როგორც წესი, საზოგადოება ცდილობს საკუთარი და მომავალი თაობების მეხსიერებაში შემოინახოს ხსოვნა მათთვის მნიშვნელოვანი ადამიანებისა თუ მოვლენების შესახებ. გარდა სამეცნიერო თუ დოკუმენტური ნაშრომებისა, ეს ხსოვნა ინახება ხელოვნებაშიც: ვდგამთ ძეგლებს, ვქმნით მუზეუმებს, სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილს ვარქმევთ კონკრეტული ადამიანისა თუ მოვლენის აღმნიშვნელ სახელს და ა.შ. ეს “მეხსიერების ადგილები” სიმბოლოებითაა დატვირთული და ძალიან ბევრს ამბობს იმ ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ, რაც კონკრეტული ეპოქის საზოგადოებაში არსებობდა.
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი გააჩაღა. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. იცვლება, მათ შორის, უკრაინელთა მეხსიერებაც წარსულის შესახებ. დღეს ისინი იბრძვიან არა მხოლოდ ფრონტის ხაზზე, არამედ იბრძვიან რუსული კულტურული მემკვიდრეობისგან გასათავისუფლებლადაც: ომის პარალელურად, ვხედავთ, როგორ ცვლიან იმ ქუჩების, სკვერების, პარკების სახელებს, რომლებიც რუსეთსა და საბჭოთა კავშირს უკავშირდება, იღებენ რუსი მოღვაწეების ძეგლებს.
“ქვეყნის განვითარებაში დგება მომენტები, როცა ახალი მომავალი მოითხოვს ახალ წარსულს.” – წერს ამერიკელი ისტორიკოსი ერიკ ფონერი. უკრაინაში ახლა სწორედ ასეთი მომენტია. 24 თებერვლის შემდეგ უკრაინელთა ყოველდღიურობა ძირფესვიანად შეიცვალა. სამუდამოდ დაიმსხვრა მითი რუსი და უკრაინელი ხალხის, როგორც მოძმე ერის შესახებ და აშკარა გახდა, რამდენად განსხვავებულ ღირებულებებსა და ფასეულობებზე დგას ამ ორი ერის იდენტობა.
ასეთ დროს ადამიანები ხშირად უბრუნდებიან წარსულს, იწყებენ კითხვების დასმას, ამა თუ იმ ფაქტის, მოვლენისა და პიროვნების განსხვავებული ინტერპრეტაციით წარმოჩენასა და რეპრეზენტაციას.
6 იანვარს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ვხედავთ, როგორ იღებენ რუსი მეცნიერისა და მწერლის, მიხაილ ლომონოსოვის ძეგლს უკრაინის ქალაქ დნიპროში. დნიპროს მერის მოადგილემ, მიხაილო ლისენკომ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ლომონოსოვი იყო პირველი, ვინც უკრაინულ ენას რუსულ-პოლონური უწოდა და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
აპრილში, კიევში აიღეს მონუმენტი, რომელიც 1981 წელს აღიმართა და ეძღვნებოდა რუსი და უკრაინელი ხალხის მეგობრობას. ამასთან დაკავშირებით, კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო ამბობს:
“შენ არ კლავს შენს ძმას, არ აუპატიურებ შენს დას, არ ანგრევ შენი მეგობრის ქვეყანას. ამიტომ, ჩვენ ავიღეთ ძეგლი, რომელიც ოდესღაც შეიქმნა, როგორც რუსებისა და უკრაინელების მეგობრობის სიმბოლო.”

29 დეკემბრის ღამეს ოდესაში აიღეს რუსეთის იმპერატორ ეკატერინე II-ის ძეგლი. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საბჭომ ერთხმად მიიღო.
ქალაქ ალექსანდრიის მერის მიერ გავრცელებულ ვიდეოში კი ჩანს, როგორ იღებენ რუსი მწერლის, მაქსიმ გორკის ბიუსტს.
მიმდინარე ომმა წარსულის გადააზრებაც გამოიწვია – ის ადამიანები, რომელთა ძეგლებიც ოდესღაც უკრაინის ქუჩებს “ამშვენებდა”, დღეს უკვე ანტიგმირებად იქცნენ.
“წარსულთან ანგარიშსწორების” მიზნით მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განადგურებას ზოგჯერ ვანდალიზმად აფასებენ. ამბობენ, რომ ეს ძეგლები ხალხის ისტორიისა და კულტურის ნაწილია და მათთან ბრძოლა არ შეცვლის იმას, რაც იყო. თუმცა, როგორც უკრაინელი ფილოსოფოსი და ჟურნალისტი, ვოლოდიმირ იერმოლენკო “რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუში ამბობს: “ეს არაა ბრძოლა ძეგლებთან, ესაა ბრძოლა იმ იდეასთან, რასაც ისინი წარმოადგენენ.”
ძეგლები, მონუმენტები, ტოპონიმები, როგორც კულტურის ნაწილი, ინახავს მეხსიერებას წარსულის შესახებ. ისინი ხელს უწყობენ საზოგადოების დამოკიდებულების ჩამოყალიბებას იმ მნიშვნელობებისა და იდეების შესახებ, რასაც ისინი გამოხატავენ.
“ყველგან, სადაც რუსულმა იმპერიალიზმმა შეაღწია, ვხედავთ იმპერიის სიმბოლიკას. ესაა იმპერიული მიდგომა: ადგილობრივი ისტორია ამოძირკვოს და იმპერიულით ჩაანაცვლოს” – აღნიშნავს იერმოლენკო.
რუსეთის იმპერია და საბჭოთა კავშირი დღეს აღარ არსებობს, მაგრამ მათგან მიღებული მემკვიდრეობა დღემდე იჩენს თავს კულტურაში, ცნობიერებაში, განწყობა-დამოკიდებულებებში. უნდა განადგურდეს თუ არა მატერიალური კულტურის ძეგლები, ამაზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. თუმცა, ფაქტია, რომ რუსული გავლენისაგან გასათავისუფლებლად, მინიმუმ, ამ ძეგლების მნიშვნელობის გადააზრებაა აუცილებელი.