dragon

შეიძლება ითქვას, რომ სამეფო კარის თამაშების თაყვანისმცემლები საკმაოდ სკეპტიკურად და თან ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილნი ვესტეროსის სამყაროში დაბრუნების მიმართ, მას შემდეგ რაც GOT-ის ფინალმა ფანების უმეტესობას ძალიან დასწყვიტა გული. თუმცა, წელს გაიმართა “House of the Dragon”-ის პრემიერა, სადაც მოვლენები სამეფო კარის თამაშების დროიდან 200 წლით ადრე ხდება. სერიალის მთავარი თემა ტარგარიენების დინასტიის ოჯახური პრობლემები და სამეფო ინტრიგებია. ვესტეროსის მაგიური ატმოსფერო მაგიურად გადმოვიდა დრაკონის სახლის სამყაროში, კიდევ უფრო დრამატული განწყობითა და ბერძნული ტრაგიკული მომენტების გავლენით შთამბეჭდავ დრაკონებთან ერთად. ძალაუფლებისკენ სწრაფვა, სიამაყე, სიყვარული, ვნება, ღალატი, ინცესტი და სხვა ძალიან ინტიმური და თავს უფლებას მივცემ ვთქვა, ფილოსოფიური პასაჟები – ეს ის თემებია, რასაც “House of the Dragon” მთელი სიმძაფრით და აზარტით განგაცდევინებთ.

 

The Rings of Power

The Rings of Power

მეორე, წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალი გახლავთ “The Rings of Power”, ბეჭდების მბრძანებლის პრიქუელი, რომელიც ტოლკინის სამყაროს გაცოცხლების თანამედროვე მცდელობაა. ამ სერიალისგან ელოდეთ შთამბეჭდავი სპეც-ეფექტებს, ბეჭდების მბრძანებლის სამყაროს თანამედროვე გააზრების მცდელობას, თუმცა შეფასება თქვენთვის მომინდია. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ თაყვანიმსცემლებისსგან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

 

The Bear

The Bear

თუ ჯერ კიდევთ არ გინახავთ სერიალი “The Bear”, წინ დროის საინტერესოდ გატარება გელით. უხეში აღწერა ასეთია – ახალგაზრდა, აქტიური და რუტინისგან გადაღლილი შეფ-მზარეული ჩიკაგოში ბრუნდება, რათა ოჯახურ ბიზნესს – სენდვიჩების კაფეს – ჩაუდგეს სათავეში. მარტივი სიუჟეტის მიღმა, აუცილებლად გაგაოცებთ მსახიობების, მათ შორის, “Shameless”-ის ვარსკვლავის, ჯერემი უათის, პროფესიონალური და ბუნებრივი შესრულება. სამუშაო და ყოველდღიური პრობლემების გარდა, სერიალი ეხება ოჯახს, ტრადიციებს, კულტურას, გასტრონომიას, ტრავმებსა და მძიმე ყოფით პრობლემებს და რაც მთავარია – სიცოცხლისა და არსებობისთვის ბრძოლას, ყველგან, ყველაფერში და ყოველთვის.

 

Better Call Saul

Better Call Saul

წელს გამოვიდა ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი სერიალის “Better call Saul”-ის ბოლო, მე-6 სეზონი. იშვიათად თუ შეხვდებით სატელევიზიო დრამას ასეთი დეტალებით, ყურადღებითა და გემოვნებით დაწერილი სცენარით. სამწუხაროდ, სერიალი ამ ზაფხულს დასრულდა. ეკრანებზე ვიხილეთ გას ფრინგს ალბერკერკის ნარკოიმპერიის აღზევება და ამის მიღმა განვითარებული საშინლად დაძაბული, დრამატული და ჩამთრევი სერიალი. იდეალურად დაწერილი და გაშლილი პერსონაჟები და საინტერესო სიუჟეტი სერიალის მთავარი ღირსებაა და ვიტყოდი, შეფასების მთავარი კრიტერიუმიც. როცა ამ სერიალის ნახვას გადაწყვეტთ მოემზადეთ კონტრასტული და უმძაფრესი ემოციებისთვის.

 

The Crown

The Crown

“The Crown”-ის ახალი, წლევანდელი სეზონი აწ უკვე მეფე ჩარლზისა და პრინცესა დაიანას სკანდალურ, დრამატულ ქორწინებას ეხება. საოცარი მსგავსებით გაცოცხლებული პერსონაჟები და გარემო სერიალის ყურებას ერთიორად საინტერესოს და ჩამთრევს ხდის. სეზონის ძირითადი კვანძი ჩარლზისა და კამილას ფარული ურთიერთობის გასაჯაროვებას, ამის საპასუხოდ კი პრინცესა დაიანას მარტინ ბაშირთან ემოციურ ინტერვიუს ეხება. რამდენად ასახავს ეს სამეფო ოჯახის წევრების ხასიათსა და მოვლენებს, ამის გასარკვევად და შესაფასებლად აუცილებლად უნდა ნახოთ სერიალი “The Crown” და სხვა თუ არაფერი დატკბეთ დახვეწილი ბრიტანული გარემოთი.

 

Wednesday 

Wednesday

აუცილებლად უნდა ვახსენოთ “Wednesday”, “ადამსების ოჯახის” თანამედროვე ტიმ ბარტონისეული ადაპტაცია ნეტფლიქსზე. გამოსვლიდან სულ რაღაც სამ კვირაში სერიალმა უდიდესი პოპულარობა მოიპოვა და ნეტფლიქსის ნახვების რეკორდიც მოხსნა. სოციალურ ქსელებში შეხვდებით კადრებსა და ტრენდებს “Wednesday”-დან. ცალკე უნდა აღინიშნოს ჯენა ორტეგას მიერ ოსტატურად და სახასიათოდ მორგებული როლი, რამაც მსახიობი ამომავალ ვარსკლავად აქცია. თუ დროის სასიამოვნოდ გატარება გსურთ და მოგწონთ ტიმ ბარტონის ესთეტიკა, აუცილებლად უყურეთ ამ სერიალს.

 

Pachinko

Pachinko

მინ ჯინ ლის ეპიკური ნაწარმოების, ბესტსელერის “Pachinko”-ს ამავე სახელწოდების ეკრანიზაცია ეკრანებზე წელს გამოვიდა. სერიალი ისტორიული ფანტასტიკის ჟანრისაა და მოგვითხრობს მე-20 საუკუნეში მცხოვრები კორეული ოჯახის რამდენიმე თაობის მძიმე ისტორიას, როგორ ცხოვრობენ თუ ვერ ცხოვრობენ საკუთარ კოლონიზებულ ქვეყანასა და ომისგან განადგურებელ იაპონიაში. ეს სერიალი გამოირჩევა ემოციურობითა და მდიდარი სიუჟეტით, სახასიათო პერსონაჟებითა და მათი ინტიმური ურთიერთობებით. და რაც მთავარია, “პაჩინკო” მე-20 საუკუნის მრავალფეროვანი, ჭრელი ისტორიის ადაპტაციაა, ეპოქის მნიშვნელოვანი დეტალებითა და შტრიხებით, თანმიმდევრული და საინტერესო სიუჟეტით.

 

Borgen

Borgen

პოლიტიკური დრამა “Borgen” პირველად ეკრანებზე დანიაში 2010 წელს გამოჩნდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა ევროპაში. 2020 წელს ნეტფლიქსმა საავტორო უფლებები შეისყიდა და მას შემდეგ სამი სეზონი გადაიღო. წელს “Borgen”-ის მეოთხე სეზონი გამოვიდა. “Borgen” კარგი სერიალის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს – შეხვდებით ინდივიდუალურ და კარგად დაწერილი პერსონაჟებს, საინტერესო სიუჟეტს და აქტუალურ თემატიკას, სცენარი ეხმიანება ისეთ თემებს როგორიცაა ლოკალური თუ საერთაშორისო პოლიტიკა, მთელი თანმდევი პრობლემებით, შრომით უფლებებსა და ზოგადად ევროპის პოლიტიკურ კულტურას. თუ მოგწონთ აზარტული და ინტელექტუალური სერიალები “Borgen” თქვენთვისაა.

 

The Dropout

The Dropout

“The Dropout” ასახავს ისტორიას ელიზაბეთ ჰოლმსის შესახებ, ბავშვობიდან, თავისი ქალაქის ვუნდერკინდობიდან, მის აღზევებამდე და მერე ისევ დაცემამდე, იმის შემდეგ რაც ჰოლმსი საკუთარი ბიოტექნოლოგიურ ბიზნესში თაღლითობაში გამოიჭირეს. ეს არ არის უბრალოდ რიგითი საინტერესო ამბავი, ეს არის ძალაუფლებით შეპყრობილი და ამბიციური ქალის ისტორია, რომელიც მთელი ინდუსტრიით მანიპულირებას ახერხებდა რწმენისა და აღიარების მოსაპოვებლად და როგორ შემოუბრუნდა ძალაუფლებისკენ სწრაფვა მას. მთავარ როლში ამანდა საიფრიდია, მისი შესრულება იმდენად ოსტატურია, რომ მაყურებელეს ანტაგონისტის მიმართ შესაძლოა სიმპათიაც კი გაუჩნდეს.

 

The Rehearsal

The Rehearsal

“The Rehearsal” არის სერიალი სინანულის შესახებ. ნათან ფილდერის კომედიური სერიალი შეცდომების თავიდან არიდებას გვასწავლის დაუსრულებელი რეპეტიციებითა და გადახვევებით წარსულში, აწმყოსა და მომავალში. შეცდომები რეალურია და ნათანის აზრით ასევე რეალურია ამ შეცდომების სხვანაირად ინტერპრეტაციაც.

 

Derry Girls

Derry Girls

“Derry Girls” წელს და არა მხოლო წელს, ერთ-ერთი ყველაზე სახალისო სერიალია, რომელიც, სამწუხაროდ, დასასრულს მიუახლოვდა. მოქმედება ხდება ირლანდიაში და სიუჟეტი ვითარდება კათოლიკური სკოლის მოსწავლე გოგონების ირგვლივ. სერიალში შეხვდებით ტიპურ თინეიჯერულ დრამებს, მაგრამ ბევრად უფრო სასაცილოდ და კომიკურად ვიდრე წარმოგიდგენიათ. თითოეული ეპიზოდი დაახლოებით 20-წუთიანია და თუ დროის მარტივად და სახალისოდ გაყვანა გსურთ, აუცილებლად გირჩევთ “Derry Girls”.

 

Emily in Paris

Emily in Paris

და ბოლოს – “Emily in Paris” წლის ბოლოს მესამე სეზონით დაბრუნდა, მოდური და აქტუალური სერიალი ფრანგული და ამერიკული კლიშეების შესახებ. ჩახლართული სასიყვარულო ისტორიები და ფრანგული ესთეტიკა სერიალის განმსაზღვრელი ნაწილია.