2022 წელი, თითქმის, მიიწურა. გთავაზობთ სიას იმ გამოფენებისა, რომლებმაც ქართული ხელოვნების სივრცეში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავეს.
სიმონ მაჩაბელის გამოფენა “პოეტის სიყვარული” Factory Tbilisi – ის ინდუსტრიულ სივრცეში, თბილისის კულტურული კვირეულის ფარგლებში გაიმართა. არტისტმა გამოფენა მიუძღვნა ბესარიონ გაბაშვილს, დავით გურამიშვილსა და ნიკოლოზ ბარათაშვილს.


ლევან სონღულაშვილის გამოფენა “AD INFINITUM” აერთიანებდა მხატვრის ახალ, ექვს მონუმენტურ ტილოს. გამოფენა გაიმართა თბილისის კულტურული კვირეულის ფარგლებში. ნამუშევრები 2020 წლიდან ბათუმში შექმნილ სურათებს აერთიანებს, რომლებიც თანამედროვე სამყაროში არსებულ კულტურულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ მოვლენებს ასახავენ.


ანდრო დადიანის უსათაურო გამოფენა გალერეა ფუნგუსში არტისტის პირველ სოლო გამოფენას წარმოადგენს. გამოფენა სიყვარულთან გამოსამშვიდობებელი აქტია, სადაც განსაკუთრებული მეტაფორული მნიშვნელობის მქონე მასალებით ანდრო დადიანი გარკვეული ტიპის საკრალურ რიტუალურ პროექტს გვთავაზობს. “დამშვიდობება წმინდა საქმეა, – თქვა მან. Saying goodbye is a sacred business, – he said. “
კოკა რამიშვილის გამოფენა “ვაკუუმი” მხატვრის შემოქმედებაში სიცარიელის მედიალური ვიზუალიზაციაა, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა და 10 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე გაგრძელდა. ინსტალაცია 4 ოთახსა და სხვადასხვა დროში შესრულებულ ნამუშევრებს აერთიანებდა, რომელთა შორისაც იყო პოსტსაბჭოთა დროსა და სივრცეში შესრულებული რამდენიმე პროექტი.



რიტა ხაჩატურიანის გამოფენა “სერენგეტი – უსასრულო ველი”, რომელსაც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ 2022 წლის 18 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე უმასპინძლა. პროექტმა ავტორის შემოქმედებაში სრულიად ახალი ეტაპი შექმნა. ვანდა და ალექსანდრე მუჯირის კურატორობით ჩატარებულმა გამოფენამ მხატვრის სამ წლიანი შრომის შედეგი, 37 ფერწერული ნამუშევარი გააერთიანა.

