2022 წლის 12 რჩეული ფილმი

წლევანდელი წელიც, სხვა ბევრის მსგავსად, დატვირთული იყო გამორჩეული და საინტერესო ფილმებით. ამიტომ წლის მიწურულს, ვისაუბროთ 2022 წლის სუბიექტურად ან ობიექტურად საუკეთესო ფილმებზე.

Glass Onion: A Knives Out Mystery

დენიელ კრეიგი კვლავ ბრუნდება თავისი სამხრეთული აქცენტით “A Knives Out” დეტექტივის მეორე ნაწილში და თან ახლავს ჰოლივუდის ვარსკვლავების მთელი რიგი. ფილმი დეტექტივ ბენუა ბლანკის გამოძიებას მიუყვება და გვიყვება ამბავს ექსცენტრიულ მილიონერზე, კორუმპირებულ ცნობად სახეებზე, შურისძიებაზე, თან ეს ყოველივე მსუბუქი სატირული ტონის თანხლებით. მოემზადეთ, რომ ნახოთ რა ამბავს გვიმზადებს ედვარდ ნორტონის მიერ მოწყობილი დახურული წვეულება, რომელზეც მონაწილეებმა მისი მკვლელობა უნდა გამოიძიონ.

 

Nope

ჯორდან პილის მორიგი, ამჯერადაც ორიგონალური ხედვით შექმნილი ფილმი “Nope”, აერთიანებს ჰორორის ტრადიციულ ინსტინქტებსა და სამეცნიერო-ფანტასტიკურ სპექტაკლს. პილი ახერხებს და თავის აბსტრაქტულ თემატიკასა და მეტაფიზიკურ კონცეფციებს უცხოპლანეტელების ჟანრის ბლოკბასტერში გადმოსცემს. ჩართეთ და შეეცადეთ, ობიექტივში მოაქციოთ ქმნილება გალაქტიკიდან, როგორც ამას ფილმის მთავარი პერსონაჟები აკეთებენ.

 

Licorice Pizza

პოლ ტომას ანდერსონიც ახალი ფილმით დაგვიბრუნდა წელს, “Licorice Pizza” მსახიობ ბავშვ, 15 წლის გარიზე გვიყვება, რომელსაც გულში 25 წლის ალანა ჩაუვარდება. იმის მიუხედავად, რომ ალანა დაინტერესებული არ არის, ორი გმირი საერთო მიზნების მიღწევაში ეხმარება ერთმანეთს. ფილმი მარტივი, სასიამოვნო საყურებელია, განსაკუთრებით მათთვის ვისაც 70-იანი წლების “dazed and confused” ესთეტიკა ხიბლავს. სულ რომ არაფერი, ფილმის საუნდტრეკებიც არ დაგტოვებთ გულგრილს.

 

The Worst Person in the World

იოაკიმ ტრიერი თავის ფილმში “The Worst Person in The World” სახალისო, ყველსათვის ნაცნობ, რომანტიულ და ძალიან ემოციურ ამბავს ყვება. ფილმის მთავარი გმირი მერყევი, იმპულსური ჯულია, რომელიც სასოწარკვეთამდე ცდილობს იპოვოს ისეთი რამ, რასაც სერიოზულობით მოეკიდება ან სულაც თავს მიუძღვნის. სცენართან ერთად, შესრულებაც ძალიან გულწრფელი და ამაღელვებელია. სევდანარევი მომენტები კი ფილმში მოკლე იუმორული პასაჟებით ნეიტრალდება.

 

All Quiet on the Western Front

არსებობს გამოთქმა, რომ ჯერ არ შექმნილა ანტი-საომარი ფილმი, რომელიც ბოლომდე ასახავდა ომის ტრაგედიას, თუმცა 2022 წელს გამოვიდა ერიხ მარია რემარკის წიგნზე დაყრდნობით გადაღებული ფილმი “All Quiet on the Western Front”. ფილმში ვითარება პირველ მსოფლიო ომში 1918 წელს ვითარდება. ფილმის ხედვაცა და გადაღებაც სავსეა წმინდა ძალადობით, ჭურვების აფეთქების გამაყრუებელი ხმით, მგრგვინავი ტანკებით და მილიონობით ტყვიით. ამ ყველაფრის მონაწილე კი, ვის ამბავსაც მივუყვებით, ახალგაზრდა გერმანელი ახალწვეული ფელიქსია, რომელსაც არათუ რაიმე იდეალი, არამედ მხოლოდ ცოცხლად დარჩენის სურვილი ამოძრავებს.

 

Triangle of Sadness

მოდა, ფული, კლასი და რასა სრულ ქაოსში მოდის რუბენ ოსტულდის ფილმში “Triangle of Sadness”. ეს სატირული კომედია ჩაძირული გემის ამბავს გვიყვება, რომელთა გადარჩენილთა შორის გემის პერსონალთან ერთად, მდიდარი არისტორკრატიაც ხვდება. ფილმი აუდიტორიას თითქოს კითხვას უსვამს, შეძლებენ თუ არა ოდესმე დაძლიონ სოციალური ბარიერები თუ მუდამ იქნებიან ამ სადემარკაციო ხაზებით შემოსაზღვრულნი?

 

რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?

2022 წლის ეს ქართული ფილმი ქუჩაში შემთხვევით გადაყრილ, ლიზასა და გიორგის პირველი დანახვით შეყვარების ამბავს გვივყება, თუმცა წყვილს თითქოს ერთად ყოფნა არ უწერია. არჩილ კობერიძის ამ ფილმში, გაფაციცებით ველით ამ ორის კიდევ ერთ, საბედისწერო შეხვედრას. ეს ამბავი უბრალოდ ლირიკაა, მიძღვნილი სიმფონია ადამიანთა გრძნობების მიმართ, იმ სამყაროში, რომელშიც არ მოქმედებს რაციონალური წესები.

 

Happening

წელს, როდესაც Roe v Wade საქმე ამერიკის უზენაესმა სასამართლომ განიხილა, ოდრი დივანმა შექმნა მღელვარე, მძიმე დრამა, რომელიც არალეგალური აბორტის შედეგებზე მოგვითხრობს. ფილმი არ არის სუსტი გულის მქონე ადამიანებისათვის, რადგან მთელი ბრუტალური რეალობით გვიყვება ფეხმძიმე სტუდენტის, ანამარია ვარტოლომეის ამბავს, რომელსაც ციხე ემუქრება. ეს თანამედროვე ატმოსფერული დრამა რეზონანსშია თანამედროვე საკითხებთან.

 

God’s Creatures

მეთევზეთა სოფელში მცხოვრებ დედას მძიმე დილემა უდგას, დაიცვას საკუთარი საყვარელი ვაჟი თუ დადგეს სამართლიანობის მხარეს, მიჰყვეს კარნახს, რომელიც კარგსა და ცუდს შორის აჩვენებს განსხვავებას. მას კარგად ესმის, რომ ტყუილი, რომელსაც საკუთარი შვილისათვის აპირებს თქვას, დაანგრევს ოჯახს და ამ უკანასკნელის რეპუტაციასაც ვიწრო საზოგადოებაში.

 

Whale

ფილმში ვხედავთ ყველასათვის საყვარელი ბრენდან ფრაიზერის დაბრუნებას, რომელიც ამჯერად, არათუ ჰოლივუდური გმირის როლში, არამედ ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ინგლისურის მასწავლების ამპლუაში გვევლინება, რომელიც ცდილობს დაუახლოვდეს თავის გაუცხოებულ ქალიშვილს. ფილმი უკიდეგანოდ ადამიანურ ამბავს გვიყვება, ადამიანურ სისუსტეებსა და სევდაზე. ფილმი ასევე ეხება კვებით აშლილობასა და მენტალურ ჯანმრთელობას, ორივე პრობლემა კი მსახიობთა შეუდარებელი პერფორმანსის ხარჯზე მკაფიოდ გადმოიცემა.

 

Banshees of Inisherin

ალბათ გინახავთ ბევრი ფილმი, რომელიც ორი პერსონაჟის დამეგობრებაზე გვიყვება ამბავს, თუმცა ამ ფილმში ყველაფერი პირიქით ხდება. ანტი-მეგობრული ამბავი ორი მამაკაცზე, რომელიც ირლანდიის შორეულ სოფელში ცხოვრობენ. ერთ დღესაც მეგობრებიდან ერთ-ერთი უბრალოდ უარს აცხადებს მეგობრობის გაგრძელებაზე. ფილმი ადამიანურ შეუპოვრობაზეა, თუ როგორ ცდილობს მთავარი გმირი აღადგინოს ურთიერთობა ნებისმიერი გზით, თუმცა მისი დიდი ხნის მეგზური მტკიცედ დგას თავის გადაწყვეტილებაზე.

 

Everything Everywhere All at Once

ულევ მულტივერსშიც კი, იმის შანსი, რომ ფილმი მსგავსად კრეატიული, გულისშემკუმშველად ემოციური და ამაღელვებელი იყოს, როგორც ეს “Everything Everywhere All At Once”-ში ხდება, საკმაოდ მცირეა. სხვა რომ არაფერი სიკეთისა და უბრალოების ცნების აღება და მათთვის სახოტბო ფილმის მიძღვნა, თან ისე, რომ ეს კლიშედ არ გამოვიდეს გმირობის ტოლფასია. ფილმი მოგვითხრობს ეველინსა და მის პრობლემურ ოჯახზე, რომელსაც ლოკალური სამრეცხაო აქვს და დიდი ხანია ხელი ჩაუქნევიათ თავიანთ ოცნებებსა და ვნებებზე. თუმცა, მულტივერსის სამყაროში გადაწყდება, რომ სწორედ ეველინსა და მის ოჯახს შეუძლიათ ბნელი ძალებისაგან იხსნან სამყარო. უამრავ სასაცილო დეტალთან ერთად, თქვენ მომსწრე იქნებით წმინდა კინომატოგრაფიული ექსტაზისა და შეუძლებელია გულგრილი დარჩეთ.